"პლანეტაზე ჩვენი არსებობის უდიდეს გამოწვევაზე პასუხის გაცემის დრო ახლაა. ახლა ან თქვენ შექმნით ისტორიას, ან ისტორია შეგაჩვენებთ", — ეს სიტყვები ოსკაროსანმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, ლეონარდო დიკაპრიომ წარმოთქვა, 2014 წელს, გაეროს შტაბბინაში კლიმატის სამიტზე გამოსვლისას.

რატომ არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა კლიმატის ცვლილება?

ჩვენს პლანეტაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა ბუნებრივი ფაქტორების (მაგ.: მზის რადიაცია, ვულკანების ამოფრქვევა) ზემოქმედებით. თუმცა, ბოლო 150 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილება ატმოსფეროში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სათბურის აირების კონცენტრაციის უპრეცედენტოდ სწრაფად ზრდის გამო. სწრაფად მიმდინარე კლიმატის ცვლილება ცოტა დროს გვიტოვებს მოსალოდნელი ცვლილებისათვის მოსამზადებლად და მისი უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.

ფოტო: UNDP

კლიმატის ცვლილებას ატმოსფეროში სათბურის აირების დიდი რაოდენობით დაგროვება იწვევს. სათბურის აირები სითბოს დამჭერი და სათბურის ეფექტის გამომწვევი აირებია, მაგ.: ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტის ქვეჟანგი (N2O), წყლის ორთქლი, რომლებიც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა.

უშუალოდ საქართველოს რაც შეეხება, 1990-2017 წლებში, ჩვენს ქვეყანაში სათბურის აირების ემისიებმა ჯამურად 462 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტურ რაოდენობას მიაღწია. აქედან, მხოლოდ 31 პროცენტი შთანთქა ტყეებმა.

რატომ არის პასუხის გაცემის დრო სწორედ ახლა? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ საკმარისია, კლიმატის ცვლილების ტენდენციას, სტატისტიკასა და ფაქტებს გადავავლოთ თვალი.

1. საშუალო ტემპერატურა იმატებს

ფოტო: Toby Melville / Reuters

"დედამიწაზე ზაფხული ადამიანებისთვის აუტანლად ცხელი შეიძლება გახდეს", — ასეთი განცხადება გააკეთეს მკვლევრებმა გასულ წელს, როდესაც აღმოჩნდა, რომ 2019 წელი წინა ათწლეულის ყველაზე ცხელი წელიწადი იყო. ნავარაუდევია, რომ 2100 წლისათვის საშუალო ტემპერატურა 3,2 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, რაც 1,2 მილიარდ ადამიანზე მოახდენს გავლენას. ეს დღევანდელ რიცხვზე ოთხჯერ მეტია. ამასთან, ამ შემთხვევაში, ღია სივრცეში მუშაობა დღისით, სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება. მეცნიერ ჯეინ ბოლდვინის შეფასებით, სითბური ტალღების სიხშირე გაიზრდება, რის გამოც ადამიანის ორგანიზმს მათი მავნე ზემოქმედებისგან აღდგენა გაუჭირდება.

ფოტო: UNDP

სიტუაცია საქართველოში

საშუალო წლიური ტემპერატურის მატება საქართველოშიც აღინიშნება. ორ ოცდაათწლიან პერიოდს (1956-1985 და 1986-2015) შორის საქართველოს ტერიტორიაზე მიწისპირა ჰაერის საშუალო ტემპერატურა თითქმის ყველგანაა მომატებული -0,25-0,58°C-ის ფარგლებში.

დათბობის პროცესი შედარებით ინტენსიურად მიმდინარეობს ზუგდიდში და ფოთში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 0,63°C-ით გაიზარდა, ასევე, დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც ორ პერიოდს შორის ტემპერატურის საშუალო წლიური ნაზარდი 0,73 გრადუსია.

კლიმატის ცვლილების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2041-2070 წლებში მოსალოდნელია საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდა 1,6°C-3,0°C-ით, ხოლო 2071-2100 წლებში - 2,1°C-3,7°C-ით.

წლის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობის მატების ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს დიდ ქალაქებში. ამ მაჩვენებლით თელავი, ბათუმი და ზუგდიდი ლიდერობენ. ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე თბილისია, თუმცა, სითბური ტალღები ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველგან ერთნაირად საშიშია.

