"წინაპრების ვებგვერდზე" დნმ-ის ატვირთვის შემდეგ კაცი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს
ფლორიდელი კაცი ცოტა ხნის წინ გაუპატიურებისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თავისი გენეტიკური კოდი გენეალოგიის კვლევის ვებგვერდზე ატვირთა. როგორც Insider იუწყება, მისი დნმ იმ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს მას შემდეგ აიღეს, რაც კაცი კოლეჯის სტუდენტს დაესხა თავს.
"ამ საქმის გახსნას 14 წელი დასჭირდა, მაგრამ მისი დახურვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე მსხვერპლისთვისაც", — განუცხადა Fox 13-ს ფლორიდას ქალაქ ტამპას პოლიციის უფროსის თანაშემწემ, რუბენ დელგადომ.
მსხვეპრლის თქმით, დანაშაულის დღეს იგი ნასვამი ბრუნდებოდა ტამპას უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებელში, როდესაც კაცმა, რომელიც იმ დროისთვის 30 წლის იყო, მას სახლამდე გაცილება შესთავაზა, ადგილზე მისვლის შემდეგ კი სტუდენტს თავს დაესხა.
იმ დროს შეგროვებული დნმ-ის მონაცემებით პოლიცია ბევრს ვერაფერს გახდა, სანამ თავდამსხმელის გენეტიკური კოდი არ გამოჩნდა საიტზე — მისი მონაცემები 14 წლის წინ აღებულ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა. ამის შემდეგ, დადასტურების მიზნით, პოლიციამ კიდევ ერთხელ ჩაატარა დნმ-ის ტესტი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პლატფორმის მოხმარებისას ადამიანები თანხმობას აცხადებენ, რომ მათი მონაცემები, შესაძლოა, სამართალდამცავებმა გამოიყენონ. ამ შემთხვევაში დამნაშავემ თავისი დნმ-ის ნიმუშის ატვირთვისას ან თვითონვე მისცა თანხმობა ამ შეთანხმებას, ან უბრალოდ არ მიაქცია მას ყურადღება.
თუმცა, შესაძლოა, ადამიანმა დანაშაული მას შემდეგ ჩაიდინოს, რაც მისი ნათესავები ატვირთავენ აქ თავიანთი დნმ-ის ნიმუშებს. აქედან გამომდინარე, პლატფორმა ამ ინფორმაციას გენეტიკურ მეთვალყურეობას მომხმარებლების თანხმობის გარეშე უქვემდებარებს.
ერთი მხრივ, ერთგვარი შვებაა იმის ცოდნა, რომ სასტიკი დანაშაულის ჩამდენი სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით დააკავეს, თუმცა, მეთვალყურეობისა და გენეტიკურო კონფიდენციალურობის ეთიკური მხარე ჯერ გადაუჭრელი რჩება.
კომენტარები