დები ბრონტეების საიდუმლო: როგორ იქცა დიასახლისობის ციხე შედევრების შექმნის მოტივაციად
"მას შემდეგ, რაც 1857 წელს ელიზაბეთ გასკელმა თავისი ცნობილი ნამუშევარი, შარლოტა ბრონტეს ცხოვრება, გამოაქვეყნა, ალბათ წელიც არ გასულა ისე, რომ დები ბრონტეების შესახებ რამე არ გამოსულიყო — იქნებოდა ეს სხვადასხვა ჟურნალის სტატიები, თეატრალური დადგმები, სქელტანიანი ბიოგრაფიები, ჩაის ტილოებზე ამოქარგული ციტატები, ფილმები თუ ეკრანიზაციები", — წერს ლუკასტა მილერი "ბრონტემანიის" ისტორიაზე შექმნილ თავის 2001 წლის წიგნში, ბრონტეების მითი.
ბრონტეებისადმი ინტერესი დღემდე არ ჩამცხრალა. გარდა იმისა, რომ მათი ნაწარმოებები ახალ-ახალი ტირაჟითა და თარგმანით გამუდმებით გამოიცემა, ამასთან, დები სხვა მწერალთა შთაგონების წყაროც ხშირად ხდებიან. მაგალითად, 2015 წლის ესეების წიგნში, ბრონტეების კარადა: სამი სიცოცხლე ცხრა ნივთში, აღწერილი შარლოტა, ემილი და ენ ბრონტეების ნივთები მკითხველს მე-19 საუკუნის ეპოქისა და კერძოდ ბრონტეების ცხოვრების ამომხსნელ გასაღებად გვევლინება.
ბრონტეების კულტი შეიძლება რელიგიადაც კი ჩაითვალოს. ამგვარი დამოკიდებულების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი იმან ითამაშა, რომ მათი ცხოვრება დღემდე იდუმალებითაა მოცული. როგორ მოხდა, რომ ღარიბმა და სოციალურ სიტუაციებში მოუქნელმა ყოფილმა გუვერნანტმა, შარლოტამ და მისმა კიდევ უფრო ასოციალურმა დამ, ემილიმ ისეთი რომანების და ლექსების დაწერა მოახერხეს, რომლებმაც მე-19 საუკუნის თითქმის ყველა სხვა ბრიტანული რომანი და პოემა გადაფარეს თავიანთი ცოცხალი ნარატივით? დები ხომ იორკშირში, თავიანთი მამის საპასტორო სახლში დიასახლისობდნენ და ძალიან შორს იყვნენ ლონდონის ლიტერატურული წრეებიდან. 1925 წელს ჯეინ ეარისა და ქარიშხლიანი უღელტეხილის შესახებ გამოქვეყნებულ ესეში ვირჯინია ვულფი სწორედ ამ სასწაულზე საუბრობს:
"როდესაც ჯეინ ეარს ხელახლა ვშლით, გონებაში მყისვე იპარება ეჭვი, რომ ამ წიგნის ავტორის წარმოსახვითი სამყარო ისეთივე მოძველებული და შუავიქტორიანული იქნება, როგორიც მისი საცხოვრებელი ადგილია იორკშირის საპასტორო მიწებზე... თუმცა, როდესაც ნაწარმოების კითხვას ვიწყებთ, ყოველგვარი მსგავსი ეჭვი მომენტალურად გვიქრება".
თუ შარლოტას ნაწერები ძლიერი ქარის დაბერვას ჰგავს, ემილის რომანი, ქარიშხლიანი უღელტეხილი, მართლაც ნამდვილი ქარიშხალია. ვულფი წერს, "მის პერსონაჟებს, მოჩვენებებსაც კი, სიცოცხლის ისეთი აღმაფრენა ახასიათებთ, რომ ისინი რეალობასაც კი სცდებიან" (მკითხველთა უმეტესობის მსგავსად, ვულფიც უგულებელყოფს ბრონტეების უმცროს დას, ენს, რომელიც ნაკლებად სახელგანთქმული მწერალი და პოეტი იყო, და, ასევე, ბრონტეების ძმას, ბრენუელს — წარუმატებელ პოეტსა და მხატვარს, რომელიც საბოლოოდ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა). შემდგომში ვულფმა თავის უფრო ცნობილ ესეში, საკუთარი ოთახი, იმაზე დაწერა, თუ რისი შექმნა შეეძლო შარლოტას, ვიქტორიანული სოციუმის ნორმებს მისი არტისტული პოტენციალი რომ არ შეეზღუდა.
ვულფი გამოყოფს ჯეინ ეარის ერთ-ერთ მონაკვეთს, სადაც, მისი აზრით, ჯეინის ბაგეებიდან თავად ავტორის ხმა ისმის. კერძოდ, ამ დიდაქტიკურ მონაკვეთში შარლოტა თავის თანამედროვე სოციუმში ქალების "საქმიანი სამყაროდან" და "პრაქტიკული გამოცდილებიდან" გარიყულობას აკრიტიკებს. ის კიცხავს იმ ნორმებს, რომლის თანახმადაც, ქალთა საქმიანობა მხოლოდ "პუდინგების კეთებითა და წინდების ქსოვით, ფორტეპიანოზე დაკვრითა და ჩანთების ქარგვით უნდა შემოიფარგლებოდეს". ვულფის აზრით, ეს ცხადყოფს, რომ შარლოტას ფანტაზია, მიუხედავად მისი სითამამისა, მაინც შეზღუდულია — რომ მას "არასოდეს მიეცემა თავისი გენიის სრულად ჩვენების შესაძლებლობა. მის ნამუშევრებს დაამახინჯებენ და შეცვლიან. ამიტომაც, ის რისხვით დაწერს იმას, რისი დაწერაც მშვიდად შეეძლო". ვულფი ამბობს, რომ შარლოტას ნაწერი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, მას "წელიწადში სამასი ფუნტი მაინც რომ ჰქონოდა".
მაგრამ ვულფი მსჯელობაში შეცდომას უშვებს, რადგან ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდის ბრონტეების ისტორიას ასე მომხიბვლელს. დების სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ ისინი ვერ დააბრკოლა. შარლოტამ და ემილიმ უპრეცედენტო სიზუსტით გამოიკვლიეს და მათთვის სასარგებლოდ გამოიყენეს გენდერული ნორმების "ციხე". ისე მოხდა, რომ დებმა საკმარისზე მეტი "პრაქტიკული გამოცდილება" მიიღეს, თუმცა მათ ეს სრულებითაც არ მოსწონებიათ. სამყაროს რეალური სახის გაცნობის შემდეგ, დები სასწრაფოდ დაბრუნდნენ სახლში და სწორედ სოციუმისგან თავის დაღწევისას მოიპოვეს ისეთი ავტონომია, რომელმაც მათ თავიანთი პიროვნული, ორიგინალური ხმების ამაღლება შეაძლებინა. ქალთა შრომის ბაზრებმა მათ საუკეთესო მასალა მისცეს თავიანთი ნაწარმოებებისთვის.
დები ბრონტეები თავიანთი კლასისა და დროის ქალები იყვნენ — განათლებული, გაღატაკებული და, დიდი ალბათობით, "შინაბერობისთვის" განკუთვნილი. თუმცა მათი ბავშვობა კი ნამდვილად უნიკალური იყო. ისინი პატარაობიდანვე უდედოდ იზრდებოდნენ და არც საქმიანი მამისგან იღებდნენ საკმარის ყურადღებას. ისინი ამგვარ თავისუფლებას მაქსიმალურად იყენებდნენ თავიანთ გონებაში წარმოსახვითი სამყაროების განვითარებისთვის.
