მკაცრი დეტერმინიზმი, ანუ როგორია სამყარო თავისუფალი ნების გარეშე
ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს — დაწყებული იმით, თუ რა მივირთვათ ვახშმად და დამთავრებული იმით, გავამართლოთ თუ არა მეგობრის არგუმენტი მის ოპონენტებთან მაშინაც კი, როცა არ ვეთანხმებით. სიტუაცია მარტივია თუ რთული, არჩევანის გაკეთება თავის თავში პასუხისმგებლობას მოიაზრებს. ამიტომ ხშირად იმ გადაწყვეტილებებს ვნანობთ, რომლებიც დროის გასვლის მერე არასწორად გვეჩვენება და ვფიქრობთ, რომ სხვანაირად მოქცევა შეგვეძლო. ან ვამაყობთ, რომ რთულ დილემას გავუმკლავდით და, შედეგიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამასთან, რაც უფრო მრავალფეროვანია ვარიანტთა სიმრავლე, მით უფრო ნაკლებად გვეპარება ეჭვი თავისუფალ არჩევანში.
ასე რომ, სამყარო, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად გვზღუდავს, მინიმუმ სასურველი სამყაროა. მაგრამ თუ თავად ვფიქრობთ, რომ ჩვენი არჩევანი წინასწარგანსაზღვრული ფაქტორებით არ იყო განპირობებული და ქმედებისას ჩვენი თავისუფალი ნება გამოვავლინეთ, ამაზე ყველა მოაზროვნე ერთხმად ნამდვილად არ დაგვეთანხმება. თავისუფალი ნების არსებობა თეოლოგიაში, ფილოსოფიასა და ახლა უკვე მეცნიერებაში ცხარე დებატების საგანია. ამ დებატებში ზოგი მოაზროვნე მკაცრ დეტერმინიზმს იცავს, რომელიც სამყაროში თავისუფალი ნების არსებობას გამორიცხავს.
დეტერმინიზმის იდეა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ყოველი მოვლენა, მათ შორის ადამიანის ნებისმიერი გადაწყვეტილება ან მოქმედება, წინამორბედი მოვლენების გარდაუვალი და აუცილებელი შედეგია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მკაცრ აუცილებლობას ექვემდებარება და სამყაროში შემთხვევითი მოვლენებისთვის ადგილი არ მოიპოვება.
რას ნიშნავს მკაცრი დეტერმინიზმი ჩვენი ყოველდღიურობისთვის?
რუტინული გეგმების შესაბამისად, პერიოდულად ისეთი ერთი და იმავე ქმედებების გამეორება გვიწევს, როგორებიცაა სამსახურში წასვლა-წამოსვლა, ლექციებზე დასწრება, მაღაზიაში პროდუქტების შეძენა და ასე შემდეგ. ახლა კი ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ: ერთ საღამოს, როგორც ჩვეულებრივ, ლექციაზე მიიჩქარი, მაგრამ აუდიტორია ცარიელი გხვდება. შემდეგ შეტყობინებებს ამოწმებ და კითხულობ, რომ ლექტორი ავადმყოფობის გამო ლექციის ჩატარებას ვერ შეძლებს. საკუთარ თავზე გაბრაზებული, რომ ეს შეტყობინება დროულად ვერ ნახე, გასეირნებას გადაწყვეტ, რადგან სახლში დაბრუნების იდეა არ მოგწონს. გზად ძველ მეგობარს გადააწყდები, რომელიც გეტყვის, რომ დიდი ხანია, აქვე ახლოს დაიწყო მუშაობა და უკვირს, რომ აქამდე არ შეგხვდა. ასევე ამბობს, რომ საღამოს მეგობრები მასთან იკრიბებიან და გეპატიჟება. რადგან უკეთესი გეგმა არ გაქვს და მეგობარიც მონატრებული გყავდა, თანხმდები და მიდიხარ. იქ მის მეგობრებს გაიცნობ, რომელთაგან ერთ-ერთი მრავალ საკითხში შენი თანამოაზრე აღმოჩნდება. ბევრი საინტერესო დიალოგის და ხასიათების უკეთ გაცნობის შემდეგ შენ და ამ ადამიანს ერთმანეთი სიგიჟემდე გიყვარდებათ.
