დღეში სამჯერ ჭამა აუცილებელი შეიძლება სულაც არ იყოს
თუ იმაზე დარდობთ, რომ პანდემიის დროს კვების განრიგი აგერიათ, შესაძლოა, საქმე არც ისე ცუდად იყოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. The Atlantic-ის ჟურნალისტი, ამანდა მული გვიყვება, რატომ არის მოძველებული შეხედულება, რომ დღეში სამჯერ ჭამა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
სტატიაში მოყვანილი ფაქტები სამედიცინო რჩევას ვერ შეგიცვლით — მასში მხოლოდ კონკრეტული ადამიანების გამოცდილებაა მოყოლილი. ასე რომ, კვებისა თუ ცხოვრების რეჟიმის რადიკალურად შეცვლამდე მიმართეთ ექიმს. სტატიას მხოლოდ საინფორმაციო ღირებულება აქვს.
ჩემი ცხოვრების პირველი 34 წელი დღეში ყოველთვის სამჯერ ვჭამდი. დიდად არც ვფიქრობდი ამაზე. რუტინა სასიამოვნო იყო, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯდებოდა და, ზოგადად, ხალხი ხომ ასე იქცევა: დღეში სამჯერ ჭამს. თუმცა გასული ზაფხულის დასასრულს ჩემმა ამ ჩვევამ მოშლა დაიწყო. სახლიდან მუშაობით გამოწვეულმა დროის შეგრძნების დაკარგვამ და სოციალური გეგმების არქონამ კვების რუტინა ამირია. ამის გამოსასწორებლად ახლის შექმნას შევუდექი და შედეგად უცნაურ, მაგრამ შედეგიან გამოსავალს მივაგენი — დიდ ულუფას.
დიდი ულუფა ზუსტად ის არის, რაც გგონიათ: ულუფა, რომელიც მოცულობითია. იგი, ასევე, არც კონკრეტულ დროზეა მიბმული. დიდი ულუფა არ არის საუზმე, სადილი ან ვახშამი — ეს ის სოციალური კონსტრუქციებია, რომლებიც ჩემს სახლში უკვე აღარ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ დიდი ულუფა თეორიულად ნებისმიერი მათგანის დროს შეიძლება მივირთვათ. დიდი ულუფის დრო მაშინ დგება, როდესაც მზად ვართ მის მისართმევად, ამ დროის ამოცნობა კი მხოლოდ თქვენ თვითონ შეგიძლიათ. ჩემთვის ეს დრო შუადღის ბოლოა, თუმცა ზოგჯერ საუზმის პერიოდსაც ემთხვევა. როგორც წესი, დიდ ულუფას დღეში ერთხელ მიირთმევ.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა დიეტის ტიპი, რომელსაც "ინტერვალური შიმშილი" ეწოდება. მისი დაცვისას ადამიანები კალორიებს დღის განსაზღვრულ დროს იღებენ. თუმცა დიდი ულუფა ეს არ არის — იგი დიეტა საერთოდ არ არის, რადგან მაშინ ვჭამ, როდესაც მომინდება.
კვების ჩემს რეჟიმში მომხდარი ეს უცნაური ცვლილება მხოლოდ დასაწყისი იყო. პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი თავდაყირა დააყენა, თუმცა გავლენა კვებაზე განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. კაფეებისა და რესტორნების დაკეტვამ და შაბათ-კვირის მოწყენილობამ ადამიანები აიძულა, თავად მოემზადებინათ საჭმელი. პროდუქტის სახლში მიტანის აპლიკაციებმა პოპულარობის მწვერვალს მიაღწია. ფქვილზე, ლობიოზე, მაკარონზე მოთხოვნა გაიზარდა. ხალხმა პურის ცხობაც დაიწყო და ახალ-ახალი შესანიშნავი რეცეპტები ვირუსივით მოედო ყველას, ვინც სახლში ამზადებდა საჭმელს.
იმ ადამიანებსაც კი, ვისაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ასე თუ ისე სტაბილური ცხოვრება ჰქონდათ, კვების რეჟიმი მაინც აერიათ. თუმცა ეს მაინცდამაინც უარყოფით მოვლენად არ უნდა აღვიქვათ. ყოველდღიური ცხოვრების მკვეთრმა ცვლილებამ აიძულა ხალხი, ახალი ჩვევები გამოემუშავებინათ — გაეგოთ, რეალურად რისი და როგორ ჭამა უნდოდათ.
კვების ბიზნესის შესახებ უკანასკნელი წლის სიახლეებს თუ გადავხედავთ, უდავოა, რომ უამრავმა ადამიანმა თავისი ჩვევები გარკვეულწილად შეცვალა. მაგალითად, ბევრი ადამიანი უფრო მეტ სასუსნავს ყიდულობს — იანვარში ლეისის ჩიფსის მფლობელმა კომპანიამ, Frito-Lay-მ განაცხადა, რომ წელი 40%-ით გაუმჯობესებული გაყიდვებით დაასრულა. ერთ-ერთი საბაზრო ანალიზის თანახმად, ხილის სასუსნავის კატეგორიაში გაყიდვები გაორმაგდა. გაყინული საკვების გაყიდვები აშშ-ში 20%-ით გაიზარდა. ინტერნეტით შეკვეთილი შეფუთული საკვები პროდუქტების გაყიდვებს — რომელთა შორის საღეჭი რეზინი და ღვინოც კი შედის — ასევე დაეტყო ზრდა.
თუმცა გაყიდვების სტატისტიკა და ახალ ტენდენციებზე გაკეთებული ანგარიშები ამბის მხოლოდ ერთი მხარეა. მილიონობით ისეთი ადამიანისთვის, ვინც პანდემიის დროს შემოსავლის წყარო დაკარგა, სურსათის შეძენაც კი რთული გახდა. მდიდრებს მიწოდების სერვისით ნაყიდმა ხიზილალამ და ძვირიანი რესტორნების უსაფრთხო სივრცეებმა საშუალება მისცეს, რუტინა გადაეხალისებინათ. რაც შეეხება საშუალო ეკონომიკურ ფენას, მათ დამოუკიდებლად და ნაჩქარევად მოახერხეს ახალი, კონკრეტულად თავიანთ საჭიროებებზე მორგებული რუტინის ჩამოყალიბება.
ვენდი რობინსონმა, მინესოტას შტატის საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრატორმა მითხრა, რომ სახლიდან მუშაობას მასზე განსხვავებული ეფექტი ჰქონდა. პანდემიამ მის ცხოვრებას მეტი დღიური კერძი შემატა. "პანდემიამდე განსაზღვრული რეჟიმი არ მქონდა, რადგან ძალიან დაკავებული ვიყავი", — ამბობს ვენდი. საჭმელი, რომელსაც ის მიირთმევდა, ყოველთვის სხვადასხვა ადგილიდან მოდიოდა — თანამშრომლის მაგიდიდან, კამპუსის სასადილოდან, ხანაც სტარბაქსიდან. ახლა ის, როგორც წესი, წესიერ საუზმეს მიირთმევს და მეტსაც ამზადებს, რაც ყოველთვის იყო მისი ჰობი. ეს იმიტომ, რომ ახლა მას ამის კეთება მაშინაც კი შეუძლია, როდესაც ვირტუალურ კონფერენციებზეა. ვენდის ის დროც გაუთავისუფლდა, რასაც მანამდე მგზავრობაში ხარჯავდა.
ბავშვებიც თავისებურად მოერგნენ პანდემიურ ყოფას. ვენდის და მის ქმარს, რომელიც ასევე სახლიდან მუშაობს, ორი შვილი ჰყავთ. ონლაინსწავლების პირველი რთული თვეებისა და სტრესის მიუხედავად, სახლში გამოკეტილმა ცხოვრებამ ვენდის უფრო მეტი საშუალება მისცა, ბავშვებთან ერთად მოემზადებინა საჭმელი. მისმა 12 წლის ბიჭმა ენთუზიაზმით აითვისა ეს ახალი აქტივობა. "მან მართლაც კარგი ომლეტის მომზადება ისწავლა. თავისთვის ასევე გრილზე ყველსაც იწვავს ხოლმე", — ამბობს ვენდი, — "ხანდახან, როდესაც დაკავებული ვარ, ლანჩსაც კი მიმზადებს".
უფრო პატარებთან საქმე მეტად რთულადაა. ლუისვილში, კენტუკის შტატში მცხოვრები არქიტექტორის, სკოტ ჰაინსის 4 და 5 წლის შვილები საკმარისად მოზრდილები არ არიან, რათა საჭმელი მოამზადონ, თუმცა საკმარისად მოზრდილები არიან, რათა ტკბილეული ჩაიგდონ ხელში: "გეფიცებით, ზოგი დღე მხოლოდ სასუსნავის ჭამაშიც კი გაუტარებიათ". კარგი ამბავი ისაა, რომ სახლიდან მომუშავე ჰაინსს, რომელიც ენთუზიასტი მზარეულია, უფრო მეტი დრო აქვს ახალ-ახალი რეცეპტების გამოსაცდელად. მანამდე ის ისეთ საკვებზე იყო დამოკიდებული, რომელიც სწრაფად მზადდებოდა და მიკროტალღურ ღუმელს მოითხოვდა. "ახლა წვნიანის გაკეთება შემიძლია; ისეთი რაღაცის გაკეთება შემიძლია, რასაც საათები ჭირდება მოსამზადებლად", — ამბობს ის.
ვისაც შვილები არ ჰყავს და თან მარტო ცხოვრობს, მათ კვებაზე პანდემიამ სხვანაირი გავლენა იქონია. როდესაც მარტო ხარ, თავს არ იტკივებ იმაზე დავით, თუ ვინ უნდა გარეცხოს ჭურჭელი და არ ცდილობ, საკვების მომზადების ვალდებულება ვინმესთან გადაანაწილო. სანაცვლოდ, ყოველ ჯერზე, როდესაც მოგშივდება, შენ თვითონ უნდა მოიკლა შიმშილის გრძნობა, რაც ხშირად რთულია. "ძალისხმევა უზარმაზარია", — ამბობს 30 წლის ეშლი კორნელი, პროექტის მენეჯერი სან-ფრანცისკოდან, — "მთელ ჩემს ცხოვრებას ჭურჭლის რეცხვაში ან საჭმლის მომზადებაში ვატარებ". პანდემიამდე ეშლის კვება, ძირითადად, სოციალურ სიტუაციებზე იყო დამოკიდებული. ის, როგორც წესი, ოფისში ყოფნისას რესტორნების გამზადებულ კერძებს მიირთმევდა. ეშლი დღესაც უკვეთავს საჭმელს, თუმცა თავს დამნაშავედ გრძნობს ხოლმე, როდესაც კურიერს საჭმლის შინ მოტანას სთხოვს. დღის განმავლობაში ზუმის მუდმივი შეხვედრები მას საკვების მოსამზადებლად დროს არ უტოვებს და, როგორც წესი, სასუსნავით იკმაყოფილებს ხოლმე შიმშილის გრძნობას.
ეშლის თქმით, როდესაც ამის დრო აქვს, საჭმლის მომზადება სიამოვნებს. "რაღაც სასიამოვნოა მუსიკის ჩართვაში, საღამოს კერძის მომზადებასა და ნახევარი ჭიქა ღვინოს მირთმევაში". ის გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში ვეგეტარიანელი გახდეს. პანდემიის დროს საჭმელზე მოპოვებული მეტი კონტროლი მას ამაში ეხმარება — ჯერ მიზნისთვის არ მიუღწევია, თუმცა ახლა ბევრად ნაკლებ ხორცს ჭამს, ვიდრე ადრე.
დღეში სამჯერადი კვების ნორმის მოშლა თავიდან უცნაურად და არაბუნებრივად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა კვების ეს ტიპი ადამიანთა ისტორიაში ძალიან გვიან გამოჩნდა და სოციალური მიზეზებით იყო განპირობებული. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საჭმლის ისტორიკოსის, ემი ბენტლის მიხედვით, დღეში სამჯერ იმიტომ არ ვჭამთ, რომ ასე კვების მეცნიერებამ ან ადამიანის ბუნებრივმა მიდრეკილებამ დაადგინა. ეს, ძირითადად, ინდუსტრიალიზაციის შედეგია, რომელმაც თანამედროვე გაგებით, "სამუშაო დღე" ნორმად აქცია და მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლს მოწყვიტა. პრეინდუსტრიული სამყარო მეტად აგრარული იყო და, შესაბამისად, ადამიანებიც მაშინ მუშაობდნენ, როდესაც მზე ანათებდა. ისინი მხოლოდ დილის შუაში და შუადღეს ისვენებდნენ. "გარეთ, მიწაზე ფიზიკური შრომა უფრო ორჯერადი კვებისთვის ხელსაყრელი რეჟიმი იყო. ამის გამო მათი ულუფები ერთობ დიდი გახლდათ", — ამბობს ბენტლი.
დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიური შრომა მოწყდა სახლს — მეტი ბავშვი მიდიოდა სკოლაში და ქალებიც უფრო აქტიურად შეუერთდნენ შრომის ბაზარს. საკვების დამზადების ინდუსტრიალიზებულმა წესმა გააჩინა პროდუქტები, რომლებიც მომუშავეებს საშუალებას აძლევდა, სწრაფად და მარტივად დაემზადებინათ საუზმე. ეს პროდუქტები მანამდე არც კი არსებულა, მაგრამ მათი პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ინდუსტრიალიზებული პროდუქტი — მაგალითად, საუზმის ბურბუშელები და მსგავსი მარტივად მოსამზადებელი საჭმელი — ისეთი დიეტის ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც ნაკლები კვებითი ღირებულების პროდუქტია. ამის გამო საჭირო გახდა, დასაქმებულებს სახლში დაბრუნებამდე მეორეჯერაც ეჭამათ. სახლში კი მათ ვახშამი ელოდათ, რადგან ეს უკანასკნელი ოჯახშიდა სოციალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ და ხშირად დღემდე არის.
ალბათ უკვე ხედავთ, საითკენ მიმყავს მსჯელობა. რა თქმა უნდა, სამსახურში სასიარულო დროის გაქრობამ, დისტანციურმა სწავლებამ და სენდვიჩის გაკეთებისთვის მოქნილმა დროის გრაფიკმა შეცვალა ის, თუ როგორ ჭამს ადამიანი. დღეში სამჯერ ჭამის აქსიომა იმისთვის შეიქმნა, რათა ადამიანის ცხოვრება სახლს მოწყვეტილ სამუშაოს მორგებოდა. დღეს ადამიანების კვების სტილი კიდევ ერთხელ იცვლება, რათა სრულიად ახლებური გამოწვევები დააკმაყოფილოს. ჩვენი ძველი კვებითი რუტინა იმდენადვეა ბუნებრივი, რამდენადაც — დღეში 10 საათი ვიწრო ოფისში ჯდომა.
თუმცა კვების საკითხი ემოციური თემაა და ხალხსაც ხშირად ჰგონია, რომ ქცევის შეცვლა — თუნდაც ეს ბუნებრივი იყოს — არაჯანსაღია. რეიჩელ ლარკი რეგისტრირებული დიეტოლოგია ნიუ-იორკიდან და კვებით აშლილობებზე კონცენტრირდება. ის ამ პრობლემას ხშირად აწყდება. "ხალხი გრძნობს, თითქოს მათი რუტინა აირია და დღეებს სტრუქტურა არ გააჩნიათ", — ამბობს ლარკი, — "რუტინის ქონის დროს ჩვენი სხეული გვეუბნება: კარგი, საღამოა, ვახშმის დროც მოვიდა". ამ მოლოდინების გარეშე ადამიანები შიმშილს იმ დროს ამჩნევენ, რა დროც დიდად არ ჯდება სამჯერადი კვების რეჟიმში ან უმადოდ არიან მაშინ, როდესაც წინასწარ დაწესებულ დროს ჭამა უწევთ.
ამ გამოწვევებს ყველა სხვადასხვანაირად ეჯახება. ახალ საჭიროებებზე მორგება უფრო მარტივია, თუ საკმარისი ფული გაქვს სამზარეულოს აღჭურვილობისა და საჭმლისთვის, ან თუ კვების თემა შენთვის ემოციურად დამუხტული და სტრესული არ არის.
თუმცა, როგორც ლარკი აღნიშნავს, პანდემიის დროს მომატებულ წონასთან დაკავშირებული პანიკა ხშირად უსაფუძვლოა. ადამიანები წონაში იმის მიხედვით იმატებენ და იკლებენ, თუ როგორ იცვლება მათი ცხოვრებისეული მდგომარეობა. ამასთან, წონის მომატებასთან დაკავშირებულმა პანიკამ შეიძლება ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვიუარესოს. მნიშვნელოვანი ის არის, გვაგრძნობინებს თუ არა თავს უკეთესად და ჯანმრთელად ის ცვლილებები, რომლებიც კვების ჩვენს რუტინას ეხება; ეწყობა თუ არა ის ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებასა და მოთხოვნებს იმაზე მეტად, ვიდრე — კვების წინა რუტინა.
საკვებთან დაკავშირებულ ახალ, არაჯანსაღ მიდრეკილებებს — მაგალითად, იმაზე გაცილებით მეტის ან გაცილებით ნაკლების ჭამას, ვიდრე ამას მანამდე ვაკეთებდით — ყურადღების მიქცევა სჭირდება. მაგრამ ყურადღების მიქცევა არ სჭირდება საჭმლის მიღების ახალ ჩვევებს, რომლებიც უფრო ხელსაყრელი ან სასიამოვნო არის იმ სტრესულ, უცნაურ გარემოში, რომელშიც ამოვყავით თავი. "ჩვენ არ გვასწავლიან, რომ უნდა ვენდოთ ჩვენი სხეულიდან წამოსულ მინიშნებებს", — ამბობს ლარკი, — "მათთვის ყურის გდება თავდაპირველად სტაბილურობის დამრღვევი შეიძლება გეჩვენოთ".
დღეს რთული არ არის იმის დანახვა, თუ როგორ შეგვეძლება, უკეთ მოვარგოთ პოსტპანდემიური ცხოვრება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქცევებს, როგორიც ჭამა და საჭმლის მომზადებაა. იქამდე კი წადით და ის გააკეთეთ, რაც გსიამოვნებთ. არ არის აუცილებელი, ბერძნული იოგურტის ძალით ჩაცლა თუ საუზმეზე შიმშილს არ გრძნობთ. არ არის აუცილებელი, თავს საჭმლის მომზადება დააძალოთ, როდესაც დაღლილი ხართ და მარტივი ყველი და კრეკერებიც გესიამოვნებოდათ. შეიძლება, მთლად დიდ ულუფაზე არ გადახვიდეთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, საუზმის, სადილის და ვახშმის რუტინის ტყვეობაში დარჩეთ.
კომენტარები