ნეანდერტალელები არ გადაშენდნენ, ისინი ჰომო საპიენსის ნაწილი გახდნენ — ახალი კვლევა
ფოტო: Getty Images
შესაძლოა, ნეანდერტალელები არ გადაშენებულან 40 000 წლის წინ, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა. სინამდვილეში, შეიძლება ისინი საერთოდაც არ გამქრალან. ახალმა კვლევამ, რომელმაც მათემატიკური მოდელების საშუალებით პრეისტორიულ ადამიანთა პოპულაციებს შორის გენის გადინება შეისწავლა, დაასკვნა, რომ ნეანდერტალელები ჰომო საპიენსების პოპულაციებმა "შეიწოვა".
როგორ? შერეული გამრავლებით!
ახალი კვლევის თანახმად, ნეანდერტალელები ათასობით წლის განმავლობაში ჩვენს უძველეს წინაპრებს (ჰომო საპიენსებს) შეერივნენ. თაობების განმავლობაში ნეანდერტალელთა დნმ თანდათან უფრო და უფრო აითქვიფა ჰომო საპიენსის გენეტიკურ ფონდში. დროსთან ერთად კი, მათი განსხვავებული გენეტიკური ხაზი თანდათან გაქრა.
არსებობს მრავალი სხვა თეორია, თუ რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები, რომელთაგან ბევრი უფრო დრამატულ დასასრულს აღწერს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ნეანდერტალელი ჰომო საპიენსმა პრეისტორიული გენოციდის გზით მოსპო, ხოლო სხვები თვლიან, რომ ჩვენმა სახეობამ ისინი რესურსებზე კონკურენციისას დაჯაბნა. ხშირად ახსენებენ ასევე დაავადებების გავრცელებასა და კლიმატის ცვლილებას, როგორც გადაშენების მიზეზებს.
ეს უახლესი კვლევა იმ აზრს ეფუძნება, რომ ნეანდერტალელების გადაშენება გაცილებით ბუნდოვანი და ნაკლებად კონკრეტული იყო, ვიდრე ზოგიერთი ფიქრობს. ისინი არ გაქრნენ ისე, როგორც ფრინველი დოდო, რომელიც მასზე ნადირობამ გადააშენა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალელები ჰომო საპიენსებთან შეწყვილდნენ.
"სწრაფი გადაშენების ნაცვლად, ჩვენი მოდელის თანახმად, ჰომო საპიენსის იმიგრაციის განმეორებითი ციკლების შედეგად ნეანდერტალელთა გენები თანდათან ჩვენს წინაპრებში განზავდა. ამით შეიძლება აიხსნას ნეანდერტალელთა გაქრობა და მათი გენეტიკური კვალი თანამედროვე ადამიანებში", — წერენ კვლევის ავტორები თავიანთ სტატიაში.
ცნობისთვის, ნეანდერტალელთა კვალი დღესაც ცოცხლობს. მათი გენები ჯერ კიდევ აქტიურია თანამედროვე ადამიანის გენომში, განსაკუთრებით ევროპული წარმოშობის ადამიანებში. მეტიც, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ნეანდერტალელთა დნმ-მა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დეპრესიის, გულთან დაკავშირებული დაავადებებისა და სხვა მრავალი ჯანმრთელობის პრობლემის რისკზე.
ასევე: როგორ მოქმედებს ნეანდერტალელების გენები ჩვენს ტვინზე
ნეანდერტალელების ისტორიის "დასასრული" გვაფიქრებს იმაზე, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სახეობის არსებობა და გაქრობა. თუ მათი დნმ ჩვენშია და ფუნქციონირებს კიდევაც, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ისინი ნამდვილად გადაშენდნენ?
აქ შეიძლება გაგვახსენდეს თეზევსის გემის შემთხვევა, რომლის თითოეული ფიცარი დროთა განმავლობაში შეიცვალა. საბოლოოდ გემი დანიშნულების ადგილას ისე მივიდა, რომ მისი ყოველი ნაწილი შეცვლილი იყო, მაგრამ ეს მოხდა დროთა განმავლობაში. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, იყო თუ არა ეს იგივე გემი, რომლითაც ადამიანები თავიდან დაიძრნენ. დაახლოებით ასეთივე შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს ნეანდერტალელების შემთხვევაშიც.
ახალი კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები