ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ბოლო დღეებზე საუბრისას აცხადებს, რომ პასუხიმგებლობა სახელმწიფომაც უნდა აიღოს და ოპოზიციამაც. ის არაფერს ამბობს საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე, გარდა იმისა, რომ ძალადობისკენ მოწოდებას მიუღებელს უწოდებს, იქვე კი აკონკრეტებს, რომ "ცალკე აღებული მამაოების გამოთქმების ეკლესიაზე განზოგადება არ შეიძლება".

"სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებზე და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯებზე, ქმედებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, იმიტომ, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. არ არსებობს საზოგადოებრივი ოპოზიცია ასე განზოგადებული, ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია", — ამბობს გახარია.

მან რამდენჯერმე ახსენა, რომ ძალადობისკენ მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუტისგან მიუღებელია და მათ შორის, ეკლესიისგან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდებაც მიუღებელია და ეს "ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ განხორციელდება, სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე". უცნობია, სად ნახა გახრიამ ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება.

ამასთან, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სახელმწიფომ 5 ივლისს თავიის ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ლექსო ლაშქარავა და სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები.

"რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის და ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაცა იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს", — აცხადებს გახარია.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლსს გარდაიცვალა. იმავე დღეს მედიამ საპროტესტო აქცია გამართა და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ დღეს ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა.