დღეს, პირველ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი ფარული მიყურადების შესახებ. კერჭისყრაზე პროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.

პარლამენტში პროექტის მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რადგან განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ახალი კანონით, სიტუაცია გაუარესდება და უკანონო მოსმენები დაკანონდება.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ასევე, პროექტის თანახმად, შემოვა ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების აღნიშნული ვერსია, ფარული მიყურადების შესახებ არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.