NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ გადადო
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების თარიღის გადაწევა კიდევ ერთხელ მოუწია და ახლა, 31 ოქტომბრის ნაცვლად, სამეცნიერო ობსერვატორიას კოსმოსში რამდენიმე კვირის დაგვიანებით, ამავე წლის ნოემბერში, ან დეკემბრის დასაწყისში გაუშვებენ. ზუსტი თარიღს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ამას ზაფხულის ბოლომდე ვერ შევიტყობთ.
Ars Technica-ს მიხედვით, არსებობს რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება გაშვების თარიღის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია. ტელესკოპის გაშვების სერვისების დირექტორმა, ბეატრიც რომერომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროს რაკეტისა და კოსმოდრომის მზაობა აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.
სააგენტოს სამეცნიერო ხელმძღვანელლის, ტომას ზურბუხენის მიხედვით, ექსტენსიური შემოწმებების და დატესტვის შემდეგ, NASA და პროექტის მთავარი კონტრაქტორი, Northrop Grumman, მალე გადაიტანენ ტელესკოპს გადასაზიდ კონტეინერში. ეს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს მოხდება. მას შემდეგ, რაც ტელესკოპი ფრანგულლი გაიანას კოსმოდრომში ჩავა, გაშვებამდე მის მომზადებას 55 დღე დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტელესკოპს ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ გაუშვებენ.
გარდა ამისა, ასევე დგას Ariane 5 რაკეტის საკითხიც, რომელიც Terra Firma-დან ტელესკოპის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. გასულ აგვისტოს აღმოჩნდა, რომ რაკეტის ტვირთის შემომვლელის ნაწილი ბოლომდე გამართული არ იყო. კოსმოსური გაშვებების კომპანია Arianespace აღნიშნავს, რომ რაკეტის ეს ნაწილი უკვე გადაკეთდა და პრობლემა მოგვარებულია. ივლისსა და აგვისტოში მისი შემოწმებები ჩატარდება, რომლითაც, ტელესკოპის გაშვებამდე, დარწმუნდებიან, რომ ეს საკითხი ნამდვილად მოგვარებულია. თუმცა, ამის გადადების შესაძლებლობაც ყოველთვის არსებობს.
ამავდროულად, ამ ყველაფერზე COVID-19-მაც მოახდინა გავლენა. ფრანგულ გაიანაში, როგორც Ars Technica აღნიშნავს, ვაქცინები ჯერ არაა ფართოდ ხელმისაწვდომი. კორონავირუსის გავრცელებამ, შესაძლოა, კიდევ შეუშალოს ხელი კოსმოდრომზე სხვადასხვა აქტივობებს.
გაშვების რამდენიმე კვირით გადადება დიდი არაფერია იმის გათვალისწინებით, რომ ტელესკოპის გაშვების საწყისი თარიღი 2007 წელი იყო. თუმცა, ოპტიმიზმის მიზეზი მაინც გვაქვს. გაშვების რამდენიმე კვირით, და არა რამდენიმე წლით ან თვით გადადება იმის მანიშნებელია, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს უფროდაუფრო ვუახლოვდებით.
კომენტარები