მეცნიერებმა "თანამედროვე" პერიოდის უდიდესი კრატერი აღმოაჩინეს
ფოტო: Ming Chen
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში აღმოაჩინეს კრატერი, რომელიც დედამიწის უახლეს ისტორიაში წარმოქმნილთაგან ყველაზე დიდია. ის კოსმოსურ ობიექტთან შეჯახების შედეგად გაჩნდა და 820-900 მეტრი დიამეტრისაა, ხოლო მისი სიღრმე 90 მეტრს შეადგენს. ამ ზომით ის რუსეთში მდებარე 300-მეტრიან მაჩას კრატერთა სტრუქტურას საგრძნობლად აღემატება.
ახლად მიკვლეული ჯინლინის კრატერის ფორმირება გეოლოგიური მასშტაბებით "თანამედროვე" პერიოდს უკავშირდება. ესაა ამჟამინდელი ეპოქა, რომელსაც ჰოლოცენი ეწოდება და უკანასკნელი გამყინვარების მიწურულიდან დაიწყო — დაახლოებით 11 700 წლის წინ.
კრატერის კიდეები ძირითადად გრანიტის გავლენით ეროზირებულ მიწასა და მცირე ოდენობით გრანიტისავე ფრაგმენტებს შეიცავს. ცხადად ჩანს, რომ ამ ადგილას მაღალი ენერგიით მოძრავი კოსმოსური სხეული დაეცა, რადგან იქ კვარცის მარცვლები და უნიკალური სიბრტყულ-დეფორმაციული მიკროსტრუქტურებია.
მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწაზე ასეთ ნაკვალევს მხოლოდ ძლიერი შეჯახებით გამოწვეული დარტყმითი ტალღები იწვევს. ამისთვის წნევა 10-35 გიგაპასკალს უნდა აღწევდეს, რა მაჩვენებელსაც სხვა მოვლენას ვერ დავუკავშირებთ.
ჩინეთის იმ რეგიონში, სადაც კრატერს მიაგნეს, ხშირი წვიმა და მაღალი ტენიანობაა, რამაც გეოლოგიური მახასიათებლების დღემდე შემონახვას შეუწყო ხელი. ამის მიუხედავად, მკვლევრებმა ჯერჯერობით არ იციან, რისგან შედგებოდა კოსმოსური ობიექტი.
ადრეულ პერიოდში დედამიწაზე მსგავსი სხეულები ხშირად ცვიოდა, მაგრამ ამ ზომის კრატერებს არ ტოვებდა. ავტორების თქმით, სწორედ ეს გამოარჩევს ჯინლინს, რომელმაც, მათივე თქმით, "ნამდვილი რეკორდი" დამყარა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Matter and Radiation at Extremes გამოქვეყნდა.

კომენტარები