პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ არც ერთმა ოპოზიციონერმა არ შეაქო და მადლობა არ გადაუხადა იმ დეპუტატებს, რომლებიც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობდნენ.

"ხომ მივიყვანეთ ბოლომდე საარჩევნო რეფორმა?! ეს არის ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა, რომელიც მივიყვანეთ ბოლომდე. უბრალოდ, ოპოზიციაში ღირსება არავის არ ეყო ჩემდა სამწუხაროდ, რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ყოჩაღ ბიჭებო. ღირსება არ ეყოთ, რომ ეთქვათ, რომ ყოჩაღ — არც მათ, ვინც მხარი დაუჭირა.

რა უნდა შე ადამიანო, შე კაი კაცო თუ კაი ქალო, გამოდი და თქვი, რომ ყოჩაღ და მადლობა. მე ნუ მეტყვიან მადლობას. მე უბრალოდ რისკი ავიღე იქ შესვლის — ვთქვით, ჩვენ ამას გავიტანთო. შალვა პაპუაშვილმა "ოცნებიდან" და ლევან იოსელიანმა ჩვენი პარტიიდან — ყველამ იცის, ვინც იმ კომისიაში მონაწილეობდა — ოფლიც ჩაანთხიეს და სისხლიც იმ საარჩევნო კოდექსს. იცით რამდენი განხილვა იყო? დილიდან ღამემდე მიდიოდა ხოლმე განხილვები. უბრალოდ გულდასაწყვეტია", — განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

28 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ლელომ.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი. მასზე მუშაობა პარლამენტში ჯერ კიდევ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე დაიწყო.

გაიგე მეტი: