რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
სიბერე — დაავადება, რომელსაც განვკურნავთ?
ყველას უნდა მოხუცის ასაკამდე მიღწევა, მაგრამ არავის უნდა, რომ იყოს ბებერი — ერთი შეხედვით ეს პარადოქსია, რომელსაც ადამიანი ვერ გაექცევა... ჯერ ვერ გაექცევა.
ბერძნულ მითოლოგიაში ვხვდებით ტითონოსს, ულამაზესს ჭაბუკს, რომელსაც თავისი სილამაზის გამო განთიადის ქალღმერთი ეოსი იტაცებს. ეოსი ბიჭს ქმრად გაიხდის და ზევსს სთხოვს, რომ მის შეყვარებულს მარადიული სიცოცხლე უბოძოს. ზევსმა შეისმინა ქალღმერთის და მისი ქმარი მართლაც უკვდავი გახადა, მაგრამ ერთი დეტალი ყველას გამორჩა, ტითონოსი დაბერებას განაგრძობდა. ასე იქცა ლეგენდის თანახმად ტითონოსი უკვდავ მოხუცად და ის ბოლოს იმდენად დაჩაჩანაკდა, რომ სიკვდილი სანატრელი გაუხდა.
ტითონოსის მითის მაგალითით კარგად ჩანს, რომ ადამიანი ოდითგანვე არა მარტო უკვდავებაზე, არამედ სიბერეზეც ფიქრობდა. მარადიულ სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ მასთან ერთად ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვიქნებით.
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში ჩატარდა საინტერესო კვლევა, სადაც ასაკში მყოფ ადამიანებს ეკითხებოდნენ, მიიღებდნენ თუ არა ისინი უკვდავების აბს და გაიყინებოდნენ თუ არა სამუდამოდ თავის ასაკში, რაზეც უმეტესობამ უარყოფითი პასუხი გასცა.
"88 წლის მოხუცის სხეულში სამუდამოდ დარჩენა არც ისე მომხიბვლელი აღმოჩნდა", — შეაჯამეს კვლევის ავტორებმა.
ჩნდება შეკითხვა — რა არის სიბერე, რატომ ვბერდებით? ნუთუ ის იმდენად გადაულახავია, რომ მის გამო უკვდავებაზეც უარს ვამბობთ?
რამდენიმე საუკუნის წინ, ამ შეკითხვებზე პასუხი იყო, რომ სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . . თუმცა, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბევრი მოცემულობა იყო, რაც ერთი შეხედვით ადამიანს არ შეეძლო, მაგრამ დღეს ჩვენ დავფრინავთ, პლანეტის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მყოფ ახლობელს ვესაუბრებით, მთვარეზე დავდგით ფეხი და ახლა ახალი პლანეტის ათვისებასაც ვაპირებთ. შესაბამისად, სიტყვა "ჯერ", რომელიც თავში ვახსენე, არც ისე უადგილოა, მით უმეტეს, რომ დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც.
იმისთვის, რომ რაღაცას ვუმკურნალოთ, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზები ზუსტად ვიცოდეთ. ქვემოთ სწორედ ამ მიზეზებს მიმოვიხილავთ.
მეცნიერები დაობენ იმის თაობაზე, თუ რა არის ბიოლოგიური დაბერების ჭეშმარიტი მიზეზი. ზოგი ამაში გენებს ადანაშაულებს, რომელთაც თვითგანადგურების უნარი შესწევთ, ან პირიქით. ამასთან, ორგანიზმში დროთა განმავლობაში დაგროვილი დაზიანებებიც არ უნდა დავივიწყოთ, რომელთა გავლენასაც ორგანიზმი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის. დროსთან ერთად კი, ორგანიზმს ამ დაზიანებების აღდგენა სულ უფრო უჭირს, რაც საბოლოოდ დაბერებით და ორგანიზმის ჩამოშლით სრულდება.
თავშივე უნდა აღინიშნოს, დაბერების იმდენი თეორია არსებობს, რომ შეიძლება "დაბერება" ცალკე მეცნიერების დარგადაც ვაქციოთ. მიღებულია, რომ დაბერება გამოწვეულია მრავალი პროცესით და არა ერთი კონკრეტული მიზეზით. სწორედ ამ პროცესების ერთიანობაა ის რასაც ჩვენ "სიბერეს" ვეძახით.
დაბერების ორი ტიპი შეგვიძლია განვიხილოთ, შინაგანი და გარეგანი. გარეგანი მოქმედება აქვს რადიაციას, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და ქიმიურ მუტაგენებს. რაც შეეხება შინაგანს, ის კიდევ უფრო კომპლექსურია.
უჯრედული დაბერება — შეცდომების თეორია
უჯრედული დაბერება შინაგან ტიპს მიეკუთვნება და დაკავშირებულია უჯრედის ბიოლოგიურ დაბერებასთან. კარგად ვიცით, რომ უჯრედები სხეულის ძირითადი სამშენებლო ბლოკებია. უჯრედები დაპროგრამებულია დაყოფაზე. ამით ისინი მრავლდებიან და ასრულებენ ძირითად ბიოლოგიურ ფუნქციებს. როგორც ნებისმიერი კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი, ხშირი გამოყენების შედეგად ცოცხალი ორგანიზმის ნაწილებიც ცვდება. ეს ცვეთა ჯერ უჯრედებზე მოქმედებს, საბოლოოდ კი მთლიან ორგანიზმზე. ერთი სიტყვით, უჯრედები ცვდებიან და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ, რაც ჩვენს ორგანიზმს "განახლების" საშუალებას აღარ აძლევს.
გენეტიკური დაბერება
ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ჩვენ გენეტიკურად ვართ დაბერებისთვის დაპროგრამებული. მათი აზრით, სიბერე ჩვენს დნმ-შია გაწერილი. მაგალითად, საშუალოდ კუ ბევრად უფრო დიდ ხანს ცოცხლობს, ვიდრე თაგვი. გიგანტურმა კუმ შეიძლება 150 წელსაც მიაღწიოს, როდესაც თაგვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწორედ აქედან მიიჩნევა, რომ გენეტიკურ მასალაში კოდირებული ინფორმაცია განაპირობებს, თუ რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ამა თუ იმ სახეობამ.
აქ ისევ უჯრედებთან მივდივართ. დნმ-ის რეპლიკაცია არ არის სრულყოფილი პროცესი. დნმ-ის ამ პროცესს, ისევე როგორც ნებისმიერ მანქანას, აქვს გარკვეული დეფექტები, რომელთა გამოსწორება ყოველთვის შეუძლებელია. მისი მუშაობის გამო, ყოველ ჯერზე დნმ-ის ტირაჟირებისას, მისი დასასრულის ზოგიერთი ნაწილი იკარგება. უჯრედის გაყოფის ყოველი რაუნდის დროს, მისი ბოლოებიდან მეტი დნმ იკარგება, რაც საბოლოოდ ორგანიზმს ფუნქციონირებაში უშლის ხელს.
ერთი სიტყვით, ეს თეორია გვთავაზობს, რომ სპეციფიკური გენები დროთა განმავლობაში "ირთვება" და "ითიშება", რაც იწვევს დაბერებას.
სიბერის იმუნოლოგიური თეორია
ამ იდეას თუ მივყვებით, სიბერე იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შედეგია. დროთა განმავლობაში იმუნური სისტემაც კარგავს ქმედითუნარიანობას. ეს კი ორგანიზმის დასუსტებას და თავდაცვითი უნარის დაქვეითების მიზეზი ხდება. ასეთ დროს ორგანიზმში მავნე აგენტები თავისუფლად აღწევენ და მას მარტივად აზიანებენ. ეს საბოლოოდ დაბერებასთან არის კავშირში.
არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა მწყობრიდან ისე გამოდის, რომ მავნე და საჭირო ორგანიზმებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. ეს იგივე აუტოიმუნური მდგომარეობაა, რა დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის თავისივე ორგანიზმს.
დაბერების ევოლუციური თეორია
ამ თეორიის მიხედვით, ბუნებრივი გადარჩევა ორგანიზმის გარემოს მიმართ ადაპტაციაზეა დამოკიდებული. ევოლუციური თეორიის მიხედვით, დაბერება ბუნებრივი გადარჩევის ნაწილია. თეორია ამბობს, რომ ორგანიზმი იწყებს დაბერებას მას შემდეგ, რაც რეპროდუქციის პიკს აღწევს. ასე ორგანიზმი ახალ სიცოცხლეს აჩენს და "საჭიროებას კარგავს".
თეორიის მიხედვით, როდესაც მეტი მეტაბოლური რესურსი მიმართულია გამრავლებისკენ, ნაკლები ყურადღება ექცევა დნმ-ის აღდგენას. შედეგად ხდება უჯრედების დაზიანება და დაბერება.
უჯრედები, რომლებიც უნდა მოკვდნენ, არ კვდებიან
ჩვენი ორგანიზმი მუდმივად იცვლება. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენ განვიცდით, როგორც დაშლის, ისე განახლების პროცესს. ყოველ წამს ადამიანის ორგანიზმი მილიონობით ახალ უჯრედს წარმოქმნის. შესაბამისად, უჯრედები იცვლებიან, კვდებიან და მათ მაგივრად ახლები ჩნდებიან. თუმცა, ზოგი მათგანი სიკვდილზე უარს ამბობს.
მათ მეცნიერები "ზომბ უჯრედებს" უწოდებენ და ისინი სხვა ჯანმრთელ უჯრედებს აინფიცირებენ. ამის გარდა, მათ ხანდაზმულობის უჯრედებსაც ვეძახით.
ხანდაზმული უჯრედების რაოდენობა დროსთან და ასაკთან ერთად მატულობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოხუც თაგვებში ასაკოვანი უჯრედების აღმოფხვრა ხანდაზმულობის ეფექტზე მოქმედებს. დიახ, ასეთ დროს თაგვები უფრო ნელა ბერდებიან. ამის საპირისპიროდ, თუ თაგვში ხანდაზმულობის უჯრედებს შეიყვანთ, ორგანიზმი უფრო მალე ბერდება. ეს ყველაფერი ექსპერიმენტულადაა დადასტურებული.
სიცოცხლის გახანგრძლივება
სულ რაღაც 70 წლის წინ მსოფლიოში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 45 წელი იყო. დღეს იგივე სტატისტიკით, საშუალოდ ადამიანი 70 წელზე მეტს ცოცხლობს. ლოგიკურია თუ ვივარაუდებთ, რომ დროსთან ერთად საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაბერების წინააღმდეგ წამლებს არ ვიღებთ, უკეთესმა კვებამ, ჰიგიენამ, მედიცინამ და მეცნიერებამ სულ რაღაც ერთ საუკუნეში სიცოცხლის ხანგრძლივობა გააორმაგა. თუმცა, დაბერებას ჯერ ნამდვილად ვერ გავურბივართ, მეტიც, სწორედ ახლაა ის პერიოდი, რომელშიც ყველაზე მეტი დაბერებული ადამიანი ცხოვრობს.
გავექცევით?!
როგორც თავში აღვნიშნე, წარსულში ადამიანს ბევრი რამ არ შეეძლო, მაგრამ დღეს ეს ასე აღარ არის. გავექცევით სიბერეს? ეს ის შეკითხვაა, რაც სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელ ფანტასტობად მიიჩნეოდა და თავად ამ შეკითხვის დასმაც არაეთიკური იყო. დღეს სიბერე მეცნიერებისთვის გამოწვევაა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კვლევა და ექსპერიმენტი ტარდება, რათა მოხერხდეს და ეს გამოწვევა გადაილახოს.
შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა შევანელოთ დაბერება, სავარაუდო პასუხები იმდენივეა, რამდენიც თავად დაბერების გამომწვევი თეორიები. თუმცა, მთლიანობაში ყველა თანხმდება, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი დაბერების თეორია აზრს არაა მოკლებული და მთლიანობაში ისინი ერთმანეთთანაა კავშირში. შესაბამისად, საჭიროა მათ შორის ურთიერთქმედების გამოვლენა. მეცნიერები სწორედ ამას ცდილობენ.
დღეს უკვე არსებობს სამეცნიერო ექსპერიმენტები, სადაც დაბერების პროცესის შენელება მოხდა. საუბარია ადამიანზე უფრო მარტივ ორგანიზმებზე, როგორიცაა ჭიები და თაგვები. კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიების, ისევე როგორც თაგვების შემთხვევაში სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია.
მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ისრაელის მეცნიერებმა განაცახდეს, რომ 250 თაგვის სიცოცხლე 23%-ით გაახანგრძლივეს. მათ SIRT6-ის — დნმ-ის აღდგენაზე პასუხისმგებელი ცილის მარაგი 250 თაგვის ორგანიზმში წარმატებით გაზარდეს. მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ იკლებს SIRT6-ის დონე ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად, რაც შედეგად ამცირებს ცხიმებიდან და რძემჟავადან ენერგიის წარმოების უნარს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გენეტიკური ინჟინერიით თაგვებში SIRT6-ის დონე გაზარდეს, თაგვებმა შეძლეს ამ წყაროებიდან მეტი ენერგიის გამომუშავება, მათში შემცირდა ქოლესტერინის დონე და უფრო სწრაფად შეძლეს სირბილი.
ეს კონკრეტული მაგალითი, ისევე როგორც უმეტესობა მსგავსი ექსპერიმენტებისა ჯერ მაინც საწყის ეტაპზეა. ექსპერიმენტების დასახვეწად გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარება გვჭირდება, ისევე როგორც ნანობოტების, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მოხვდებიან და უჯრედებს განახლებაში დაეხმარებიან.
ეს პროცესები უკვე დაწყებულია და ახლო მომავალში მხოლოდ თუ აჩქარდება. ისრაელში ჩატარებული ექსპერიმენტის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, თაგვის 23%-ით სიცოცხლის გახანგრძლივება ადამიანში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 120 წლამდე გაზრდის.
დაბოლოს, დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას, რატომ ვბერდებით? როგორც ვხედავთ, ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ის ზედმეტად კომპლექსურია და მოიცავს უამრავ ისეთ ფაქტორს, რაც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვესმის. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი სწორედ რომ "ჯერ" არის. სასწორის ორ მხარეს სიბერეს და მეცნიერებას თუ დავაყენებთ, სიბერის წინააღმდეგ იმ ფაქტორს ექნება წონა, რომ ადამიანებმა უკვე ბევრი "ჯერ" გავაჩინეთ და ბოლოს გადავლახეთ კიდევაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები