8 მაისი გახდა თარიღი, როდესაც თიბისიმ ახალი ეტაპი დაიწყო — კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ლიდერმა მაკუნა თავბერიძემ და კრეატიული სააგენტო — Playmakers-ის ხელმძღვანელმა კოკა ქამუშაძემ საზოგადოებას ახალი ბრენდპლატფორმა და მესიჯი წარუდგინეს: მთავარია, გჯეროდეს.

ეს ახალი გზავნილი არა მხოლოდ თიბისის მორიგი კომუნიკაციური ნაბიჯია — ის წარმოგვიდგენს კომპანიის 33-წლიან ისტორიაზე დაფუძნებულ ღირებულებებს, მემკვიდრეობასა და ხედვას მომავლის შესახებ. ეს არის მოწოდება, რომელიც ეხმიანება თითოეული ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების სურვილს — ირწმუნონ საკუთარი თავის და მიაღწიონ იმას, რაც შეუძლებლად მიაჩნიათ.

ფოტო 1: თიბისი / ფოტო 2: თიბისი

ისტორია, რომელიც შესაძლებლობების რწმენით დაიწყო

პრეზენტაცია ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა თიბისის კულტურულ მახასიათებლებზე საუბრით.

მან აღნიშნა, რომ თიბისის ბრენდის განახლება პირდაპირ კავშირშია მის კულტურულ ტრანსფორმაციასთან.

"ჩვენთვის ბრენდინგი არის საკუთარი თავის ჩვენება — ის, რაც ვიყავით, ვართ და გვინდა რომ გავხდეთ", — აღნიშნა მან.

თიბისის კულტურა წლების განმავლობაში იცვლებოდა და ვითარდებოდა, თუმცა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთ მთავარ იდეას: თუ საკუთარი თავის გწამს, შეუძლებელი არაფერია!

ფოტო 1: თიბისი / ფოტო 2: თიბისი

90-იან წლებში, როცა ქვეყანაში 200-ზე მეტი ბანკი არსებობდა და თიბისი მე-17 ადგილზე იყო, სულ რაღაც 10-20 ადამიანით შემდგარმა გუნდმა მიზნად დაისახა ტოპ ათეულში მოხვედრა — მიზანი, რომლის მიღწევაც იმ დროისთვის თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა. მაგრამ სწორედ რწმენა გახდა თიბისის პირველი ღირებულება. ეს იყო მეხსიერებაში ჩარჩენილი გაბედული გადაწყვეტილება, რომელმაც კომპანია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა.

შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტული გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა — თიბისის გუნდი პირველი იყო, ვინც მომხმარებელს სახელით მიმართა, რითიც ბანკისა და მომხმარებლის ურთიერთობაში ადამიანური კავშირი შეიტანა.

მიზანსწრაფულობამ კი კომპანია იქამდე მიიყვანა, რომ წლების განმავლობაში შეიძინა და ჩამოაყალიბა საფინანსო ეკოსისტემა — თიბისი დაზღვევა, თიბისი ლიზინგი, საინვესტიციო ბანკი, თინეთი, რომლებიც დღეს ათასობით ადამიანს ემსახურება.

ფოტო 1: თიბისი / ფოტო 2: თიბისი

კულტურა, რომელიც არ ჩერდება — მოუსვენრობა და გამბედაობა

მოუსვენრობა — ეს არის ის მახასიათებელი, რომელმაც თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟამდე მიიყვანა. ხოლო გამბედაობამ კომპანიის საზღვრებს გარეთ გასვლის გადაწყვეტილება განაპირობა: უზბეკეთის ბაზარზე შესვლა მაღალი რისკების ფონზე წარმატებული აღმოჩნდა. დღეს თიბისის უზბეკური მიმართულება 20 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

მესიჯების ევოლუცია — ბრენდის ენა დროთა განმავლობაში

მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ლიდერმა მაკუნა თავბერიძემ, თიბისის მესიჯების ევოლუციაზე ისაუბრა — გამარჯობა, შენ, ვინც არ უნდა იყო, აქ, ახლა და ბოლოს — მთავარია, გჯეროდეს. ყოველ გზავნილს კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტი ჰქონდა, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებდა — მომხმარებელთან გულწრფელი და თანასწორი კომუნიკაცია.