ასეთი ამბების მოყოლისას ადამიანებს გვჩვევია, რომ მომხდარს იღბლიანი შემთხვევითობა ვუწოდოთ. თან როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება, მისი რომანტიზების მცდელობებს ხელიდან არასდროს ვუშვებთ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ცხოვრება ფილმებში აღწერილ რომანტიკულ თავგადასავლებს ჰგავდეს, რადგან ამით ჩვენს განსაკუთრებულ ისტორიასაც ვუსვამთ ხაზს და მსმენელში დიდ ემოციებს ვიწვევთ. დეტერმინისტი კი ამ ლამაზ ილუზიებს რამდენიმე წამში დაანგრევს. თუ მკაცრი დეტერმინიზმი ჭეშმარიტია, მაშინ სამყაროში არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს; ხოლო ის, რასაც ჩვენ შემთხვევითობას — საუკეთესო ვარიანტებში კი, გამართლებას ან იღბალს — ვუწოდებთ, ძირითადად, ჩვენთვის უცნობი ფაქტებით არის გამოწვეული.
კერძოდ, სახლიდან გასვლამდე შენ არ იცოდი, რომ ლექცია გაგიცდებოდა, რადგან შეტყობინებები დროულად არ შეამოწმე. არაფერი იყო შემთხვევითი იმ მოვლენაში, რომ ლექტორი ავად გახდა, რადგან რამდენიმე დღის წინ წვიმიან ამინდში მოუწია გარეთ ყოფნა. ასევე არ იცოდი, რომ შენმა მეგობარმა უნივერსიტეტთან ახლოს დაიწყო მუშაობა, რადგან როცა ის სამსახურიდან გამოდიოდა, შენ ამ დროს ყოველთვის ლექციაზე იყავი და ვერ შეხვდებოდი. ასევე, შენი ახალი რომანტიკული პარტნიორიც კვირაში ერთხელ სტუმრობდა შენს მეგობარს, ამიტომ ამ უკანასკნელთან ურთიერთობის აღდგენამ მისი გაცნობა განაპირობა.
თუ სამყაროდან შემთხვევითობას გამოვრიცხავთ, მაშინ ყველაფერი მკაცრი მიზეზ-შედეგობრიობით ხდება განსაზღვრული, რაც შემდეგი შედეგების პირისპირ გვაყენებს:
1. ნებისმიერი გადაწყვეტილებისას შეუძლებელია, სხვა არჩევანი გაგვეკეთებინა
როცა განვლილ მოვლენებს მომავლის პერსპექტივიდან ვაფასებთ, ხშირად წარმოვიდგენთ, რომ სხვაგვარად ქმედებები სულ სხვა შედეგებს გამოიწვევდა და რამდენიმე ალტერნატიულ სცენარს განვიხილავთ. დეტერმინიზმი, რომელიც ამბობს, რომ ყველა მოვლენა წინამდებარე მიზეზების გარდაუვალი და აუცილებელი შედეგია, ასეთ ალტერნატივებს გამორიცხავს. აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ თუ გარემოებები უცვლელი რჩება, ადამიანები ისევ იმ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რომელიც კონკრეტულ მომენტში მიიღეს.
განხილულ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ: თუ ალტერნატიულ რეალობაში შეტყობინებები დროულად არ შეამოწმე, ლექციაზე ისევ წახვალ. თუ ქალაქში დიდი საცობი არ არის, ისევ იმავე ტრანსპორტით იმგზავრებ. ცარიელი აუდიტორიის დანახვა და ამ ფაქტზე ინფორმაციის მიღება ისევ შენს თავზე გაგაბრაზებს. თუ მეგობარი იმ კონკრეტულ დღეს სამსახურიდან თავს არ გაითავისუფლებს, მას ისევ შეხვდები და ასე შემდეგ. ეს დაახლოებით უკვე ნანახი ფილმის უკან გადახვევას ჰგავს: მეორე ყურების დროსაც ისევ იგივე განმეორდება.
ასე რომ, დეტერმინიზმი წარსულის გამოსწორებისა და სხვაგვარად გადაწერის შესაძლებლობას ფიქრის დონეზეც კი გვართმევს.
2. მომავალი წარსულის მსგავსად ფიქსირებულია
რადგან დროში მოგზაურობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, ის იდეა, რომ წარსულს ვერ შევცვლით, ჩვენთვის საკმაოდ ინტუიციურად ჟღერს. თუმცა მომავალთან მიმართებით ადამიანებს უფრო იმედიანი განწყობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ბევრი რამის დაგეგმვა, შეცვლა ან გამოსწორება შეგვიძლია.
თუ რატომ გამორიცხავს დეტერმინიზმი მრავალი ალტერნატივის მქონე მომავალს, შემდეგი მაგალითის საფუძველზე ვნახავთ: წარმოვიდგინოთ მოგზაური, რომელმაც დიდი გზა გამოიარა და ახლა რამდენიმე ვარიანტიდან შემდეგი მარშრუტი უნდა აირჩიოს. ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი გზა აუცილებლად უკვე განვლილ გზას უკავშირდება. დეტერმინიზმიც ამას გვეუბნება, რომ ყოველი მომდევნო ქმედება თუ გადაწყვეტილება წინა მოვლენების აუცილებელი შედეგია. ანუ მკაცრ მიზეზ-შედეგობრიობას ემორჩილება არა მხოლოდ ჩვენი წარსული გადაწყვეტილებები, არამედ ის მომავალიც, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით. მოგზაური სწორედ იმ ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც უნდა მიეღო და რომელსაც იმდენჯერ მიიღებდა, რამდენჯერაც დროში უკან დავაბრუნებდით. შესაბამისად, დეტერმინისტული ხედვა მრავალფეროვან მომავალს გამორიცხავს: რადგან ახალ გზას ვერ შევქმნით, იძულებულები ვართ, უკვე არსებული გავაგრძელოთ და არ შეგვიძლია, თავისუფალი ნებით ვიმოქმედოთ.
3. ჩვენ არასდროს ვიმსახურებთ შექებას
ის, რომ წარსული სხვაგვარი ვერ იქნებოდა და მომავალიც უკვე განსაზღვრულია, საშიში და პესიმისტური განაცხადია. არ უნდა გამოგვეპაროს, რომ ამ ხედვის თანახმად, არა მხოლოდ სამყაროა დეტერმინირებული, არამედ მასში მცხოვრები თითოეული ადამიანიც. ვერ უარვყოფთ, რომ ჩვენს ბევრ ნიშან-თვისებას დიდწილად გენეტიკა განსაზღვრავს. ამას ემატება გარემო და გამოცდილება, რომელშიც ადამიანს ცხოვრების გატარება უწევს. საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ხასიათი, სურვილები, მიდრეკილებები და მთელი სამოტივაციო სისტემა ამ ორის სინთეზის შედეგად ყალიბდება.
მაგალითად, ვთქვათ, ადამიანს დაბადებიდან კარგი ხმა და სმენა აღმოაჩნდა, ეს მშობლებმა შენიშნეს და ბავშვობიდან მისი უნარების დახვეწაზე იზრუნეს. იმსახურებს ეს კარგი მომღერალი შექებას? ჩვენთვის სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას მაშინვე მოწონებას გამოვხატავთ და ამ საკითხებზე არ ვფიქრობთ. დეტერმინისტი კი გვიპასუხებდა, რომ კარგი მომღერალი შექებას არ იმსახურებს, რადგან წინა მიზეზების გათვალისწინებით, მას არ შეეძლო, რომ ცუდი მომღერალი ყოფილიყო.