ბრონტეები კითხულობდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ; გრძელ შუადღეებს ატარებდნენ საპასტორო მიწის მინდვრებზე, რომელიც მათი სახლის უკანა ეზოდან იწყებოდა; თავიანთ წარმოდგენებში აგებდნენ ეგზოტიკურ სამეფოებს ვრცელი ისტორიითა და პოლიტიკური ინტრიგებით; დგამდნენ სპექტაკლებს, რომლებსაც მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ; გამოსცემდნენ ჟურნალებს, რომლებსაც მხოლოდ ისინი კითხულობდნენ; და რომანებსა და ლექსებს ისეთ მინიატურულ წიგნებში წერდნენ, რომ მათი წაკითხვა არცერთ ზრდასრულს არ შეეძლო. ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ხანდაზმულ მამას თავისი საპასტორო მამული კონფლიქტური მრევლის კეთილი ნების იმედად დაეკავებინა, მათი კეთილდღეობა მუდამ მყიფე გახლდათ, რის გამოც შემოსავლიანი პროფესიის პოვნა მოუწიათ. მათ დიდი არჩევანი არ ჰქონიათ: ან გუვერნანტები უნდა გამხდარიყვნენ, ან დიდგვაროვანთა შვილების მასწავლებლები.
შარლოტას პირველი პედაგოგიური საქმიანობა სამი წელი გაგრძელდა. იგი თავის სამუშაოს "საძაგელ მონობად" მიიჩნევდა, ხოლო თავის მოსწავლეებს — "გაუთლელ ხეპრეებად". ამის შემდეგ მან და ენმა გუვერნანტობა სცადეს. შარლოტას გუვერნანტად ყოფნის პირველი გამოცდილება ორი თვე გაგრძელდა. ის აღაშფოთა ახალმა აღმოჩენამ, რომ გუვერნანტები, უბრალოდ, ოდნავ მეტად პატივსაცემ ძიძებად აღიქმებოდნენ. "ახლა უფრო ნათლად ვხედავ, ვიდრე აქამდე, რომ კერძო გუვერნანტი არ არსებობს, არ ითვლება ცოცხალ და რაციონალურ არსებად, თუ ის არ ასრულებს ყოველდღიურ დამქანცველ მოვალეობებს", — სწერდა შარლოტა ემილის. ენმა გუვერნანტის მეორე პოზიციის შენარჩუნება ხუთი წლის განმავლობაში მოახერხა. მიზანთროპმა ემილიმ კი მოკლე ვადით იმუშავა პედაგოგად ქალთა სკოლაში, სადაც ერთხელ თავის მოსწავლეებს უთხრა, რომ მათ თავს სკოლის ძაღლი ერჩია.
შარლოტამ და ემილიმ ხელმეორედ სცადეს სწავლება ბრიუსელში, ჰეგერის პანსიონატში, თუმცა ამჯერად ისინი სტუდენტებიც იყვნენ. ემილიმ ორი თვის შემდეგ მიატოვა პანსიონატი და ისევ დიასახლისობას დაუბრუნდა. შარლოტამ პანსიონატში კიდევ ერთი წელი დაყო — ძირითადად იმიტომ, რომ მას თავისი მასწავლებელი და კოლეგა, კონსტანტინ ჰეგერი შეუყვარდა. ჰეგერი ბრწყინვალე, ქარიზმატული პროფესორი იყო. ის გახლდათ პირველი, ვინც ცნო დების ნიჭი და ისინი ინტელექტუალურად თანასწორ ადამიანებად აღიარა.
ჰეგერი თამამად ავლენდა თავის გატაცებას და აღფრთოვანებას ბრწყინვალე სტუდენტებისადმი, განსაკუთრებით კი შარლოტას მიმართ. "ქედმაღალი ბრონტეებისთვის ეს ერთობ გასაკვირი უნდა ყოფილიყო", — წერს კლეარ ჰარმანი, ავტორი ნაშრომისა, შარლოტა ბრონტე: ცეცხლოვანი გული. მისივე თქმით, შარლოტა "სიყვარულს იყო მოწყურებული" და "ჰეგერის მის მიმართ გამოჩენილი მძაფრი ინტერესი ნამდვილად აურევდა თავ-გზას".
თუმცა რაც მათ შორის მოხდა, უმეტესად, ალბათ "მხოლოდ შარლოტას წარმოდგენებში იყო". ჰეგერი დაქორწინებული გახლდათ შარლოტას დამსაქმებელზე — სკოლის დირექტორზე, რომელმაც მალევე შეამჩნია უფროსი ბრონტეს "გამძაფრებული აღფრთოვანება" და მისი მკაცრი კონტროლი დაიწყო. ჰეგერი შარლოტას ჩამოშორდა, რის შედეგადაც რამდენიმე თვის შემდეგ ამ უკანასკნელმა პანსიონატი დატოვა. შინ დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა, ემილისა და ენთან ერთად სკოლა დაეარსებინა, თუმცა ენერგიის უმეტეს რესურსს ჰეგერისადმი სულ უფრო და უფრო სასოწარკვეთილი წერილების გაგზავნას უთმობდა. ჰეგერი პერიოდულად სცემდა პასუხს და მაშინაც — ოფიციალური ტონით.
ბრონტეების სკოლა არასდროს გახსნილა. ამის ნაცვლად, შარლოტამ თავის ისეთი პირველი რომანი (მასწავლებელი) დაწერა, რომლის გამოქვეყნებაც სცადა. ეს იყო დაფარული (და გაუმართავი) ისტორია ბრიუსელის თავგადასავლის შესახებ. წიგნი მისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ დაბეჭდილა. თავის მომდევნო და უკანასკნელ რომანებში, ჯეინ ეარსა და პატარა ქალაქში, მან თავისი სამუშაო გამოცდილების მხატვრულ ტექსტში გამოყენება ხელახლა გადაწყვიტა და ეს საოცრად მოახერხა. მან ამ ტექსტებში აღშფოთება გამოთქვა გუვერნანტებისა და მასწავლებლების დეგრადირებული სტატუსის გამო და დაგმო იმ ქალების იზოლაცია და დაუცველობა, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას არჩევენ. ამ რომანებში შარლოტამ ჰეგერის მიმართ თავისი პირადი გრძნობებიც გაათავისუფლა, რამაც წიგნები საოცარი მგრძნობელობით დამუხტა.
თორნფლიდის სასახლეში ჯეინ ეარის ორაზროვანი როლია სწორედ ის, რაც ავტორს როგორც მაღალი, ასევე მომსახურე კლასების ასეთ მგრძნობიარე დამკვირვებლად აქცევს. პატარა ქალაქის ობოლი მთხრობლის, ლუსი სნოუს საშუალებით კი — რომელიც, სავარაუდოდ, ბელგიაში, გოგოების სკოლაში ასწავლის და თავის მასწავლებელზეა შეყვარებული — ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიძლება სამუშაო სრულიად ტოქსიკური გახდეს, როდესაც დამსაქმებელი თანამშრომლის წინააღმდეგ ინტრიგის ხლართვას იწყებს. ჯეინიც და ლუსიც ცდილობენ პროფესიული საზღვრების დაცვას, რომლებსაც მათი ავტორიტეტული და მაცდუნებელი უფროსები დაჟინებით არღვევენ. მოკლედ რომ ვთქვათ, შარლოტას წელიწადში 300 ფუნტი მაინც რომ ჰქონოდა, ის ვერასდროს დაწერდა რომანებს, რომლებიც საშუალო კლასის ქალთა სამუშაო პირობების გულწრფელი ასახვით გაგვაკვირვებდა და ვერ გამოგვკვებავდა იმ მკითხველებს, ვინც ცხოვრერბაში საკუთარი თავისა და ადგილის პოვნისკენ მივისწრაფვით.
ბრონტეები მხოლოდ ანაზღაურებადი მძიმე სამუშაოს კრიტიკით არ შემოიფარგლებოდნენ. ისინი აგრეთვე აღწერდნენ ისეთ სამუშაოს, რომელიც, მძიმესთან ერთად, აუნაზღაურებელიც იყო. ბრონტეების კარადაში დებორა ლუცი ყურადღებას ამახვილებს მე-19 საუკუნის საშინაო საქმეების მნიშვნელობაზე დების ცხოვრებაში — განსაკუთრებით კი ხელსაქმეზე, რომლითაც, იმ პერიოდის სოციუმის ნორმების თანახმად, ქალებს ხელი მუდამ დაკავებული უნდა ჰქონოდათ. შარლოტა აღშფოთდა, როდესაც მისმა პირველმა დიასახლისმა მოითხოვა, რომ მას ბავშვის მოვლასთან ერთად, ყოველდღიურ საქმიანობაში კერვაც დაემატებინა.
კაროლინ ჰელსტონი, შარლოტას შერლის პერსონაჟი, დაღლილი და გონებაგაფანტულია იმით, რომ მთელი დღის განმავლობაში ქარგავს და წინდებს კერავს. და მაინც, ბრონტეს პერსონაჟებს კერვა აძლევს საშუალებას, ისე მისცენ გასაქანი თავიანთ ფიქრებს, რომ უსაქმურის ტიტულიც თავიდან აირიდონ. როგორც გუვერნანტი, ჯეინ ეარი სწორედ ასე იმალება თავისი ნაქარგების უკან, როდესაც სხვებზე დაკვირვება სურს და არა — საუბარი. ენის აგნეს გრეი, კიდევ ერეთი გუვერნანტი პერსონაჟი, ყველაზე ბედნიერია მაშინ, როცა თავის დასთან ერთად ბუხარში დანთებული ცეცხლის წინ კერავს. დებ ბრონტეებსაც უყვარდათ ერთად კერვა, როცა თავიანთ ნაწერებზე საუბრობდნენ — სწორედ ისევე, როგორც ბავშვობაში.
ვულფი ირწმუნება, რომ ემილიმ — ჯეინ ოსტინის გარდა — ყველა სხვა ქალ მწერალზე უკეთ მოახერხა "გენდერულ ლიმიტაციაზე" ამაღლება, ანუ თავის ნაწარმოებებში საკუთარი ფემინურობის სრული უგულებელყოფა. მართლაც, ემილი ცივი გონებითა და არაჩვეულებრივი გამჭრიახობით აღწერდა თავის მამრობითი სქესის პერსონაჟებს და მათ სამყაროს; მათგან ყველაზე საზიზღრებსაც კი გულუხვად ამკობდა მორალური კომპლექსურობითა და მომენტალური გრაციით. თუმცა, ვულფმაც — ისევე, როგორც ლიტერატურის სხვა მრავალმა კრიტიკოსმა — ქარიშხლიან უღელტეხილში ვერ ამოიკითხა არცთუ საგულდაგულოდ მიმალული ფემინური პროტესტი, რომელიც მოსამსახურის, ნელი დინის პერსონაჟით გამომჟღავნდა. ამ პერსონაჟს, ლუცის თქმით, "მინიჭებული აქვს ძალა, განსაზღვროს, შეცვალოს და ერთ ისტორიად აკინძოს თავის ირგვლივ მყოფი გმირების ცხოვრება, რაც მწერლის პრეროგატივას მოგვაგონებს".
ერთი შეხედვით, ნელი სანდო დიასახლისია, რომელიც სტუმრად მოსულ მისტერ ლოკვუდს ობოლი შურისმაძიებელი ჰიტკლიფის მიერ ორი ოჯახის დანგრევის ისტორიას უყვება (ამ ტრაგიკულ ამბავზე ნელი კერვის პროცესში საუბრობს). ზოგი კრიტიკოსი აქებს ნელის და მას მორალურ და პატიოსან პიროვნებად წარმოაჩენს. ზოგი კი აკრიტიკებს მას და გულუბრყვილო, მიამიტ პერსონაჟად აღიქვამს. ორივე შემთხვევაში, ისინი რომანში ნელის როლს ფაქტობრივად უგულებელყოფენ. მკითხველმა მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ნელი არასანდო მთხრობელია. ტექსტის ერთი ინტერპრეტაციით, ნაწერი მიგვანიშნებს, რომ ნელის ოჯახების საბოტაჟში მეტად თუ არა, ზუსტად იმდენადვე მიუძღვის ბრალი, რამდენადაც ანტაგონისტ ჰიტკლიფს.
თუ ეს მართლაც ასეა, ნელიმ ამის გაკეთება მოსამსახურის ორი მთავარი იარაღის ოსტატურად გამოყენებით შეძლო: შეუმჩნევლობითა და ყველგანმყოფობით. ბრონტეს მკვლევრები დღემდე ცდილობენ, ამოხსნან ნელის პერსონაჟთან დაკავშირებული მინიშნებები და გამოიცნონ მისი მოტივები. რა იყო სინამდვილეში პერსონაჟის მთავარი მამოძრავებელი მიზანი? იქნებ, მან უბრალოდ ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო — მაგალითად, უსაფუძვლოდ დამალა ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა შეყვარებულების, კეტისა და ჰიტკლიფის ტრაგიკულ განშორებას? ან, იქნებ, ისიც — თავადაც ჰიტკლიფივით ობოლი — ცხოვრების უსამართლობის გამო შურისძიებას ესწრაფოდა?
ნელი დინი — ბრონტეს თაყვანისმცემლის მიერ შექმნილი სამოყვარულო რომანი — ამ კითხვას მოხერხებულად უვლის გვერდს კეტის და ჰიტკლიფის სიყვარულის უკანა პლანზე გადატანითა და ნელისა და კეტის უფროსი ძმის, ჰინდლი ერნშოუს აკრძალულ სიყვარულზე ყურადღების გამახვილებით. ამ რომანში ავტორი დიასახლისს სრულიად გარდაქმნის მუშათა კლასის წამებულ ფემინისტ გმირად. ემილის რომ ეს სამოყვარულო რომანი წაეკითხა, ალბათ ირონიულად ჩაიღიმებდა. მას არასდროს ჰქონია განსაკუთრებული ემპათია მსხვერპლთა მიმართ და ზედმეტად კარგი მწერალი იყო იმისათვის, რომ გმირების არსებობა ერწმუნა.
თუმცა, როგორც თავადაც დიასახლისს, ემილის ალბათ გაახალისებდა ის ფაქტი, რომ ნელის პერსონაჟი მკითხველისათვის და კრიტიკოსთათვის ამოუხსნელი დარჩა. ემილი ეტრფოდა უხილავობას. ერთხელ ის განრისხდა, როდესაც შარლოტამ მისი პოეზიის წიგნაკი იპოვა და გამოქვეყნება მოისურვა. ის, რომ პოეტი ელის ბელი სინამდვილეში ემილი ბრონტე იყო, მწერლის 30 წლის ასაკში გარდაცვალების მერე გახდა ცნობილი. ემილის ალბათ არც კი სურდა, რომ უყურადღებო მკითხველს გამოეაშკარავებინა ნელის პიროვნება და ის იმაზე მეტად შეემჩნია, ვიდრე ეს ავტორს უნდოდა.
სწორედ ესაა ბრონტეების გარშემო არსებული მისტიკურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. დები თავიანთ რევოლუციურ ხედვას დიასახლისობის მიღმა მალავდნენ, ანტისოციალურობას კი თავიანთი ექსცენტრული ხასიათით ამართლებდნენ. როდესაც ბრონტეების სახლის დიასახლისი ძალიან მოხუცდა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, დებმა მისი მოვალეობები უპრობლემოდ გადაიბარეს. "დაუთოებას ვახერხებ და ოთახებს ვასუფთავებ", — სწერდა შარლოტა მეგობარს, — "ემილი კერძებს ამზადებს და სამზარეულოს აწესრიგებს. ჩვენ ისეთი უცნაური ცხოველები ვართ, რომ ოჯახში უცხო ადამიანის შემოშვებას გვირჩევნია, სახლის საქმეები ჩვენ თვითონ ვაკეთოთ". ემილი ამ წვრილმანი საქმეების შესრულებისას თავის ფანტაზიას აძლევდა გასაქანს: "რაც უნდა ეკეთებინა — აუთოებდა თუ აცხობდა — თავისი ფანქარი მუდამ თან ჰქონდა", — თქვა ერთხელ ბრონტეების მსახურთაგანმა.
გამოკეტილად ცხოვრებას დები არ გაუგიჟებია, ამან ისინი მწერლებად აქცია — თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა. საპასტორო მიწებზე ცხოვრება მუშათა კლასის ხელფასზე დამონების ალტერნატივას წარმოადგენდა. ხოლო დიასახლისობა მათ გარკვეულ "საიდუმლო ძალასა და ცეცხლს" აძლევდა — ასე შარლოტამ ემილი დაახასიათა, თუმცა ეს თვისება სამივე დას სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც ჰქონდა. შესაძლოა, დებს ბრენუელის განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების შურდათ კიდეც, მაგრამ მათ ისიც იხილეს, როგორ გადაჰყვა მათი ძმა სმას, როცა დიდ ხელოვანად გახდომის ოცნებით შეპყრობილმა, ვერცერთი სამუშაოს შენარჩუნება ვერ შეძლო. მისგან განსხვავებით, დებს მუშაობის მალევე მიტოვების და სახლში წყნარად ცხოვრების ქალური პრეროგატივა ჰქონდათ — ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ჯერ ემილის და მერე ენს სავარაუდოდ ბრენუელისგან არ გადაედოთ ტუბერკულოზი და გარდაიცვალნენ.
ბრონტეების ცხოვრების გაკვეთილი საუკეთესოდ ემილი დიკინსონმა შეისწავლა, რომელიც ემილისაც და შარლოტასაც დიდი სიამოვნებითა და გულმოდგინებით კითხულობდა, ემილის კი "გიგანტურს" უწოდებდა. დიკინსონის ბიოგრაფის, ალფრედ ჰაბეგერის მტკიცებით, მისთვის 1883 წლის ბიოგრაფია, ემილი ბრონტე, იმის ეფექტური ილუსტრაცია იყო, რომ "ძალა მართლაც სისუსტეშია". მაგრამ ეს არცთუ ისე სწორი მიგნება გახლდათ. შარლოტა და ემილი არასოდეს ყოფილან სუსტები. მათ იმისთვის არ აურჩევიათ განმარტოება, რომ მათი სქესი მოითხოვდა, უარი ეთქვათ კარიერასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე — ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. ბრონტეებმა აირჩიეს ასე ცხოვრება, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, დაეწერათ არაჩვეულებრივი და სკანდალური რომანები, რომლებსაც კრიტიკოსები "უხამს ლიტერატურადაც" მოიხსენიებდნენ და "თანამედროვეობის საუკეთესო ნაწარმოებებადაც".
რაც შეეხება ისეთ საშინაო საქმეს, როგორიცაა ცხობა და დასუფთავება, ეს მათ ფანტაზიას ამიწიერებდა, რის შედეგადაც იმ დროისთვის უპრეცედენტო რეალიზმით დაწერილი ტექსტები მივიღეთ. ამასთან, საშინაო საქმეები დებს ალბათ საღი გონებისა და სიმშვიდის შენარჩუნებაშიც ეხმარებოდა.
კომენტარები