20 ქართველი ილუსტრატორი, რომლის შემოქმედებასაც უნდა იცნობდე
ხშირად ვამაყობთ ცნობილი ქართველი მხატვრების უკვე საქვეყნოდ აღიარებული შემოქმედებით, თუმცა მეტწილად ცუდად ვიცნობთ იმ ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სრულიად ახალ, განსხვავებულ და საინტერესო ხედვას გვთავაზობენ.
კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული ნახატები დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ამ მხრივ არც ქართველი ხელოვანები ჩამორჩებიან მრავალფეროვნებით, უბრალოდ, როგორც წესი, მათ მეტი მხარდაჭერა და ხელის შეწყობა სჭირდებათ ხოლმე.
სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართველ ილუსტრატორს, რომელთა შემოქმედებასაც თუ უკეთ გაიცნობთ, ალბათ, მაშინვე მოიხიბლებით და ბევრ ახალ ფავორიტ ხელოვანსაც აღმოაჩენთ. ამ სტატიაში წარმოდგენილნი არიან როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მხატვრები, რომლებიც სხვადასხვა სტილითა და გემოვნებით თავიანთ უნიკალურ ფანტაზიას გვიზიარებენ.
შენიშვნა: ნუმერაცია პირობითია და თანმიმდევრობას წინასწარ განზრახული მნიშვნელობა არ აქვს.
1. ზიზი ნიშნიანიძე
ზიზი 24 წლისაა და როგორც თვითონ ამბობს, ხატვით ღრმა ბავშვობიდანაა გატაცებული, უკვე 11 წლიდან კი პროფესიულადაც შეისწავლიდა ხელოვნების ამ დარგს. მისი სტილით, რომელიც ერთდროულად შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსული ქრისტიანული ფერწერის პოპკულტურასთან ნაზავს მოგვაგონებს, რთულია, მაშინვე არ მოინუსხო.
"ძირითადად შთაგონებული ვარ ზღაპრებითა და სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიით. განსაკუთრებით გატაცებული ვარ ქართული მითოლოგიით და წიგნის გაკეთებაც მინდა ამ თემატიკით", — ამბობს ზიზი.
2. ბერდია ხმალაძე
22 წლის ბერდიას ყველა ხესუსას ზედმეტსახელით იცნობს, ამიტომ ინსტაგრამზეც მის შემოქმედებას უფრო ვრცლად ამ სახელწოდების მქონე ანგარიშზე გაიცნობთ.
"ბავშვობიდან ვხატავ (არაპროფესიონალურად): მათემატიკა, ქიმია და ეგეთი საგნები რომ მეზარებოდა, რვეულში ვხატავდი ხოლმე", — ამბობს ის.
მისი თქმით, ხატვას როცა იწყებს, წინასწარ არასდროს იცის, სადამდე მიიყვანს ეს პროცესი, თუმცა მის ნამუშევრებს თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ შედეგი ყოველთვის აღმაფრთოვანებელია.
3. ნათია ზარანდია
ნათია უკვე აქტიურად ხატავს წიგნებისთვის, თამაშებისა და მუსიკალური ალბომებისთვის, თუმცა აქამდე ძირითადად მაინც სხვა საქმეებით იყო დატვირთული და აპირებს, უახლოეს მომავალში უფრო მეტი დრო დაუთმოს ილუსტრაციების შექმნას.
"ჩემთვის ყველაზე დიდ ინსპირაციად დღემდე რჩება ბავშვობის ხანის წიგნების ფანტასტიკური სამყარო – ზღაპრები, მაგია, ფერიები, უღრანი ტყეები და ჯადოსნური ცხოველები... ასე რომ, პერსონალური ილუსტრაციებიც დღემდე ამ ფანტასმაგორიით საზრდოობენ", — როგორც კი ნათიას ნახატებს ნახავთ, მის ამ სიტყვებშიც მაშინვე დარწმუნდებით.
4. ლიკა რომიუკ
ლიკაც ბავშვობიდანაა მხატვრობით გატაცებული, თუმცა ჯერ სულ ცოტა ხანია, რაც ციფრულ ფორმატში დაიწყო თავისი ფანტაზიის ხორცშესხმა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ადამიანის ფსიქოლოგიური დეტალები აინტერესებს განსაკუთრებულად და ამის ასახვას თავის პერსონაჟებში ცდილობს.
"ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ პანდემიის პერიოდი ბევრისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა: ჩვენი ცხოვრება ხომ უდიდესი თავგადასავალი და საკუთარი თავის ძიების პროცესია. ციფრული ნამუშევრების შექმნაც დაახლოებით ერთი წელია, დავიწყე და სწორედ ეს სფერო დამეხმარა, ბევრი რამ ჩემს თავში უკეთესობისკენ შემეცვალა და შეიძლება ითქვას, გადამარჩინა იმ პერიოდში", — ამბობს ის.
5. მარიამ ყეინაშვილი
მარიამი სამხატვრო აკადემიის მოქმედი მაგისტრანტია და ჯერ სულ რაღაც ორი წელია, რაც ინტენსიურად დაიწყო ხატვა, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც საოცრად ცოცხალი და იმდენად რეალისტურია, რომ დიდი ხნის გამოცდილი მხატვრის მიერ ტილოზე შესრულებულ პეიზაჟებსა და ნატურმორტებსაც არ უდებს ტოლს.
"ჩემი ინსპირაცია ხდება იდეები, ბუნება, ურბანული გარემო, მხატვრული ლიტერატურა და სხვა შემოქმედებითი ადამიანები. მიყვარს მიკრო სამყაროზე დაკვირვება. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საიდუმლოებები დამალულია და ასევე ვფიქრობ, რომ ლექსიკური მედიუმი არაა ის მედიუმი, რითაც კომუნიკაციის დამყარება შეიძლება გარესამყაროსთან. ამიტომ მსურს, უფრო მეტად შევიმეცნო ფერებით მეტყველება და საკუთარ თავში აღმოვაჩინო მეტი საერთო ბუნებასთან", — ამბობს ის.
6. ლევან მამსიკაშვილი
ლევანის თქმით, ხატვა სკოლის მერხებზე დაიწყო და სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა: არქიტექტურაზე სწავლობდა, მაგრამ ბოლოს პროფესიად მაინც მხატვრობა აირჩია. მას განსაკუთრებით იტაცებს კიბერსამყარო და იაპონური კულტურა, რასაც მის ნამუშევრებიც მარტივად შენიშნავთ.
"ცხოვრების რაღაც ეტაპზე თუ რამე კონკრეტული კულტურის ან თემის მიმართ მაქვს ინტერესი, იმის გარშემო ვეძებ საინტერესო ისტორიებსა თუ პერსონაჟებს. მაგრამ ზოგადად ინსპირაციას, ალბათ, ყველგან ვპოულობ: ფილმი იქნება, ანიმე, მუსიკა ან თუნდაც ადამიანი", — ამბობს ის.
7. ქრისტინა საბაშვილი
ქრისტინა საბაშვილი სამი წელია, რაც აქტიურად ხატავს, მაგრამ მას აქვს უკვე ის გამორჩეული ხელწერა, რომლითაც ბევრში გამოარჩევთ. როგორც თვითონ აღნიშნავს, მხატვრობა ბავშვობიდან იზიდავდა, მაგრამ ანიმაციის რეჟისურის პროფესიამ ციფრულ სამყაროსთან უფრო დააახლოვა და ასე დაიწყო ილუსტრაციების შექმნაც.
"ერთი წლის წინ გადავწყვიტე, თვითიზოლაციის პერიოდი მთლიანად ხატვისთვის დამეთმო. ყველაზე მეტად განწყობების გამოხატვა პორტრეტების საშუალებით მიყვარს და გამომდის. ილუსტრაციების შექმნის პროცესში შევამჩნიე, რომ თვითიზოლაციური განწყობა ამ პორტრეტებშიც იგრძნობოდა. შესაბამისად, ინსტაგრამის ანგარიშს, რომლითაც საკუთარი ნამუშევრები სხვებსაც გავაცანი, თვითიზოლაცია დაერქვა", — ამბობს ის.
8. ანა ბარათაშვილი
ანა 35 წლისაა და ის მცირე ასაკიდან გატაცებულია მხატვრობით. მისი ინსპირაცია ბავშვების სამყარო, ცხოველები და ბუნებაა, რაც ხელს უწყობს, რომ ერთმანეთზე უფრო ფერადი და ხალასი ნახატები შექმნას.
"ყველაზე მეტად მომწონს ბავშვებთან და ცხოველებთან დაკავშირებული ამბები და ამიტომ ამ სფეროს დავუკავშირე ჩემი საქმიანობა. მიხარია, როცა ბავშვებს და მათ მშობლებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, რაც მათი გამოხმაურებიდან ჩანს", — ამბობს ის.
9. ბაიკო ფირცხალაიშვილი
"ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მულტფილმების ყურება. მინდოდა, მეც შემექმნა ჩემი "მულტფილმები", რომლებიც არ დამთავრდებოდა და როცა მომინდებოდა, მაშინ ვუყურებდი. ჩემს დახატულ პერსონაჟებს ისტორიებს ვუგონებდი და ასე ვთამაშობდი", — ამბობს ბაიკო.
თავიდან უნივერსიტეტში სულ სხვა მიმართულებით სწავლობდა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ თავისი ბავშვობის ოცნებას უნდა მიჰყოლოდა და ასე დაიწყო ხატვაც. მისი ნამუშევრების ხილვისას დარწმუნდებით, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
10. გიორგი მაღრაძე
გიორგი, იგივე Artman, წარსულში საგამომცემლო სფეროში საქმიანობდა თავისი პროფესიით, რა დროსაც მრავალი ცნობილი წიგნის ყდის დიზაინი შექმნა, ახლა კი სარეკლამო სააგენტოში აგრძელებს მუშაობას.
"დღემდე ვმუშაობ ილუსტრაციებზე, კონცეპტუალურ არტზე და დიზაინზე. ამ ბოლო პერიოდში გამიტაცა ანიმაციამ, რასაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. სამსახურებრივი შემოქმედების გარდა, პირად შემოქმედებაში ინსპირაციას ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ: თანამედროვე ხელოვნებიდან, გეიმინგიდან, სერიალებიდან და ფილმებიდან, რის მიხედვითაც ვქმნი პოსტერებს, ფანარტებსა და ილუსტრაციებს. სამომავლოდ სურვილი მაქვს, ვიმუშაო სრულმეტრაჟიანი ანიმაციის მხატვრობაზე ან რომელიმე კომპიუტერული თამაშის დიზაინსა და კონცეპტარტზე", — ამბობს ის.
11. ხატია ჩიტორელიძე
ხატია 28 წლისაა და უკვე დიდი ხანია, აქტიურად მუშაობს ილუსტრატორის პროფესიით. მას განსაკუთრებით იტაცებს ზღაპრების თემატიკაზე ილუსტრაციების შექმნა და ამ სფეროში გარკვეულ საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია უკვე: 2016 და 2021 წელს მისი ნამუშევრები ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენის მოკლე სიაში მოხვდა.
"ვფიქრობ, ბავშვებისთვის ილუსტრაციების შექმნა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, ვინაიდან ბავშვობაში ნანახი ხშირად მთელი ცხოვრება მიგვყვება ხოლმე და ერთგვარ გავლენასაც ახდენს ჩვენს წარმოდგენებზე", — ამბობს ის.
როგორც თვითონ აფასებს, მისი სტილი უფრო ვინტაჟურია და ხშირად ხატავს ცხოველებს, რომლებიც ადამიანებს წააგავს.
12. სანდრო სულაკაური
სანდროს შემოქმედებით ყველაზე მეტად ის მოიხიბლება, ვისაც იდუმალი, უცნაური და საშიში სამყარო იზიდავს: მისი ნახატები უჩვეულო, მაგრამ მაცდუნებელი ატმოსფეროთია სავსე.
