ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე მარსის მისია ESCAPADE-ს წყვილი ზონდი აიტანა. მათი გამოთავისუფლების შემდეგ New Glenn-ის მრავალჯერადი გამოყენების ამაჩქარებელი უკან წარმატებით დაბრუნდა.

თავდაპირველად ფრენა ამინდისა და მზის აქტიურობის გამო მიყოლებით სამჯერ გადაიდო, თუმცა ადგილობრივი დროით 13 ნოემბრის 15:55-ზე რაკეტა კანავერალის კონცხიდან ცაში აიჭრა. ეს მისთვის მხოლოდ მეორე მისია იყო, თუმცა დებიუტისას მისი პირველი საფეხური, რომელიც ამაჩქარებლის ფუნქციას ასრულებს, სპეციალურ პლატფორმაზე ვერ დაეშვა.

ახლანდელი უსაფრთხო დაბრუნება კომპანიისთვის დიდი მიღწევაა, რადგან იგი კონკურენციას ილონ მასკის Starship-ს უწევს (იხილეთ: შესაძლოა, NASA-მ მთვარის მისიის ფარგლებში SpaceX-თან კონტრაქტი გააუქმოს).

ბეზოსის კომპანიას ბოლო წარმატება თავად მასკმაც მიულოცა. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: "ვულოცავ ჯეფ ბეზოსსა და Blue Origin-ის გუნდს!".

ეს მისია თავისთავადაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან New Glenn-ის მეშვეობით მარსისკენ NASA-ს ორი ზონდი გაუშვეს: "Blue" და "Gold". აპარატთა წყვილი ჯერ დედამიწის გარშემო არსებულ კოსმოსურ ამინდს დააკვირდება, დანიშნულების ადგილისკენ კი 2026 წლის შემოდგომაზე გაემგზავრება.

სწორედ ამ პერიოდში განლაგდება ერთმანეთის მიმართ იდეალურად ორი პლანეტა, რათა ზონდებმა გრავიტაციის დახმარებით გეზი მეზობელი ციური სხეულისკენ აიღოს, რომლამდეც 2027 წელს მიაღწევს.

New Glenn-ისა და Starship-ის მსგავსი რაკეტები კოსმოსური მისიების განხორციელებას საგრძნობლად გაამარტივებს, რადგან მათ გამოყენებას მრავალჯერადად შევძლებთ. ეს კოსმოსურ ორგანიზაციებს ხარჯებისა და დროის დაზოგვაში დაეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.