იუპიტერის თანამგზავრზე არსებული წყლის შესასწავლად NASA SpaceX-ს 178 მილიონ დოლარს გადაუხდის
ალბათ, უკვე იცით, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ყინულითაა დაფარული, ახლა კი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ საფარის ქვეშ თბილი წყალი უნდა იყოს, რომელიც, შესაძლოა, უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმების სამყოფელსაც წარმოადგენდეს. აქამდე ასტრონომები ევროპას დაკვირვებას მხოლოდ შორიდან ახერხებდნენ. ახლა კი, დედამიწიდან ევროპას შესწავლის პირველი მისიის გასაშვებად NASA-მ ილონ მასკის SpaceX აირჩია, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებშიც ხომალდი თანამგზავრის მიმართულებით სამ წელში გაემგზავრება.
თავდაპირველად, Europa Clipper მისიის გაშვება NASA-ს Space Launch System (SLS) რაკეტით იგეგმებოდა. თუმცა, Ars Technica-ს განცხადებით, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მისი განვითარება არაერთხელ შეყოვნდა, რომ ათწლეულის ბოლოს სწორედ ამ რაკეტის გაშვებას იგეგმება მთვარის სადესანტო მისიაზე და ისიც, რომ 1 მილიონი დოლარის დახარჯვაა საჭირო რაკეტის ვიბრაციების დაფიქსირებისთვის. გარდა ამისა, SLS-ის გაშვების საფასური 2 მილიარდი დოლარია, SpaceX კი ამას შედარებით იაფად — 178 მილიონ დოლარად გააკეთებს.
Europa Clipper-ის გაშვება 2024 წლის ოქტომბრისთვის, ფლორიდას კენედის კოსმოსური ცენტრის 39A გასაშვები კომპლექსიდან იგეგმება. Falcon Heavy Rocket იუპიტერის გარშემო გრძელ მარყუჟისებრ ორბიტაზე იმოძრავებს. 9 სამეცნიერო ინსტრუმენტით აღჭურვილი რადიაციის ამტანი ხომალდი თანამგზავრ ევროპას 25-დან 2700 კმ სიმაღლეებზე 45-ჯერ ჩაუფრენს და მაღალი გარჩევადობის სურათებს გადაუღებს. ასევე გაზომავს სხვადასხვა პარამეტრს, რომელთა საფუძველზეც მეცნიერები იმის განსაზღვრას შეეცდებიან, ნამდვილად არის თუ არა წყალი ყინულის საფარქვეშ.
მისიისთვის NASA ხომალდს რადარით მოამარაგებს, რომელიც ყინულის გარსში შეაღწევს, მის სისქეს შეისწავლის და მიწისქვეშა ტბებს მოძებნის. მაგნეტომეტრი წყლის მარილიანობას და მთვარის მაგნიტური ველის სიძლიერეს გაზომავს, კამერა და სპექტროფოტომეტრი კი ზედაპირს მაღალი გარჩევადობის სურათებს გადაუღებენ, რომელთა საშუალებითაც მისი შემადგენლობის შესწავლა გახდება შესაძლებელი. ინსტრუმენტები ასევე გამოიკვლევენ ევროპას ატმოსფეროს, მოძებნიან მასში წყლის ორთქლის კვალს, თერმული ინსტრუმენტი კი თბილი წყლის ამოფრქვევების ნიშნების პოვნას შეეცდება.
ყინულის საფარქვეშ წყლის ამოფრქვევები 1997 წლის ფრენითი შემოვლის მისიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერებმა ისინი მხოლოდ 2018 წელს შეამჩნიეს მას შემდეგ, რაც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა 2016 წელს წყლის ამოფრქვევების ფოტოები გამოგზავნა.
SpaceX მალე იხვეჭს საიმედო გამშვების სახელს NASA-ს მისიებისთვის. ამ წლის აპრილში კომპანიამ კოსმოსში NASA-ს ოთხი ასტრონავტი გაუშვა. იგი აირჩიეს 2023 წლის მთვარის სადესანტო მისიის პარტნიორადაც. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მომავალში მათი თანამშრომლობა.
კომენტარები