წესით, ჩვენი მიღწევები და წარმატებები დიდ მოტივაციას გვაძლევს და სხვა ადამიანების მხრიდან შექების მოსმენაც სასიამოვნოა. თუმცა თუ ჩვენს ქმედებებზე კონტროლი არ გვაქვს, რადგან სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო, მაშინ საამაყოც არაფერია. შეუცვლელი მომავლის მსგავსად, არც იმაზე ფიქრია სასიამოვნო, რომ ჩვენი შრომისმოყვარეობა, რაციონალური გადაწყვეტილებები ან კარგი ხუმრობა წინასწაგანსაზღვრული მოვლენების აუცილებელი შედეგი იყო და არა — ჩვენი დამსახურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიგვიძღვის ან რთული დავალების შესასრულებლად დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, მაგრამ დეტერმინიზმი გვეუბნება, რომ შეუძლებელია, იმისგან განსხვავებული განზრახვები და მოტივაციები გვქონოდა, რომლებმაც ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა.
4. არავინ ვართ მორალურად პასუხისმგებელნი
ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც დეტერმინიზმისგან გამომდინარეობს, მორალური პასუხისმგებლობის არარსებობაა. ლოგიკურია, რომ ადამიანს პასუხისმგებლობა მაშინ უნდა დავაკისროთ, თუ ის სხვადასხვა ალტერნატივებიდან სასურველ ქმედებას თავად ირჩევს. რადგან დეტერმინიზმი სხვაგვარად მოქცევის შესაძლებლობას გამორიცხავს, რამდენად სამართლიანი იქნება, ადამიანთა ქმედებები მორალურად შევაფასოთ?
მაგალითად, როცა ადამიანს ქურდობისთვის ვსჯით და თან დეტერმინიზმი გვეუბნება, რომ მას სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, ხომ არ მოითხოვს ეს დასჯის მექანიზმის გაუქმებას? ჩვენ არ ვსჯით ტექნიკას, როცა ის წყობიდან გამოდის და სხვანაირად მოქცევა (ძველებურად წარმატებულად მუშაობა) არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ქურდს რომ სხვანაირი ცხოვრება ჰქონოდა და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად უკანონო ქმედების ჩადენა არ დაჭირვებოდა, მაშინ არც იმ გადაწყვეტილების წინაშე ვიქნებოდით, ეს ადამიანი დავსაჯოთ თუ არა. მაგრამ დეტერმინიზმი გვეუბნება, რომ წარსული ქმედებები გარდაუვალია და ის ყოველთვის გადაწყვეტდა, რომ ექურდა. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ისეთად დეტერმინირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელიც სამართლისა და მისი შესაბამისი კანონების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. თუმცა მორალური შეფასებების კუთხით, ერთი შეხედვით, დეტერმინიზმი ჩიხში შედის.
რატომ არ არის დეტერმინისტული სამყარო დისტოპიური
მორალის არსზე მოკამათე სკეპტიკოსები ორ პირობით კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. სკეპტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მორალურ პასუხისმგებლობაზე უარის თქმას მძიმე შედეგები მოჰყვება, რაც უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოებაზე, ყოველდღიურ ურთიერთობებსა და კანონებზე. კერძოდ, ასეთი დამოკიდებულება იმის საშუალებას წაგვართმევს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ ადეკვატურები ვიყოთ. ოპტიმისტი სკეპტიკოსები კი თვლიან, რომ თავისუფალი ნებისა და მორალური პასუხისმგებლობის გარეშე სულაც არ მივიღებთ ისეთ დესტრუქციულ შედეგებს, როგორიც პესიმისტებს წარმოუდგენიათ.
ოპტიმისტი სკეპტიკოსების მიხედვით, ადამიანები აღარ უნდა შევაქოთ ან დავადანაშაულოთ. ეს მიმართება აშკარად მოითხოვს ჩვენი რწმენებისა და დამოკიდებულებების გადახედვას, თუმცა არა ისეთი მკაცრი აზრით, რომ ადამიანები უსულო საგნებთან გავაიგივოთ. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, გმირობა აღარ შთაგვაგონებს, არავის მისცემს ანალოგიურად მოქცევის მოტივაციას და გაქრება; არც იმას, რომ უსამართლობასა და კანონის დარღვევაში სასტიკ ქმედებებს ვეღარ ამოვიკითხავთ. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ, მართალია, ამ ჰიპოთეტურ რეალობაში ადამიანებს აღარ ვაფასებთ, აღარ ვაქებთ და განვკიცხავთ, მაგრამ თავად ქმედებები ისევ რჩებიან ფაქტებად, რომლებიც ჩვენში გარკვეულ ემოციებს იწვევენ. მართალია, გმირს აღარ შევაქებთ, მაგრამ ეს თავად ქმედების მიზანს თავისთავად ღირებულებას ვერ წაართმევს. მაგალითად, მეხანძრე ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლისას მოტივირებული იქნება არა იმით, რომ მისი ქმედება შექების ღირსი გახდეს, არამედ იმით, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს.
რაც შეეხება კანონდარღვევებსა და სისასტიკეს, ჩვენი დამოკიდებულებები ვერც ასეთი ფაქტების მიმართ შეიცვლება. შეიძლება, დამნაშავე მისი ქმედების გამო აღარ გავკიცხოთ, მაგრამ მსხვერპლის მიმართ ჩადენილი სისასტიკის აღქმა ვერ გაქრება. დაკავების მიზანი არა ადამიანის დასჯა, არამედ მისი მორიგი დანაშაულების აღკვეთა, სხვა კრიმინალებისთვის კანონის შეხსენება და ისეთი გარემოს შენარჩუნება უნდა იყოს, რომელშიც ადამიანების უსაფრთხოებას ასეთი გზებით უზრუნველვყოფთ.
მორალური თუ სხვა ტიპის შეფასებებისგან თავის შეკავება დამანგრეველი შედეგების მომტანი შეიძლება არც პირად ურთიერთობებში იყოს. ხშირად სხვა ადამიანების არ გვესმის ან თავს მათ ადგილას წარმოვიდგენთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათ მსგავსად არასდროს მოვიქცეოდით. მართალია, ემოციებს ვერსად გავექცევით და, მაგალითად, უსამართლობა ისევ გაგვაბრაზეს, მაგრამ ურთიერთობებში დეტერმინისტული მუხტის შეტანას დადებითი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ კონკრეტული ადამიანის მოტივაციებს, სურვილებსა და შეხედულებებს, არ არის გამორიცხული, რომ მათი ქმედებები სულ სხვა კუთხით დავინახოთ. ამ მიდგომით, იმის დაჯერების მეტი შანსია, რომ ადამიანებს კარგი განზრახვა ჰქონდათ, რაც მათი წინაპირობებით მართლდება, მაგრამ ჩვენთვის უსიამოვნო შედეგი დადგა. თან დეტერმინისტ ადამიანთან ურთიერთობის ბონუსიც გახსოვდეთ: ის შენს ყველაზე ირაციონალურ ქცევებსაც კი მიზეზ-შედეგობრიობის პრიზმაში გაატარებს; ჩათვლის, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეგეძლო და ზედმეტი ბოდიშების გარეშე შეეცდება შეცდომების პატიებას.
სამყარო დეტერმინისტულია თუ არა, ჩვენი ემოციებისგან დისტანცირება ორივე შემთხვევაში რთულია. ჩვენ მაინც გვიხარია, გვწყინს, ვბრაზდებით, გვიყვარდება იმისგან დამოუკიდებლად, რისი გვჯერა — იმის, რომ მომავალი უამრავ ალტერნატივას გვთავაზობს თუ იმის, რომ ყველა წინასწარ დაწერილ სცენარს მივყვებით. თუ დეტერმინიზმს ჭეშმარიტებად ჩავთვლით, ისიც უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენს ყველა შეცდომაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შვებას მოგვანიჭებს თუ უიმედობის განცდა დაგვეუფლება, რადგან რეალურად არაფერს ვწყვეტთ.
დეტერმინიზმი არ გვეუბნება, რა არის კარგი ან ცუდი, სწორი ან არასწორი. ის მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენს ქმედებებზე კონტროლი არ გვაქვს. იქნებ, მართლაც შეუძლებელი იყო, რომ ეს სტატია არ დამეწერა და თქვენ ბოლომდე არ წაგეკითხათ.
კომენტარები