გიყვარს ნაყინი? — ყველას გვიყვარს, განსაკუთრებული სიამოვნებით კი ზაფხულში მივირთმევთ. წარმოიდგინე, რომ წლის ყველაზე ცხელ პერიოდში ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ გარიგება შემოგთავაზა: თუ 1 თვის განმავლობაში არცერთი სახეობის ნაყინს გაეკარებოდი, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ის უფასო ნაყინით მოგამარაგებდა. ცდუნება დიდია, საქმეში ნებისყოფა ერთვება და ცდილობ გათვალო, გიღირს თუ არა მოითმინო დღეს და მოიგო ხვალ.

ასეა იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ფულის დაზოგვას ეხება. ბიუჯეტირება მარტივი პროცესი არ არის, ამ დროს უამრავ რამეზე გიწევს უარის თქმა, თუმცა როდესაც იცი, რომ დღევანდელი კვერცხიდან ხვალ ქათამი გამოიჩეკება, ალბათ, კიდევ უფრო გულდასმით შეინახავ მას — ეს მაშინ, თუ მიზნისკენ სწრაფვა შენი ცხოვრების სტილია და არასდროს აკლებ ცდას, საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღო.

მოკლედ, ამ სტატიაში ხარჯვაზე, დაზოგვასა და ფულის დაბანდებაზე გიყვებით და ვცდილობთ დაგაფიქროთ, შესაძლებელია თუ არა ინვესტირება მაშინ, როდესაც ეს, ერთი შეხედვით, შეუსრულებელ მისიად გეჩვენება.

ბიუჯეტირების 50/30/20-ის პრინციპი

ფოტო: Kristina Paukshtite / Pexels

ბიუჯეტირების ეს პრინციპი გულისხმობს შემდეგს: საკუთარი შემოსავლის 50% დახარჯე საჭიროებებზე, 30% — სურვილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო 20% — დაზოგე.

გასაგებია, რომ სრულყოფილი ბიუჯეტირების ფორმულის აღმოჩენა რთულია, მაგრამ საკუთარი წმინდა შემოსავლის ამგვარი განაწილება შესაძლებელია შენთვის მომგებიანი იყოს.

მაგალითად, ვთქვათ, რომ შენი ხელზე ასაღები წლიური შემოსავალი 30 000 ლარია. ბიუჯეტირების ეს პრინციპი გულისხმობს, რომ შემოსავლის 50%, ანუ 15 000 ლარი საჭიროებებზე უნდა მიმართო — აქ იგულისხმება საცხოვრებელი ხარჯები, კომუნალურები, საკვებისა და ტანსაცმლის შეძენა, სესხების მომსახურება, დაზღვევის ხარჯი და მსგავსი აუცილებელი გადასახდელები. ეს სია იმის მიხედვით გაიზრდება, ან შემცირდება, თუ რას მიიჩნევ აუცილებლად და ბუნებრივია, თუ ბიუჯეტირების პრინციპს გავყვებით, აქაც ზომიერება გვმართებს.

დანაზოგებზე ორიენტირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარ სიამოვნებაზე უარი უნდა ვთქვათ — ეს ასე არ არის! ბიუჯეტირების პრინციპის 30%, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში 9 000 ლარი, სწორედ ამისთვის უნდა მიმართო: გართობა, საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრება, ისეთი ნივთების შეძენა, რომელთა ყიდვაც გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს და ა.შ

რაც შეეხება ბიუჯეტირების მესამე ნაწილს, რეკომენდებულია, შენი შემოსავლის 20% დაზოგო — ჩვენი მაგალითის მიხედვით, ეს თანხა წლიურად 6 000 ლარია. ბუნებრივია, დაზოგვის მოცულობა და ტემპი იმის მიხედვითაც განსხვავდება, თუ რისთვის ინახავ ფულს. მიზანი შესაძლოა იყოს ე.წ გადაუდებელი დახმარების ფონდის შექმნა, უძრავი ქონების ყიდვა, ან საინვესტიციო აქტივში ფულის დაბანდება.

მოკლედ, ბიუჯეტირების 50/30/20 ფორმულა უნივერსალური არ არის, მაგრამ ის ერთგვარ ორიენტირად შეგიძლია გამოიყენო. თუ დიდი შემოსავალი გაქვს, უმჯობესი იქნება მისი ნახევარი აუცილებელ საჭიროებებზე არ მიმართო და დაზოგვის ნაწილი გაზარდო. ასევე, თუ ნაკლები შემოსავალი გაქვს და შენი საცხოვრებელი ხარჯები დიდი, შესაძლებელია ბიუჯეტირება რამდენადმე განსხვავებულად დაგეგმო.

ბიუჯეტირების 50/15/5-ის პრინციპი

ეს პრინციპი შენი შემოსავლის 50%-ის აუცილებელ საჭიროებებსა და სესხების მომსახურებას, 15%-ის საპენსიო დანაზოგისთვის გადადებას, ხოლო 5%-ის გადაუდებელი დახმარების ფონდში გადარიცხვას გულისხმობს. დიახ, თუ ამ რიცხვებს დავაჯამებთ 70%-ს მივიღებთ. რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, ბიუჯეტირების ამ პრინციპის მიხედვით, ამ თანხის განკარგვა შენზეა დამოკიდებული — შეგიძლია ეს ფული ინვესტიციაში ჩადო, ან უბრალოდ დეპოზიტზე განათავსო.

ბიუჯეტის შექმნა — საბანი იქამდე დაიფარე, სადამდეც გაგწვდება

ფოტო: Brano / Unsplash

ვიდრე საკუთარი ფულის მენეჯმენტს დაიწყებ, ერთ მთავარ კითხვას გაეცი პასუხი: აღემატება თუ არა შენი შემოსავალი შენ მიერვე გასაწევ აუცილებელ ხარჯებს?

არ გეგონოს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია, რადგან ფული არასდროს არის საკმარისი და ერთი შეხედვით, პოტენციური ხარჯი ყოველთვის აჭარბებს შემოსავალს. თუმცა, თუ შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურას საფუძვლიანად ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ დიდი მოცულობის დანახარჯების ფონზეც კი შესაძლებელია დანაზოგების გაკეთება. მეტიც, ვინ იცის, იქნებ ფულის მენეჯმენტი ძალიან სასიამოვნო საქმედ გექცეს, რადგან, შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შენ მიერ გაწეულმა ძალისხმევამ სასიამოვნოდ გაგაოცოს.

შემოსავლები

შენ მიერ მიღებული ფულადი სახსრები ორ ნაწილად იყოფა: მთლიანი შემოსავლები (გადასახადების დაქვითვამდე) და წმინდა შემოსავლები (გადასახადის გადახდის შემდეგ). მაგალითად, საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემის მიხედვით, ხელფასის 20%-ს სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადის სახით იკავებს. ასევე, ხელფასიდან გვეჭრება საპენსიო დანაზოგის თანხაც. მოკლედ, შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ რჩება, არის წმინდა შემოსავალი და ბიუჯეტირების პროცესში სწორედ ეს თანხა უნდა გაითვალისწინო.

ხარჯები

ხარჯების ანალიზისას ორი მიმართულება უნდა გამიჯნო: ფიქსირებული ხარჯები და ცვალებადი ხარჯები.

ფიქსირებულია ის ხარჯი, რომლის გადახდაც ყოველთვიურად გიწევს და თანხის მოცულობაც უმნიშვნელოდ იცვლება — მაგალითად, ბინის ქირა, პროცენტის მომსახურების ხარჯი, ტანსაცმლისა და საკვების ხარჯი, კომუნალურები და ა.შ

რაც შეეხება ცვალებად ხარჯებს, ეს იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე დახარჯული თანხებია, რომელთა შეძენაც აბსოლუტურ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მაგალითად, ახალი მობილური ტელეფონი, ავეჯი, ავტომობილი და ა.შ

შექმენი გადაუდებელი დახმარების ფონდი

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული — გადაუდებელი დახმარების ფონდი სწორედ ამისთვის არის საჭირო. აქ ის თანხები შეინახე, რომელსაც მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გამოიყენებ.

როდესაც ფორსმაჟორებისთვის წინასწარ მზად ხარ, ასეთი შემთხვევები შენი ძირითადი მიზნის განხორციელებაში ნაკლებ წინაღობებს გიქმნიან. წარმოიდგინე შემთხვევა, როდესაც ფულს ზოგავ მხოლოდ სამომავლო ინვესტირებისთვის და გეგმებს ამ მოცულობის თანხაზე აწყობ. ამ დროს კი, ხდება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რაც მთლიანად ცვლის შენს გეგმებს. მაშინ, როდესაც დანაზოგის გარკვეული ნაწილი წინასწარ გაქვს გადაუდებელი დახმარების ფონდში, შენი სამომავლო გეგმები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან უფრო მეტად დაზღვეულნი არიან.

ინვესტირება უზრუნველი მომავლისთვის

ფოტო: Damir Spanic / Unsplash

ბიუჯეტირების მთავარი მიზანი მაინც ფულადი სახსრების დაზოგვა, მათი აქტივებში ინვესტირება და უზრუნველი მომავლის შექმნაა. ამასთან, დანაზოგებთან დაკავშირებული მიზნები მოკლევადიანიც შესაძლებელია იყოს — უძრავი ქონების შეძენა, განათლებაში ინვესტირება და სხვ.

საორიენტაციოდ აიღე გარკვეული პერიოდი და ჩამოწერე შენი წმინდა შემოსავლები, რომელსაც წმინდა ხარჯებს გამოაკლებ. ეს იქნება იმ თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის დაზოგვასაც შეძლებ. გახსოვდეს, ფულადი სახსრების ეფექტიანი მენეჯმენტის შედეგად ზედმეტი ხარჯების შემცირებას მარტივად შეძლებ.

მართე საკუთარი ფული — ეს ხარჯვის, დაზოგვისა და ინვესტირების ჩვევებს ჩამოგიყალიბებს, რაც ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში დაგეხმარება.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.