სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ მემუარებს დაწერს. იგი გამომცემლობის შეთავაზებას დათანხმდა და განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს დაწერს არა, როგორც "ადამიანი, რომელიც პრინცად დაიბადა, არამედ, როგორც ადამიანები, რომელიც ის გახდა".

მემუარები, რომელსაც Penguin Random House-ის გამომცემლობა დაბეჭდავს, სავარაუდოდ, 2022 წლის მიწურულისთვის გამოიცემა, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა კი საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

"ამ ყველაფერს ვწერ, არა, როგორც ადამიანი, რომელიც პრინცად დაიბადა, არამედ, როგორც ადამიანი, რომლადაც ვიქეცი", — ამბობს ჰარი, — "წლების განმავლობაში არაერთი ქუდი დამიხურავს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ამბის მოყოლით — თავისი აღმასვლებითა და დაღმასვლებით, შეცდომებითა და ნასწავლი გაკვეთილებით — შევძლებ, ადამიანებს ვაჩვენო, რომ ჩვენი წარმომავლობის მიუხედავად, იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია.

"ძალიან მადლიერი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ მე ჩემი აქამდე განვლილი ცხოვრების განმავლობაში ნასწავლის გაზიარების საშუალება მომეცა, ხოლო მკითხველს — ჩემი ცხოვრების პირველწყარო ნაამბობის, რომელიც ნამდვილი და გულწრფელია".

გამომცემლობის განცხადებით, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის გულშიჩამწვდომი და პირადული მოგონებებით პრინცი ჰარი პირველად გაუზიარებს ხალხს საკუთარ გამოცდილებას, თავგადასავლებს და იმ ცხოვრებისეულ დანაკარგებსა და გაკვეთილებს, რომლებმაც მისი პიროვნება ჩამოაყალიბეს.

ასევე გამომცემლობის ანონსით, მემუარებში პრინცი ჰარის მთელი ცხოვრება იქნება ასახული — მისი ბავშვობიდან დღევანდელ დღემდე. მათ შორის, სამხედრო სამსახურში ყოფნა, მუშაობა ავღანეთში და ოჯახი.

"პრინცი ჰარი გულწრფელ და მომხიბვლელ ავტოპორტრეტს წარმოგიდგენთ, რომელიც მკითხველს აჩვენებს, რომ იმის მიღმა, რაც მათ იციან, შთამაგონებელი და სიმამაცით აღსავსე ადამიანური ისტორია იმალება".

წიგნი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გამოიცემა ბეჭდურ და ციფრულ ფორმატებში, მოგვიანებით კი, აუდიოწიგნის სახითაც გამოქვეყნდება.