2. ყინულის საფარი დნება, ოკეანის დონე იზრდება

ფოტო: Christian Åslund / Norwegian Polar Institute

საშუალო ტემპერატურის მატების პირდაპირპროპორციულად დედამიწაზე ყინულის საფარის დნობის სიჩქარეც იზრდება. შესაბამისად, ოკეანის დონეც, ყოველწლიურად, დაახლოებით, 0,32 სანტიმეტრით იმატებს. ერთი შეხედვით დონის უმნიშვნელო მატების გამომწვევი მიზეზი დედამიწის ყინულოვანი საფარის დნობაა, შედეგი კი — გახშირებული დატბორვები და ეკოსისტემის ცვლილება. მსოფლიოში 400 მილიონი ადამიანი ზღვის დონეზე დაბლა ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმ საფრთხის მასშტაბურობაზე, რომელსაც კლიმატის ცვლილების შედეგად ყინულის დნობა უქადის პლანეტას.

სიტუაცია საქართველოში

კლიმატის გლობალური დათბობის ზემოქმედების შედეგად ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდი მყინვარის ფართობი შემცირდა. ინტენსიურად მიდის ასევე პატარა მყინვარების დნობა. კვლევებმა აჩვენა, რომ ასევე შემცირდა მყინვარების რაოდენობაც. ფართობების და რაოდენობის შემცირება აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ინტენსიურია (საერთო ფართობი შემცირდა 47,3 პროცენტით, რაოდენობა შემცირდა 54,5 პროცენტით), ვიდრე დასავლეთ საქართველოში (საერთო ფართობი შემცირდა 27,4 პროცენტით, რაოდენობა შემცირდა 21 პროცენტით).

3. იცვლება მეტეოროლოგიური პირობები

ფოტო: IANS

რაც უფრო ცხელა დედამიწაზე, მით მეტად ტენიანი ხდება ჰაერი. დამთბარ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალიც ორთქლდება ოკეანეებიდან, რის გამოც ნალექების რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება. ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნალექიანობის საშუალო რაოდენობამ 2 პროცენტით მოიმატა. ცხადია, ეს ცვლილებები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, იცვლება კლიმატი, ზიანი ადგება ეკოსისტემას. მაღალი ნალექიანობა უჩვეულოა, როგორც ადგილზე მობინადრე ფაუნის წარმომადგენლებისთვის, ასევე ფლორისთვის.

სიტუაცია საქართველოში

დასავლეთ საქართველოში გასული 30 წლის განმავლობაში ნალექების რაოდენობა 5-15 პროცენტით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ზოგიერთ რეგიონში წყლის დეფიციტია, ამავე პერიოდში ნალექების რაოდენობა დაახლოებით 5-15 პროცენტით შემცირდა.

ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებია წყალდიდობა და წყალმოვარდნა. წყალდიდობა-წყალმოვარდნა ყველა მდინარეზე წელიწადში რამდენჯერმე, ხოლო კატასტროფული მასშტაბის კი — 5-6 წელიწადში ერთხელ აღინიშნება. ამ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შემთხვევების 21 პროცენტი იმერეთზე მოდის. სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებიდან ასევე გავრცელებულია: გვალვები, ქარები და თოვლის ზვავები. გვალვებისა და ძლიერი ქარების მხრივაც იმერეთის რეგიონია გამორჩეული (მასზე მოდის გვალვის 28 და ძლიერი ქარის შემთხვევების 30 პროცენტი). თოვლის ზვავები განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონს უქმნის პრობლემას (ზვავების შემთხვევათა თითქმის 50 პროცენტი ამ რეგიონში ხდება).

ამჟამად სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 35 პროცენტის მდგომარეობა დამძიმებულია ეროზიის პრობლემით. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნალექიანობა და სტიქიური მოვლენების გამო დეგრადირებული მიწის ფართობები, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. დეგრადირებულ ნიადაგებზე კი მოსავლიანობა შემცირებულია საშუალოდ 55-65 პროცენტით.

4. ტყეები და ფაუნა ნადგურდება

ფოტო: Matthew Abbott / The New York Times

ორიოდე წლის წინ მსოფლიო მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მოიცვა. "დედამიწის ფილტვებად" წოდებულ ამაზონის რეგიონში 900 ათას ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი განადგურდა. ბუნებრივ კატასტროფას 2,3 მილიონი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა, რაც ადგილზე მობინადრე ფაუნის პოპულაციის თითქმის 8 პროცენტს შეადგენდა. ამავე პერიოდში, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად დაიწვა 18 მილიონი ჰექტარი ფართობი, დაიხოცა ან დაშავდა 3 მილიარდი ცხოველი. იყო ადამიანური მსხვერპლიც: დაახლოებით, 500-მდე ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა — არაპირდაპირი გზით (კვამლით).

სიტუაცია საქართველოში

ფოტო: UNDP

საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატება ტყეებში ზრდის ისეთი დაავადებების გავრცელების რისკს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ რელიქტურ და ენდემურ სახეობებს და გააუარესონ ტყეების საერთო მდგომარეობა.

5. ჩნდება ახალ-ახალი დაავადებები და საზოგადოებრივი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება

ფოტო: AFP / Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ ათწლეულში სითბურმა ტალღებმა 150 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, დამთბარ ატმოსფეროში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა დაავადებების გადამტანი მწერებისათვის, რის გამოც საგრძნობლად იმატა მალარიისა და ტროპიკული ციების შემთხვევებმა.

ამასთან, კლიმატის ცვლილებების შედეგების კვალდაკვალ იმატებს ალერგიები, იზრდება გადასახადები და საკვების ღირებულება, უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც, მთლიანობაში კი, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება სათუო ხდება.

თუმცა, არის სხვა გამოწვევებიც — გაერომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ წელს პირდაპირ დაუკავშირეს ფერმერული მეურნეობა და სათბურის აირების ემისიებზე პასუხისმგებელი სხვა ინდუსტრიები ახალ-ახალი დაავადებების გაჩენას — "პანდემიებს ბუნების განადგურება იწვევს". ბუნების მსოფლიო ფონდის ანგარიშის მიხედვით კი, "ახალი [გარეული ცხოველიდან ადამიანზე გადაცემული] დაავადების წარმოშობის რისკი მომავალში იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც პოტენციურად უდიდესი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის".

რა არის გამოსავალი?

ფოტო: Elena Nesterova / Dribbble

გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-13 მიზანი კლიმატის ცვლილებისა და მისი გავლენის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებაა. ამით, ეს უდიდესი მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, კლიმატის ცვლილებას ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად აღიარებს და მასთან გასამკლავებლად ყველა წევრ სახელმწიფოს სთხოვს დახმარებას. ერთობლივი ძალისხმევის ეფექტურობისათვის, გაერომ შეიმუშავა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, რომლის თანახმადაც საქართველოს, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს, აღებული აქვს შესაბამისი ვალდებულებები.

ფოტო: UNDP

საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ ყველა ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებისა და დოკუმენტის ხელმომწერია. 1994 წელს, ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას, 1999 წელს — შეუერთდა კიოტოს ოქმს, ხოლო 2016 წელს — პარიზის შეთანხმებას.

საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, საქართველო ოთხ წელიწადში ერთხელ, გაეროს წარუდგენს ეროვნულ ანგარიშს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებისა და მისი შედეგების შესახებ. 2021 წლის აპრილში, კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ეროვნული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინა საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ყოვლისმომცველ დოკუმენტს წარმოადგენს.

ანგარიშში მიმოხილულია ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები კონვენციის პირობების შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის მიმართულებით. დოკუმენტში ასევე შესულია სათბურის აირების ინვენტარიზაციის განახლებული ანგარიში, რომელიც 1990 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.

წელს საქართველომ ასევე განაახლა პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები (ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი) და უპირობო ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია, აქტიურად ეხმარება საქართველოს კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობაში, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მისი შედეგების მიმართ ადაპტაციაში, ქვეყნის გარემოს დაცვის საკითხებში მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებაში ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში. UNDP-ის პრიორიტეტებია მდგრადი გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკების შემცირება. ეს საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობებში.


თუმცა, ნათელია, რომ მასშტაბური ცვლილებებისათვის ადამიანების ინდივიდუალური ძალისხმევა არანაკლებ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როცა ზემოთ ჩამოთვლილ სექტორებთან ერთად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფაზე პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო საქმიანობაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს გააზრებული საკუთარი როლი კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში.