კოვიდვაქცინები სპერმისთვის საზიანო არ არის — კვლევის შედეგი
გასული კვირის ხუთშაბათს, ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცების სპერმაზე Pfizer და Moderna ვაქცინების არც პირველ და არც მეორე დოზას გავლენა არ მოუხდენია.
"ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ იმუნიზაციისთვის კომპრომისის სახით თქვენი სპერმის ხარისხის გაღება არ მოგიწევთ", — განაცხადა ჩიკაგოს ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის სამედიცინო თანადირექტორმა, ექიმმა დევინ კოენმა, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა. კოენი იყო იმ სისტემური მიმოხილვის თანაავტორი, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინეს, რომ ახალი კორონავირუსი სქესობრივი გზით არ გადაეცემა.
"ამ მონაცემების მიხედვით, mRNA-ზე დაფუძნებული ახალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებიდან ერთ-ერთის ორი დოზის მიღება სპერმის ხარისხს არ ცვლის", — განაცხადა ალან ფეისიმ, ანდროლოგიის პროფოსორმა გაერთიანებული სამეფოს შეფილდის უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა ამ კვლევაში.
"იმედი მაქვს, ეს მონაცემები გარკვეულწილად მაინც შეუცვლის აზრს იმ მამაკაცებს, რომლებმაც ამ ვაქცინებიდან ერთ-ერთი მაინც მიიღეს და რომელთაც საკუთარი ნაყოფიერება აშფოთებთ", — განაცხადა ფეისიმ, რომელიც ჟურნალ Human Fertility-ის მთავარი თანარედაქტორიცაა.
კვლევაში მეცნიერებმა 25-დან 31 წლამდე ასაკის 45 ჯანმრთელი მამაკაცის სპერმის ნიმუშები შეისწავლეს. მონაწილეებს წინასწარ ჩაუტარდათ გამოკვლევები იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდათ. ნიმუშები თავდაპირველად mRNA ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე, შემდეგ კი მეორე დოზის მიღებიდან 70 დღეში აიღეს. ამის შემდეგ მათ გამოიკვლიეს ორივე პერიოდის ნიმუშების მოცულობა, კონცენტრაცია, მოძრაობის უნარი და სრული რაოდენობა.
"ამ ახალგაზრდა მამაკაცების სპერმის პარამეტრებში არანაირი ცვლილება არ შეგვიმჩნევია", — განაცხადა კვლევის ავტორმა, მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და ქირურგიის ექიმმა, რანჯიტ რამასამიმს მაიამის ჯანდაცვის სისტემის უნივერსიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში არ შეუსწავლიათ იმ კაცების სპერმის ნიმუშები, რომლებსაც Johnson & Johnson ან AstraZeneca ვაქცინები ჰქონდათ მიღებული. ეს ორი უკანასკნელი mRNA პლატფორმაზე არაა დაფუძნებული.
"ვფიქრობთ, რომ მიუხედავად განსხვავებისა იმ გენეტიკურ მასალებს შორის, რომლებსაც ეს ოთხი ვაქცინა იყენებს, მათი მოქმედების მექანიზმი ერთმანეთის მსგავსია. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, რომ Johnson & Johnson ან AstraZeneca ვაქცინებს რაიმე განსხვავებული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სპერმაზე", — დამატა რამასამიმ.
ფეისის თქმით, კვლევის შედეგების დასადასტურებლად, დამატებითი, უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარებაა საჭირო სხვადასხვა ასაკის მამაკაცებზე.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გავლენა მამაკაცის სპერმაზე არ დადასტურებულა, იანვარში გამოქვეყნებული პატარა კვლევის მიხედვით, შესაძლოა, თვითონ ვირუსმა იქონიოს საზიანო ეფექტი მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ ჯანმრთელ კაცებთან შედარებით, რომლებსაც COVID-19 არ გადაუტანიათ, კოვიდიანი კაცების სპერმის უჯრედებში მნიშვნელოვნად მაღალია ანთებისა და ჟანგვითი სტრესის მაჩვენებელი. ვირუსმა უარყოფითი გავლენა იქონია მათი სპერმის კონევნტრაციაზე, მოძრაობის უნარსა და ფორმაზეც. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მძიმე იყო დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით უფრო დიდი იყო ეს განსხვავება.
"სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ SARS-CoV-2-მა — ვირუსმა, რომელიც COVID-19-ს იწვევს, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. ACE2 რეცეპტორები, ანუ ის რეცეპტორები, რომლებსაც ვირუსი ფილტვის ქსოვილებზე წვდომის მოსაპოვებლად იყენებს, ასევე გვხვდება მამაკაცის სათესლეებშიც", — ამბობს ფეისი.
ფეისიმ ამ საკითხზე გამოქვეყნებული ათამდე კვლევა მომოიხილა და იანვარში CNN-ს განუცხადა, რომ "მამაკაცის ნაყოფიერებაზე COVID-19-ის ნებისმიერი გაზომვადი ეფექტი, სავარაუდოდ, ძალიან მცირეა და დროებითი".
წამლებს, რომლებსაც COVID-19-ის, ცხელების, სიმსუქნისა და კიდევ სხვა ბევრი რამის სამკურნალოდ იყენებენ, ასევე შეუძლიათ გავლენის მოხდენა სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე. ამიტომ, ფეისის აზრით, დამატებითი მასშტაბური კვლევების ჩატარებაა საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ზემოაღნიშნულ კვლევაში აღწერილ ეფექტზე სწორედ COVID-19-ის გადატანა იყო პასუხისმგებელი და არა რაიმე სხვა ფაქტორი.
"როგორც ვიცით, ზოგიერთი ვირუსი, როგორებიცაა ზიკა ან ებოლა, შესაძლოა, მას შემდეგაც დარჩეს მამაკაცის სათესლეებში, რაც პაციენტი ვირუსისგან გამოჯანმრთელდება. ამიტომ, საჭიროა უფრო გრძელვადიანი კვლევების ჩატარება იმის გასარკვევად, ამ ეფექტს COVID-19 იწვევს თუ რაიმე სხვა", — თქვა მან.
კომენტარები