რა ხდება გრენლანდიაში, სადაც უკვე ყოველ დღე 9.37 მილიარდი ტონა ყინული დნება
"მასიური დნობის მოვლენა" გრენლანდიის უზარმაზარი ყინულის საფარისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. გასულ კვირაში, ერთ დღეს საკმარისი ყინული დადნა მთელი ფლორიდის შტატის 5სმ-ით დასაფარად, იუწყებიან დანიელი მკვლევრები.
რა ხდება გრენლანდიაში?
27 ივლისიდან მოყოლებული, ყოველდღიურად გრენლანდიის ყინულის საფარის ზედაპირიდან 9.37 მილიარდი ტონა ყინული დნება, რაც საშუალო დნობის სიჩქარეზე ორჯერ მეტია, იტყობინება Polar Portal, დანიური საინფორმაციო საიტი კლიმატის და ყინულების მონიტორინგზე.
28 ივლისს, 1950 წლის შემდეგ გრენლანდიის სიდიდით მესამე უდიდესი ერთი დღის ყინულის დანაკარგი დაფიქსირდა. პირველ და მეორე ადგილს 2019 და 2012 წელს განვითარებული ერთი დღის დნობის მოვლენები იკავებენ. გრენლანდიის ყინულების აჩქარებული წლიური დნობა 1990 წელს დაიწყო. ბოლო რამდენიმე წელია, ყინულის ყოველწლიური დანაკარგი 2000 წლამდე მონაცემებთან შედარებით დაახლოებით გაოთხმაგებულია.
მართალია, ამ ზაფხულს დაკარგული ყინულის რაოდენობა 2019 წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა წლევანდელი მოვლენები შეიძლება რაღაც მხრივ უარესიც კი აღმოჩნდეს.
"იმისდა მიუხედავად, რომ გიგატონების მიხედვით წლევანდელი მოვლენა 2019 წლის ყინულის დანაკარგის რაოდენობის ვერ სჯობნის, ზედაპირის ფართობი სადაც დნობის პროცესი მიმდინარეობს, ორი წლის წინანდელთან შედარებით უფრო დიდიც კია", — დატვითა Polar Portal-მა.
თუ გრენლანდიის ყინულები დადნება, გლობალური ზღვის დონე 6 მეტრით მოიმატებს, ვარაუდობენ აშშ-ს ეროვნული თოვლისა და ყინულის ინფორმაციის ცენტრში (NSIDC).
მასიური დნობის გამომწვევი მიზეზები
დანიური მეტეოროლოგიური ინსტიტუტი იტყობინება, რომ ამ მოვლენის მთავარი მიზეზი ბოლო დროს დაფიქსირებული ანომალიურად მაღალი ტემპერატურებია. გრენლანდიაში ტემპერატურა 20o გრადუსს აღწევს, რაც საშუალოსთან შედარებით ორჯერ მეტია.
ხავიერ ფეტვაისი, ბელგიის ლიჟეს უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი ვარაუდობს, რომ 28 ივლისიდან 24 მილიარდი ტონა ყინული დადნა და აქედან 13 მილიარდი ტონა ოკეანეში ჩაიღვარა. მისი თქმით, დანარჩენი 11 მილიარდი ტონა დამდნარი ყინული "ბოლოდროინდელი მძიმე თოვის წყალობით, ყინულის საფარმა უკან შეიწოვა."
ფეტვეისი დნობის აჩქარების კიდევ ერთ მიზეზად ატმოსფერულ მოვლენას, ანტიციკლონს ასახელებს. ანტიციკლონი მაღალი წნევის რეგიონია, რომელიც შიგნით მოქცეულ ჰაერს ხმელეთამდე მოღწევის და დიდი ხნით გაჩერებას საშუალებას აძლევს. ზაფხულის გამო, ახლა გრენლანდიას თავზე ცხელი ციკლონი ადგას, რომელიც ყინულებს ალღობს.
გრენლანდიის მნიშვნელობა და ყინულების დნობის შედეგები
გრენლანდიის დნობის სეზონი ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. დანიის მთავრობის ინფორმაციით, წელს უკვე 110 მილიარდი ტონა გამდნარი ყინული ჩაიღვარა ოკეანეში.
გრენლანდიის ყინულის საფარი დედამიწაზე ანტარქტიდის გარდა ერთადერთი პერმანენტული ყინულის სხეულია და 1.7 მილიონ კვადრატულ კილომეტრის ფართობს ფარავს (NSIDC).
გრენლანდია და ანტარქტიკა დედამიწის სასმელი წყლის მარაგის 99% შეადგენენ, მაგრამ კლიმატური ცვლილების გამო, ყინულის სახით შემონახული მარაგი დნება და ოკეანეში ჩაედინება.
გრენლანდიის დნობის ტენდენცია მსოფლიოს სხვა ყინულოვან რეგიონებშიც შეინიშნება. 2000 და 2019 წლებს შორის დროის ინტერვალში დედამიწის მყინვარებმა ყოველწლიურად დაახლოებით 293.7 მილიარდი ტონის მასა დაკარგეს, რამაც ამ დროის განმავლობაში ზღვის დონის 21%-ანი ზრდა გამოიწვია. სხვა კვლევის მიხედვით, დედამიწას ყოველ წელს საკმარის ყინულს კარგავს მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი, ზემო ტბის ზედაპირის დასაფარად.
ასევე იხილეთ: მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები