თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მისულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ცერემონიაზე დასწრება უხერხულობას არ უქმნის. მან, ასევე, თქვა, რომ მერობის კანდიდატის წარდგენაზე იმიტომ მივიდა, რომ კახა კალაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

"მე შემიძლია იქ მივიდე, სადაც მინდა. თქვენ ახლა რომ გამაჩერეთ, უხერხულობას არ გიქმნით?", — თქვა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე არ უქმნის თუ არა უხერხულობას იმ პარტიის ღონისძიებაზე მისვლა, რომელთა ლიდერებმაც ძალადობა წაახალისეს, პასუხობს.

"უხერხულობას არ მიქმნის. სადაც მინდა იქ მივალ. უფლებას მაძლევთ, სადაც მინდა იქ მივიდე? მოძალადეები უნდა დაისაჯნონ", — განაცხადა იმნაძემ.

თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე ქართულმა ოცნებამ დედაქალაქის მერობის კანდიდატად დღეს, 20 ივლისს ოფიციალურად წარადგინა.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მიწვეულ სტუმრებს მთაწმინდის პარკში შეკრება ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მოუწიათ, რომლებსაც გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები ჰქონდათ გაშლილი.