მაკუნა თავბერიძის თქმით, ბრენდი ჰგავს ადამიანს, რომელიც ვითარდება, რეაგირებს გარემოზე და ბოლოს საკუთარ გამოცდილებას სხვებისთვის მოტივაციის წყაროდ აქცევს: "ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჯერ სხვებს არ დაუნახავთ. და როცა გჯერა, ზუსტად მაშინ იბადება იდეა, რომელიც სამყაროს ცვლის."

თიბისის ბრენდინგი ყოველთვის ეხმიანებოდა საზოგადოებრივ საჭიროებებს და მიგნებებს.
"გამარჯობა“, "შენ“, ვინც არ უნდა იყო“, "აქ და ახლა“ — ეს ყველაფერი იყო გზა, რომელიც მომხმარებელთან ემოციური და ადამიანური კავშირის დამყარებისკენ მიისწრაფოდა. თითოეული მესიჯი ბრენდის განვითარებასა და ახალ სოციალურ კონტექსტში ადაპტაციაზე მიუთითებს.

მთავარია გჯეროდეს – ბრენდის ახალი თავი

ახალი გზავნილი — მთავარია, გჯეროდეს, თიბისის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიული პლატფორმის საყრდენია. ის პასუხია საზოგადოების ახალ მოლოდინებსა და გამოწვევებზე.
როგორც მაკუნა თავბერიძე ამბობს, ეს არის მოწოდება, არა მხოლოდ წარმატების, არამედ შთაგონების მიმართულებით:

"ჩვენ გვინდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ თუ მათაც აქვთ მიზანი და რწმენა — ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. ბრენდი, როგორც ადამიანი, ვითარდება, იზრდება, ეძებს და ბოლოს თავის ამბავს ჰყვება.“

ფოტო 1: თიბისი / ფოტო 2: თიბისი

კრეატიული ხედვა კამპანიის უკან

ახალი გზავნილის მხარდამჭერი ვიდეორგოლი სააგენტო Playmakers-მა შექმნა. მისი დირექტორის კოკა ქამუშაძის აზრით, კლიპის შთაგონების წყარო თიბისის ღირებულებები და მისი მომხმარებლის შინაგანი გზა იყო:

"ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ იქცევა რწმენა იმ ძალად, რომელიც ადამიანს შესაძლებლობების საზღვრებს აღემატება. ვიდეო გმირის მოგზაურობის სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება, რაც საბოლოოდ იმ ტრანსფორმაციის მეტაფორაა, რომელსაც ადამიანი რწმენის ძალით გადის.

ჩვენ მიერ შექმნილ კლიპში გამოყენებულია გმირის მოგზაურობის სიუჟეტური სტრუქტურა, რაც აპრობირებული ლიტერატურული, კინემატოგრაფიული თუ სხვა სახელოვნებო ხერხია. ანუ, გმირი გადის გზას, რომელიც სავსეა სირთულეებითა და შიდა თუ გარე წინააღმდეგობებით. შემდეგ ბრუნდება, მაგრამ უკვე განახლებული, გამძლე, საკუთარ თავში დარწმუნებული. ამ ნარატივით ბრენდი გვასწავლის, რომ შინაგანი რწმენა უძლეველია.

რაც შეეხება ემოციას, ჩემი აზრით, ვიდეოს მთავარი ხაზია ტექსტი — რიტმული, მანიფესტის სტილში გადმოცემული. მისი ტონი ემოციური და მამოტივირებელია, რომელსაც ფონური მუსიკა გასდევს.“

გზავნილი სამყაროს

თიბისის ახალი გზავნილი უკვე არაერთ მილიონ ადამიანს ეუბნება ერთსა და იმავეს:

შენ შეგიძლია. მთავარია, გჯეროდეს.

ეს არის არა მხოლოდ ბრენდის პოზიციონირება, არამედ სოციალური მოწოდებაა — გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება, ვენდოთ საკუთარ შესაძლებლობებს და ერთად ავაშენოთ მომავალი.

ფოტო: თიბისი