სიმწვანეში გატარებული დრო ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს — კვლევა
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში მცხოვრებ იმ ბავშვებსა და თინეიჯერებს, რომლებიც ხეებსა და ტყის მახლობლად ცხოვრობენ, აქვთ უკეთესი კოგნიტური განვითარება და ფსიქიკური ჯანმრთელობა. მკვლევრების თანახმად, ამ მხრივ დიდი როლი სწორედ სიმწვანის ფაქტორს აქვს.
კვლევა ჟურნალ Nature Sustainabili-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები არიან. მათ გამოიკვლიეს თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი ურბანული გარემო კოგნიტურ განვითარებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და საერთო ჯამში კეთილდღეობაზე. კვლევაში 9-დან 15 წლამდე 3500 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
მკვლევრების გუნდმა გამოიყენა სატელიტების მონაცემები, რათა გამოეთვალატ თითოეული მონაწილის სიახლოვე მწვანე სივრცეებთან (ტყე).
მათ დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ბუნებასთან ახლოს ცხოვრობენ კოგნიტური განვითარების უფრო მაღალი პროცენტი აქვთ და ორი წლის შემდეგ ემოციური და ქცევითი პრობლემების რისკი 16 პროცენტით ნაკლები, ვიდრე ბუნებრივი გარემოს დაბალი ზემოქმედების მქონე პატარებს.
მნიშვნელოვანია, რომ დასკვნები ჭეშმარიტი დარჩა მას შემდეგ, რაც გაითვალისწინეს სხვა მრავალი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ შედეგზე, მათ შორის წარმომავლობა, ბავშვების მშობლების საქმიანობა და სკოლის ტიპები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზები, შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებაც იყოს. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი მტკიცებულება მიანიშნებს იმაზე, რომ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებამ შეიძლება ადამიანის ტვინის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
"კვლევები აშკარად მიუთითებს, რომ ბუნებაში გატარებული დრო როგორც გონების განვითარებაზე, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ეს კარგად ისახება ზრდასრულებშიც, თუმცა, ამის ზუსტი ახსნა ჯერ არ შეგვიძლია. მთლიანობაში, მსგავსი დასკვნები მიუთითებს, რომ ბუნებრივი გარემოს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს მოზარდების კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას", — თქვა მიკაელ მაესმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები