5 უფასო აპლიკაცია, რომელიც ფემინისტურ გზავნილს ატარებს
თანამედროვე ტექნოლოგიებს არა მხოლოდ ადამიანების გაერთიანება შეუძლია, არამედ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაც. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები მუდმივად ეძებენ თანამედროვე სამყაროს პრობლემებთან გასამკლავებელ ინოვაციურ გზებს. ქვემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციების ავტორებმა გადაწყვიტეს, გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეეტანათ და შექმნეს პროდუქტები, რომლებიც ქალების უსაფრთხოებას იცავენ ან — სტერეოტიპებს ებრძვიან.
1. FairShare
ხომ იცით, ხანდახან როგორ ხდება, როდესაც სახლში რამდენიმე ადამიანი ერთად ცხოვრობს? — სახლის საქმეები ყველამ უნდა შეასრულოს, მაგრამ მაინც, როგორღაც, ქალი რეცხავს ჭურჭელს, ყრის ნაგავს და ალაგებს სახლს.
ხშირად გოგონების და ქალების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ სახლის საქმეებს სწორედ ისინი უნდა გაუძღვნენ — ეს პატრიარქალური სამყაროს დაუწერელი კანონია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალებს სჯერათ, რომ ვალდებულებები სახლში თანაბრად უნდა განაწილდეს, ხშირად მაინც თვითონვე უწევთ ყველაფრის კეთება.
ამის გამოსწორების საშუალებას აპლიკაცია FairShare გაძლევთ, რომელშიც შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ან თანამაცხოვრებლებთან გადაინაწილოთ ვალდებულებები, გამოიყენოთ "ჭკვიანი" საყიდლების სია და წინასწარ განსაზღვროთ დავალებების შესრულების დრო და მათი ხანგრძლივობა.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.
2. Safe You
ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ სამი სანდო პირი, ასევე სამი მხარდამჭერი ორგანიზაცია და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიაწვდინოთ ხმა. მისი საშუალებით შეგიძლიათ გამოიძახოთ არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები ან პოლიცია იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად აღმოჩნდებით ძალადობრივ სიტუაციაში.
SOS ღილაკზე დაჭერით აპლიკაცია სანდო პირს უგზავნის შეტყობინებას და თქვენს ადგილსამყოფელს. ამავე ღილაკის საშუალებით კი შესაძლებელია აუდიოჩანაწერის გაკეთებაც, რომელსაც მომავალში სურვილისამებრ გამოიყენებთ მტკიცებულების სახით.
ყველა სიკეთესთან ერთად, Safe You-ს აქვს ფორუმი, სადაც მომხმარებლებს ანონიმურად შეუძლიათ შეკითხვის დასმა და პასუხების მიღება იურისტებისგან, ფსიქოლოგებისგან, სოცმუშაკებისა და რეპროდუქტოლოგებისგან. მისი ქსელის საშუალებით შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ უფლებადამცველების მოძებნა და მათთან დაკავშირება.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.
3. HollaBack!
HollaBack! მიზნად ისახავს, ქუჩებში ქალების შევიწროების შემთხვევები შეამციროს. ამისთვის იგი ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალებას აძლევს, გააზიარონ საკუთარი ისტორიები ქუჩაში მომხდარი შევიწროების ფაქტის შესახებ და მონიშნონ ეს ისტორია რუკაზე იმ ადგილას, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.
აპლიკაციის გამოყენებით ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ინფორმაციას იღებენ ისეთი ადგილების შესახებ, სადაც ქუჩაში შევიწროების ფაქტები განსაკუთრებით ხშირია.
სურვილის შემთხვევაში, Hollaback! მომხმარებლებს ანონიმურობის შენარჩუნების უფლებას აძლევს. აქვე არსებობს შევიწროების ტიპების ჩამონათვალი, რომელთა შორისაა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ადევნება, შეხება და ა.შ. მსგავსი ისტორიის გაზიარება შეუძლია როგორც მსხვერპლს, ასევე თვითმხილველსაც.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის.
4. Gender Timer
ყველას გვსმენია იმ სტერეოტიპის შესახებ, რომ ქალები, კაცებთან შედარებით, ბევრად მეტს საუბრობენ. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ორივე მათგანი თანაბარი რაოდენობით საუბრობს. მეტიც, ზოგიერთი მოხსენება იმასაც ირწმუნება, რომ სინამდვილეში კაცები, ქალებთან შედარებით, ბევრად მეტს ლაპარაკობენ. მაგალითად, როცა საქმე ფილმებსა და სერიალებს ეხება, ადვილი შესამჩნევია, რომ ქალი მსახიობები უფრო ცოტას საუბრობენ, ვიდრე კაცები.
აპლიკაცია Gender Timer სწორედ ამ სტერეოტიპის დარღვევას ისახავს მიზნად. ის საშუალებას გვაძლევს, დავთვალოთ საუბრის რამდენი პროცენტი გადანაწილდა კაცებზე და რამდენი — ქალებზე. მისი გამოყენება შეიძლება შეხვედრებისას ან თუნდაც — სერიალის ყურებისას.
აპლიკაცია მხოლოდ iOS მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი.
5. asiani.on.ge— მაჩვენე შენი ხელის გული და გეტყვი შენი შვილის სქესს
გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 1990 წლიდან 2010 წლამდე, საქართველოში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შედეგად 25 000-მდე გოგო არ დაბადებულა.
მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში არსებული პროგრესისა, ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა კვლავაც მყარადაა ფესვებგადგმული ჩვენს საზოგადოებაში.
UNFPA-სა და ფორსეტის ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნილი აპლიკაციაც სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს უპირისპირდება და წუთზე ნაკლებ დროში გვიჩვენებს, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
თანასწორობისთვის მიძღვნილ ჰაკათონზე შექმნილ აპლიკაციას სპეციალურად შევყავართ "შეცდომაში", რათა ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები სქესის შესახებ ეჭვქვეშ დაგვაყენებინოს. მართლაც და, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სქესს? სიყვარულს ხომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად იმსახურებს.
სოციალური პრობლემების გადაჭრას მრავალი მიმართულებით თავდაუზოგავი მუშაობა სჭირდება, თუმცა მსგავსი პროდუქტები, რომლებიც ინოვაციური ფორმით ამბობენ სათქმელს, ამ ბრძოლაში წინ გვწევენ. როცა ინფორმაცია მოსაწყენი ლექციის ნაცვლად, კონკრეტული გამოცდილების შექმნით მოგეწოდება, უფრო დიდი შანსია, რომ დაგამახსოვრდეს.
მასალა მომზადდა პროგრამის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში", რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
კომენტარები