"ჩემი შთაგონება ძირითადად ზღაპრები, ფანტასტიკური არსებები, ფენტეზი და მისტიკური ამბებია. ყველაზე მეტად მიყვარს ასეთი სამყაროების შექმნა, რადგან თავს ჯადოქრად ვგრძნობ", — სიცილით აღნიშნავს ის.
13. ანა სონია გაბის
მართალია, ანა სონია ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ ის უკვე ქმნის შთამბეჭდავ ილუსტრაციებს, რომლებსაც ინსტაგრამზე უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა Gorillaz-ის პერსონაჟებმა, ანიმემ, Cartoon Network-ის მულტფილმებმა და ვიდეოთამაშებმა მოახდინა.
"უმეტესად მოწყენილ ან შეშინებულ გოგოებს ვხატავ. ალბათ, იმის გამო, რომ ეგრე ვგრძნობ თავს ძალიან ხშირად", — ამბობს ის.
14. ბაჩო აფციაური
ალბათ, როგორც სხვა ყველა ხელოვანს, ბაჩოსაც სიახლეები იზიდავს და მუდმივად სურს, საკუთარი შესაძლებლობები გამოცადოს. როგორც საკუთარი თავის, ისე გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობას კი ილუსტრაციებს საშუალებით ცდილობს.
"3 წელია, რაც ციფრულ ფორმატში დავიწყე ხატვა, აღმოჩენები და ექსპერიმენტები მიზიდავს, შინაგანი გამოწვევა მაქვს, რომ დავხატო ყველაფერი, რაც არასდროს დამიხატავს. ინსპირაციას სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნებსა და მუსიკაში ვპოულობ", — ამბობს ის.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია (ფისომოყვარულებისთვის) ის ფაქტიც, რომ მას ძალიან იტაცებს კატების ხატვა.
15. ანა მითაიშვილი
ანა მითაიშვილისთვის ხატვის პროცესი გარემოს შექმნით იწყება: მას უყვარს ჯერ ფონზე მუშაობა და შემდეგ ამატებს დეტალებს, რითაც მისთვის მნიშვნელოვან ისტორიას ჰყვება. ამბობს, რომ სიტყვებით ემოციების გადმოცემა უჭირს ხოლმე და ხატვით უკეთ ახერხებს ამას, რაც მართლაც რომ კარგად გამოსდის.
"დიდი ფონის და პატარა ზომის პერსონაჟების ხატვა ბოლო წლებში დავიწყე. მსგავსი კომპოზიციები ქმნის სივრცეს, მაგრძნობინებს, რომ ცხოვრება ირგვლივ ძალიან, ძალიან დიდი, გაუგებარი და დამაბნეველია. რას, როდის, რატომ ვაკეთებთ, ძირითადად, არ ვიცით (ნუ მე არ ვიცი) და ეგ არეულობა თავს მარტოს გვაგრძნობინებს. ამიტომ ეგ განცდა ერთ-ერთი ძლიერი შთაგონებაა ჩემთვის", — ამბობს ის.
16. ლაზარე ხვთისიაშვილი
ლაზარე ერთ-ერთი თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც დამოუკიდებლად დაეუფლა ამ მიმართულებას და უკვე სამი წელია, რაც თავისი მრავალფეროვანი ფანტაზიით მომხიბვლელ პერსონაჟებს აცოცხლებს. მას რეალური და წარმოსახვითი სამყაროების შერწყმა, ამ პროცესში კი მშვენიერების, ვნებისა და სიძლიერის პოვნა იტაცებს.
"ჩემი ხედვა მეტწილად განსაზღვრეს დრეგ ქუინებმა და პოპსამყაროს საკულტო სახეებმა ფილმებიდან, სერიალებიდან, მუსიკიდან თუ ლიტერატურიდან", — ამბობს ის.
17. ნიტა გოგრიჭიანი
ნიტა გრაფიკული დიზაინერია, რომელიც პანდემიური მოწყენილობის გამო ამ ცოტა ხნის წინ დაინტერესდა ანიმაციითაც და შექმნა პერსონაჟი, სახელად ტალო, რომელსაც მისი ინსტაგრამის გვერდზე კარგად გაიცნობთ და შეიძლება, დაუმეგობრდეთ კიდეც.
"ხშირად ფიქრობენ, რომ ეს პერსონაჟი მე ვარ და მთლიანად ჩემზეა მორგებული, მაგრამ რეალურად, ინსპირაციას ვიღებ მეგობრებისგან და ახლო ადამიანებისგან. მომავალში მინდა, რომ ჩემი ეს გვერდი გახდეს პლატფორმა, რომელიც სოციალურ პრობლემებს გაახმოვანებს. აქამდეც ვცდილობდი, ადამიანებისთვის მეთქვა ხოლმე, რომ არაუშავს, თუ თავს ცუდად გრძნობენ", — ამბობს ის.
18. ანა ნინიაშვილი
ანა 21 წლისაა და უკვე ექვსი წელია, რაც ციფრულ ფორმატში ქმნის ნამუშევრებს. მისი შთამბეჭდავი ნახატები მეტწილად მომავლის სამყაროთი და აზიური კულტურითაა შთაგონებული.
"ხატვის გარდა ზოგადად მაინტერესებს სხვადასხვა სფეროები, რაც აისახება კიდეც ჩემს შემოქმედებაზე, სადაც ძირითადი ინსპირაციის წყარო არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ფუტურისტული თემები, მომავალი და ტექნოლოგია", — ამბობს ის.
19. თინა მანია
თინა ძირითადად საბავშვო ილუსტრაციებს ხატავს და არც ახალ გამოწვევებს უშინდება: როგორც თვითონ ამბობს, განსხვავებული რაკურსიდან დანახული სცენები აინტერესებს, რისი მიღწევაც არც ისე მარტივია, მაგრამ მას სირთულეები არ აშინებს და მუდამ უკეთესი შედეგის მიღწევას ცდილობს.
"პატარაობაში დისნეის ანიმაციებზე ვგიჟდებოდი, მერე პიქსარიც დამემატა. ოდესმე დისნეისთვის უნდა ვხატო პერსონაჟები (უბრალოდ ჯერ თვითონ არ იციან), ამიტომ ჩემი ნახატები ანიმაციიდან ამოღებულ კადრებს ჰგავს ხოლმე. ვცდილობ, თითოეული ილუსტრაცია ამბავს ჰყვებოდეს და გმირებს სახეზე ეწეროთ, რასაც გრძნობენ და განიცდიან", — ამბობს ის.
20. ანა თოდუა
ანა 19 წლისაა და ციფრული ილუსტრაციების საშუალებით ცდილობს ყველა იმ ემოციის გადმოცემას, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის ნაცნობი და ახლობელია: სევდა, მოწყენილობა, დაღლა და მარტოობა. ამას კი პასტელის ისეთი ფერებით ახერხებს, მაშინვე იზიდავს მნახველს.
"ამ ნახატების ინსპირაცია ძირითადად ყოველდღიურობაში მოდის. წერის ნიჭით ვერ გამოვირჩევი და ნახატებით ვცდილობ, გადმოვცე ხოლმე, როგორ ვგრძნობ თავს კონკრეტულ მომენტში", — ამბობს ის.
რა თქმა უნდა, ეს სტატია სრულად ვერ ასახავს იმ ქართველ ილუსტრატორებს, რომლებიც დღეს ციფრულ სამყაროში მუზებზე ნადირობენ და ერთმანეთზე უფრო საინტერესო, მრავალფეროვან და საოცარ ნამუშევრებს ქმნიან. ეს მხოლოდ ერთი რიგითი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უკეთ გაიცნოს დამწყები თუ გამოცდილი ხელოვანები.
ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი ილუსტრატორების დიდი ნაწილის შესახებ ფეისბუქჯგუფიდან CG Georgia გავიგე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, კომპიუტერულ გრაფიკაში მომუშავე ხელოვანების ნამუშევრებს გაეცნოს და სურვილის შემთხვევაში, საკუთარი შემოქმედებაც გაუზიაროს სხვებს.
კომენტარები