მაკდონალდსი drive-thru თანამშრომლებს Siri-ს მსგავსი AI-ით ჩაანაცვლებს
შემდგომში, როდესაც მაკდონალდსის ფანჯარასთან შეკვეთის მისაღებად გაჩერდებით, იქ მონდომებული თინეიჯერის ნაცვლად, შესაძლოა, რობოტი დაგხვდეთ.
კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ ოთხშაბათს, ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ სწრაფი კვების გიგანტი Siri-ს მსგავს ხმის ამოცნობის სისტემას ჩიკაგოში ათ drive-thru ლოკაციაზე ტესტავს. შეხვედრას ესწრებოდა Nation’s Restaurant News-იც. სისტემას შეუძლია შეკვეთების დაახლოებით 80%-ის მიღება, რომლებიც ამ გზით შემოდის და მათ 85% სიზუსტით აფორმებს. მომხმარებლების ნაწილისთვის ეს შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელიც იყოს, თუმცა კამპჩინსკი ამბობს, რომ სულ რაღაც 5 წელში ამ სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედებენ.
ეს ყველაფერი საინტერესო კითხვებს წარმოშობს იმის შესახებ, თუ რა როლს ითამაშებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები წარმოების სხვადასხვა სფეროებში. გარდა ამისა, დაუსრულებლად მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე, კომპანიის CEO-ებს მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა მისცემს ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების მოტივაციას, თუ ისინი ამას ისედაც გააკეთებენ ხარჯების შემცირების მიზნით.
"აქამდე სისტემას საკმარისი შეკვეთები არ მიუღია იმისთვის, რომ რეალურად შეგვძლებოდა ხმის ამომცნობი ტექნოლოგიის დამუშავება", — განაცხადა კემპჩინსკიმ შეხვედრაზე. "რადგან, როგორც კი მომხმარებელი შეკითხვას დასვამდა, ან უბრალოდ დაასლოკინებდა, მაშინვე ერთვებოდნენ საქმეში ჩვენი თანამშრომელბი და ამიტომ გარკვეული დრო გახდა საჭირო იმისთვის, რომ მათ ამ ტექნოლოგიის ნდობა ესწავლათ".
"რამდენიმე ტრენინგის ჩატარება მოგვიწია, რათა თანამშრომლებისთვის გვესწავლებინა, რომ თავიანთი საქმე მანქანისთვის მიენდოთ", — დაამატა მან.
ამ დროისთვის, კემპჩინსკის თქმით, საკვების მომზადების პროცესის ავტომატიზაციის პროცესი ბევრად უფრო გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს, ამიტომ, მაკდონალდსის თანამშრომლებს ჯერ სადარდებელი არაფერი აქვთ. მაგრამ, რესტორნების ავტომატიზაციის ზრდის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ დგება ის საკითხი, თუ რამდენად აკისრია კომპანიებს ადამიანების დაქირავების პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც მათი მანქანებით ჩანაცვლება მარტივად შეუძლიათ.
კომენტარები