სახელმწოფომ მართლმადიდებელი ეკლესიის პირდაპირი დაფინანსების ვალდებულება 2002 წლიდან აიღო. ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2002-2021 წლებში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს 353 მილიონ ლარზე მეტი გადაეცა.

საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების, ე.წ. კონკორდატის საფუძველზე ხდება. ამ შეთანხმებით სახელმწიფომ აღიარა საბჭოთა რეჟიმის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივმა მფლობელმა, იკისრა ვალდებულება, ეკლესიას ნაწილობრივ აუნაზღაუროს მატერიალური ზარალი.

2002-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების მოცულობა

წყარო: ფინანსთა სამინისტრო; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;

ბიუჯეტიდან საპატრიარქოს პირდაპირი დაფინანსების მკვეთრი ზრდა 2008 წლიდან დაიწყო, ხოლო 2009 წელს გაორმაგდა და 26,4 მილიონ ლარს მიაღწია. მას შემდეგ, ეს რელიგიური ორგანიზაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, საშუალოდ, 25 მილიონი ლარით ფინანსდება.

ორგანიზაცია TDI-ს შეფასებით, გარდა ამ პირდაპირი დაფინანსებისა, საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სარეზერვო ფონდიდან, ყოველწლიურად, დამატებით დაფინანსებასაც იღებს, რომლის საშუალო მოცულობა 5 მილიონამდე ლარია.

გარდა ამისა, 2020 წელს ცვლილებები შევიდა ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომლითაც შესაძლებელი გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საქართველოს ტყეების საკუთრებაში გადაცემა.

TDI-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტყეების პრივატიზაცია კანონმდებლობით ზოგადად დაუშვებელია, თუმცა მიღებული ცვლილებებით საპატრიარქო გახდა სწორედ ის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც სახელმწიფო ტყეების საკუთრებაში ქონის უფლება მიენიჭა.

TDI–ის მონაცემებით, 2016-2018 წლებში სახელმწიფომ საპატრიარქოს 801 308 მ² ფართობის უძრავი ქონება გადასცა. მათივე თქმით, ჯამში, TDI–ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²–მდე ფართობს მოიცავს, რაც ქალაქ ბათუმის ფართობს თითქმის უტოლდება.