მეცნიერებმა 250 თაგვის სიცოცხლე 23%-ით გაახანგრძლივეს და იგივეს ცდას ადამიანებზეც აპირებენ
ისრაელის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 23%-ით გაზარდეს, ახლა კი იმედოვნებენ, რომ ადამიანების შემთხვევაშიც შეძლებენ იმავეს.
Times of Israel-ის მიხედვით, რამათ-განის ბარ-ილანის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ SIRT6-ის — დნმ-ის აღდგენაზე პასუხისმგებელი ცილის მარაგი 250 თაგვის ორგანიზმში წარმატებით გაზარდეს. მათ ისიც აღნიშნეს, რომ ის თაგვები, რომლებსაც მკურნალობა ჩაუტარდათ, უფრო ენერგიულები იყვნენ, ვიდრე დანარჩენები და მათში კიბოს განვითარების რისკი უფრო დაბალი იყო.
"სიცოცხლის ხანგრძლივობის ასეთი ცვლილება არც ისე მცირე დროა — ეკვივალენტურმა ცვლილებამ ადამიანებში, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 120 წლამდე გაზარდოს", — განუცხადა Times of Israel-ს ჰეიმ კოენმა, ბარ-ილანის უნივერსიტეტის მინა და ევერარდ გუდმენების სიცოცხლის მეცნიერების ფაკულტეტის მოლეკულური მექანიზმისა და დაბერების ლაბორატორიის უფროსმა.
გუნდმა რეცენზირებული კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნა. მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ იკლებს SIRT6-ის დონე ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად, რაც შედეგად ამცირებს ცხიმებიდან და რძემჟავადან ენერგიის წარმოების უნარს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გენეტიკური ინჟინერიით თაგვებში SIRT6-ის დონე გაზარდეს, თაგვებმა შეძლეს ამ წყაროებიდან მეტი ენერგიის გამომუშავება, მათში შემცირდა ქოლესტერინის დონე და უფრო სწრაფად შეძლეს სირბილი. კოენის თქმით, მათ ლაბორატორიაში ახლა იმას იკვლევენ, თუ როგორ შეიძლება SIRT6-ის დონის ზრდა ადამიანებში.
თაგვებში მეცნიერებმა SIRT6-ის დონის გაზრდა მათი გენეტიკური მოდიფიცირებით შეძლეს, ახლა კი კოენი და მისი გუნდი იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ შეიძლება იმავეს მიღწევა წამლის საშუალებით. მან ისიც დასძინა, რომ ასეთი წამლის დამზადებას შესაძლოა სულ რაღაც 2-3 წელი გვაშორებდეს.
კომენტარები