Valve-მ პორტატული კონსოლი, Steam Deck გამოუშვა — მიწოდება დეკემბერში დაიწყება
Valve-მ ახალი, Nintendo Switch-ის მაგვარი პორტატულ კონსოლი დააანონსა. მისი გაყიდვები 16 ივლისიდან დაიწყო და საწყისი, ყველაზე სუსტი ვერსიის ფასი 399 დოლარს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომი იქნება 529 და 649 დოლარიანი ვერსიებიც. კონსოლების მიწოდება დეკემბერში დაიწყება.
კონსოლი AMD-ის ჩიპსეტზე მუშაობს. პროცესორი Zen 2 არქიტექტურაზეა აგებული. ის ოთხბირთვიანია და რვა ნაკადი აქვს. აქვეა AMD RDNA 2 არქიტექტურაზე აგებული ვიდეობარათიც. კონსოლის შემადგენლობაში ასევე შედი 16 გიგაბაიტიანი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსოლი სამ სხვადასხვა ფასში იქნება წარმოდგენილი. 399 დოლარი 64GB eMMC შიდა მეხსიერებიანი ვერსია ეღირება, 256GB NVMe SSD-იანი ვერსიის ყიდვას 529 დოლარად შევძლებთ, ხოლო თუ 512 გიგაბაიტიანი NVMe SSD-ის აარჩევთ, მაშინ ამ პორტატულ მოწყობილობაში 649 დოლარის გადახდა მოგიწევთ. მეხსიერების გაზრდა მაღალსიჩქარიანი microSD-ითაც იქნება შესაძლებელი.
Steam Deck-ს ძალიან ბევრი მაკონტროლებელი ღილაკი აქვს. აქ ვხედავთ ორ ჯოისტიკს, ასევე ორ პატარა, Steam Controller-ის სტილში შესრულებულ სენსორულ კვადრატებს, რომელიც შუთერებში აკურატულად დამიზნებაში დაგვეხმარება. კონსოლის წინა ნაწილში ასევე ვხვდებით ABXY ღილაკებსა და D pad-ს.
Steam Deck-ს 7 ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს 1280 x 800 (720p) გარჩევადობით. კონსოლს გიროსკოპიც აქვს, რაც კიდევ უფრო მეტ კონტროლს მოგვცემს.
კონსოლს იმდენი ღილაკი აქვს, რომ თითოეული ჩამოთვლა ძნელი იქნება, ამიტომ Valve ლეგენდასაც გვთავაზობს.
რაც შეეხება ელემენტს, Valve-ს თქმით, კონსოლის 40WH-იანი ელემენტი რამდენიმე საათი გვათამაშებს ნებისმიერ თამაშს.
"მსუბუქი მოხმარებისას, მაგალითად თამაშის გასთრიმვის, 2D თამაშის თამაშის ან ბრაუზერში ყოფნისას ის 7-8 საათი გაძლებს" — ამბობს Valve IGN-თან საუბრისას
კომპანიის თქმით, Portal 2-ის თამაშს გადაბმულად 4 საათის განმავლობაში შევძლებთ, ხოლო თუ FPS-ს 30-ზე შევზღუდავთ, მაშინ სათამაშო დრო 6 საათამდე გაიზრდება.
თუ თამაშის დაპაუზებას გადაწყვეტთ, Steam Deck-ს სწრაფი დაძინებისა და გაგრძელების რეჟიმებიც აქვს, რასაც SteamOS-ს უნდა ვუმადლოდეთ.
სისტემური კუთხით, Steam Deck განახლებულ SteamOS-ზე მუშაობს, რომელიც პორტატული მოწყობილობებისთვისაა ოპტიმიზირებული. რეალურად, სისტემა Linux-ზეა დაფუძნებული და Windows-ისთვის დაწერილ თამაშებს Proton-ის მეშვეობით გაუშვებს, რომელიც ერთგვარი ემულატორია ლინუქსისათვის.
ფაქტობრივად Steam Deck ჩვეულებრივი, ლინუქსზე მომუშავე კომპიუტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან ფართო შესაძლებლობები აქვს. კონსოლს მაუსი, კლავიატურა და მონიტორიც კი უერთდება. ასევე, შესაძლებელია სხვა გეიმინგ მარკეტების ჩაწერა და სხვა ნებისმიერი ჩვეულებრივი პროგრამების გამოყენებაც.
Valve-ს თქმით, კონსოლი სრულად ფუნქციურ Steam-ის აპლიკაციას მიიღებს, თავისი ჩათით, შეტყობინებებით, ღრუბლოვანი შენახვის მხარდაჭერით და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, თუ თქვენ Steam-ზე თამაშებს წლების განმავლობაში აგროვებდით, მათ ჩართვას Steam Deck-ზე უპრობლემოდ, პირდაპირ თქვენივე ბიბლიოთეკიდან შეძლებთ.
მიწოდება დეკემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროკავშირის ტერიტორიასა და დიდ ბრიტანეთში დაიწყება. დედამიწის სხვა რეგიონებში Steam Deck 2022 წლიდან გამოჩნდება.
კომენტარები