მეცნიერები ამბობენ, რომ სამყაროს გაფართოების პრობლემა გადაჭრეს
რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა ორი განსხვავებული მეთოდი გამოიყენეს და ორი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული პასუხი იპოვეს, რომლებიც ჰაბლის დაჭიმულობას უკავშირდება. ასტროფიზიკოსები ორ ჯგუფად დაიყვნენ. ერთში ფიქრობდნენ, რომ პასუხებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია და მის ასახსნელად ფიზიკის ახალი კანონებია საჭირო. მეორეში ამ განსხვავებას მეთოდებს შორის სხვაობას უკავშირებდნენ. ახლანდელი კვლევა კი აჩვენებს, რომ განსხვავება სინამდვილეში, შესაძლოა, სულაც არ არსებობდეს.
ჰაბლის მუდმივა ის მაჩვენებელია, რომელიც კოსმოსში ობიექტამდე მანძილს ჩვენგან დაშორების სიჩქარეს უკავშირებს. იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად იზრდება ობიექტების დაშორების სიჩქარე ერთ მეგაპარსეკზე. ამ რიცხვის ცოდნა მეცნიერებს იმის გაგებაში ეხმარება, თუ როდის შეიქმნა სამყარო და როგორ ვითარდებოდა იგი. რიცხვის განსაზღვრისთვის მეცნიერებმა ორი სხვადასხვა მიდგომა გამოიყენეს.
ერთში ისინი დიდი აფეთქების შემდეგ დატოვებულ სინათლეს — კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს დააკვირდნენ, რომელიც გაზომეს როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზე ტელესკოპების გამოყენებით. დაკვირვებები ადრეული სამყაროს სტანდარტულ მოდელში შეიტანეს და ჰაბლის მუდმივას შესაფასებლად გამოიყენეს. მიღებული პასუხი იყო 67.4 კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე (კმ/წმ)/მგპს.
მეორე მეთოდის ფარგლებში მეცნიერები ახლომდებარე ვარსკვლავებს დააკვირდნენ და გაზომეს, თუ რამდენად სწრაფად გვშორდებიან ისინი. 2001 წელს ვენდი ფრიდმანმა და მისმა გუნდმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ცეფეიდებზე (ვარსკვლავები, რომლებიც ნათების ცვლილების ზუსტი პერიოდებით ხასიათდებიან) დასაკვირვებლად ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. მათი გამოთვლებით ჰაბლის მუდმივა 72 (კმ/წმ)/მგპს უნდა ყოფილიყო.
მეცნიერები ამ წლების მანძილზე განაგრძობდნენ ცეფეიდებზე დაკვირვებას, თუმცა 2019 წელს გადაწყვიტეს, მათი მეთოდი წითელ გიგანტებზე (კაშკაშა ვარსკვლავები, რომელთა ნათება ჯერ პიკს აღწევს, შემდეგ კი სწრაფად იკლებს) შეემოწმებინათ. ამ ვარსკვლავების ნათების პიკის გაზომვა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მაღალი სიზუსტით გაზომონ მანძილი იმ გალაქტიკებამდე, რომლებშიც აღნიშნული ვარსკვლავები იმყოფებიან.
ამიტომ, ფრიდმანმა და მისმა გუნდმა სხვადასხვა ვარსკვლავებისა და გალაქტიკებისთვის მანძილის გაზომვის ოთხი განსხვავებული მეთოდი გამოიყენეს, 1%-იანი ცდომილებით. შემდეგ კი, ამ მონაცემების საფუძველზე დათვალეს ჰაბლის მუდმივა და 69.8 კმ/წმ/მგპს მიიღეს. ეს მაჩვენებელი ბევრად ახლოს დგას პირველი მეთოდით მიღებულ მნიშვნელობასთან.
ერთი და იმავე მეთოდით მიღებულ ორ მნიშვნელობას შორის სხვაობაზე საუბრისას ფრიდმანმა განმარტა, რომ "ცეფეიდები ახალგაზრდა ვარსკვლავები არიან, რომლებიც გალაქტიკებში ვარსკვლავების ფორმირების აქტიურ რეგიონებში არიან განლაგებულნი. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია იმისა, რომ ასტრონომების მიერ ჩატარებულ დაკვირვებებსა და გაზომვებს სხვა ვარსკვლავებიდან წამოსულ მტვერს შეეშალა ხელი".
ფრიდმანი დარწმუნებულია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების შემდეგ, რომელიც მაღალი გარჩევადობითა და მგრძნობიარობით გამოირჩევა, ახლო მომავალში ისინი უფრო ზუსტი მონაცემების მოპოვებას შეძლებენ.
კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება.
კომენტარები