მთვარისა და მარსის ასათვისებლად მისიები უკვე დაგეგმილია, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს — ერთ-ერთი ასეთი სირთულე ასტრონავტების გამოკვებაა. მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი პროდუქტებით დედამიწიდან მარაგდება, მაგრამ უფრო შორს მყოფი ადამიანებისთვის მსგავსი ტვირთის მიწოდება ხარჯიანი და არაპრაქტიკული იქნება.

სწორედ ამიტომ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) პროგრამა Terrae Novae Exploration-ის ფარგლებში ახალი პროექტი წამოიწყო. მას HOBI-WAN ეწოდება და მიზნად კოსმოსის პირობებში ფხვნილისებრი ცილის, სოლეინის, წარმოების გზების გამოცდას ისახავს. ეს ხანგრძლივ მისიებში მონაწილე ასტრონავტებისთვის საკვების მნიშვნელოვან წყაროს შექმნის.

"მთვარეზე ან, ერთ დღეს, მარსზე ხანგრძლივი მისიების განსახორციელებლად აუცილებელია ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტები, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები შეზღუდული რესურსების ფონზე გადარჩენას შეძლებენ", — აცხადებენ ESA-ში.

ფოტო: Solar Foods

სოლეინი სწორედ ასეთ პროდუქტად მიიჩნევა. ის საკმაოდ მოქნილი ცილაა, რომელიც მიკრობების, ჰაერისა და ელექტრობის დახმარებით, აირის ფერმენტაციის გზით იქმნება. იგი კვებითი ტექნოლოგიური კომპანია Solar Foods-ის მიერ იწარმოება. მათ ამ მეთოდის დემონსტრირება დედამიწაზე შეძლეს, მაგრამ კოსმოსში ოდნავ განსხვავებული მიდგომა იქნება საჭირო.

მაგალითისთვის, ცილის სინთეზისთვის აზოტის წყაროდ ამიაკი გამოიყენება, კოსმოსში კი მას შარდოვანა (შარდში არსებული ორგანული ნაერთი) ჩაანაცვლებს. მომდევნო 8 თვის განმავლობაში კომპანია მთავარ კონტრაქტორ OHB System AG-სთან ერთად ეცდება, კოსმოსში სოლეინის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგია შეიმუშაოს. თუკი ამას წარმატებით შეძლებენ, ტესტირება უკვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გაგრძელდება.

Solar Foods-ში ამბობენ, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმის გაგებაა, გაიზრდებიან თუ არა სათანადო მიკროორგანიზმები ორბიტაზე არსებულ გარემოში. ასევე, მათ სურთ, რომ იქაურ პირობებში აირის ფერმენტაციისთვის ფუნდამენტური მეთოდური საფუძვლები შექმნან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.