"გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა!" — ამბობს აბიტურიენტი ტერეზა გალსტიანი, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრისგან (NAEC) მოსასმენი დავალების ამოღებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

ტერეზა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს გადის. სტანდარტულად, სამ საგანს აბარებს. როგორც ის On.ge-სთან ამბობს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს სპეციალური საჭიროება მიუთითა და განცხადებაც დაწერა, სადაც სულ სამი მოთხოვნა ჰქონდა: გამოცდების ცალკე ოთახში წერა, დროის მომატება და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — უცხო ენაში მოსასმენი დავალებების გაუქმება და წერითი სავარჯიშოებით ჩანაცვლება.

"განცხადების გაგზავნის შემდეგ, ნაეკისგან ველოდებოდი უკუკავშირს, რომ მცოდნოდა, მიიღეს თუ არა მეილი და იკითხებოდა თუ არა დოკუმენტების სკანი. რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუწერია და ისევ მე ვცადე ცხელ ხაზზე დარეკვა. ოთხი ადამიანი ვცდილობდით დარეკვას, მაგრამ ზარიც კი არ გადიოდა, ეგრევე ითიშებოდა. ამ დროს კი ნაეკის [შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი] ფეისბუქ გვერდი მწერს, რომ შვიდი ოპერატორი მუშაობს და წესით, პრობლემა არ უნდა მქონდეს დარეკვაზე, თუმცა, ფაქტია, ვერავინ მოვახერხეთ კონტაქტზე გასვლა. ბოლოს, ცხელი ხაზი აქეთ დაგვიკავშირდა. ჩემ ნაცვლად ჩემი ნაცნობი ელაპარაკებოდა ოპერატორს. ზუსტად ორჯერ იკითხა, თავად რატომ ვერ დავრეკე. ნაცნობიც უხსნის, რომ ცუდად მესმის და ამიტომ, მაგრამ ის მაინც გაიძახის, რომ მე უნდა დამერეკა", — წერს აბიტურიენტი.

ტერეზა გალსტიანის თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ, ნაეკის ცხელი ხაზის ორი გამოტოვებული ზარი ნახა. ამის მერე ერთ-ერთ ნაცნობს მისწერა და სთხოვა, გაერკვია რისთვის რეკავდნენ.

"რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მომდის SMS და უტაქტოდ ისევ მთხოვენ, ვინმე მესამე პირმა დაურეკოს მათ, რათა გაესაუბრონ ჩემზე. აპლიკანტი მე ვარ, იციან, რომ სმენის გამო ვერ ვრეკავ/ვსაუბრობ ტელეფონზე და უხეშად ითხოვენ სხვასთან გასაუბრებას"

ტერეზა გალსტიანი.


აპლიკანტის თქმით, საბოლოოდ, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსასმენ დავალებებს დაუტოვებენ და სამი ალტერნატივა შესთავაზეს: დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ დასმა, რათა მან ტექსტი წაუკითხოს. ტერეზასთვის ხსნა და ნუგეში არცერთია.

"ნებისმიერ შემთხვევაში, გარტყმით უნდა ვწერო და 18 ქულა უაზროდ ეკიდება სასწორზე; ან სწორად გავარტყამ რამდენიმეს, ან დავემშვიდობები ამ ქულას და შესაბამისად, გრანტისთვისაც მომიწევს ხელის დაქნევა", — წერს ის.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ტერეზა გალსტიანს პასუხობს, რომ მოსასმენის გაუქმებით, გამოცდა აზრს კარგავს, რადგან ამით მოსმენილის გააზრების უნარს ამოწმებენ. თუმცა, ტერეზას თქმით, იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ადამიანს არ ესმის კარგად, ამ დროს მოსასმენს არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. როგორც აბიტურიენტი წერს, გარდა ამისა, ისიც უთხრეს, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი, რა შეიძლება შესთავაზონ გაუქმების სანაცვლოდ.

"ვინც მიცნობს და ერთხელ მაინც ჰქონია ჩემთან შეხება, იცის, რომ ნამდვილად მიჭირს ადამიანის საუბრის გარჩევა და ძირითადად, წერა უწევს, რომ დიალოგი შედგეს ჩვენ შორის. არავინ არსებობს ქვეყნად, ვისაც ჩემზე უფრო მეტად გაუხარდებოდა, რომ კარგი სმენა მქონდეს, ან მინიმუმ, მისი აღდგენა შესაძლებელი იყოს. არ მეხალისება ასე ცხოვრება და რთული პერიოდებიც მაქვს, როცა ხმამაღლა ვამბობ, რომ დავიღალე და მინდა ჩვეულებრივი სმენით ვცხოვრობდე"

ტერეზა გალსტიანი.

აპლიკანტი წერს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია.

"გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა! ერთი გამონაკლისის დაშვება მათთვის ტრაგედიაა. არადა შშმ პირები არც ისე ხშირად გადიან ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ იმიტომ, რომ არ არის შექმნილი სპეციალური გარემო, არავისგან მოდის მხარდაჭერა, გაგება, ხელის შეწყობა. შშმ პირებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში, განათლების მიღებაზეც უარს ამბობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში", — წერის ის.

ტერეზას თქმით, სმენის დაზიანების გამო მტკივნეული რეპლიკები ოჯახის წევრებისგანაც ხშირად მოუსმენია.

"არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან, დაფიქრდებიან საკუთარ საქციელზე. იქ, ზევით, ნაცნობები არ მყავს, ვიღაცებისგან განსხვავებით და საკუთარ ზურგს თავადვე ვამაგრებ.

სასამართლოშიც შევიტანდი სარჩელს, რადგან არასწორად შეაფასა კომისიამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მით უფრო — არასწორი გადაწყვეტილება "მომისაჯა". მაგრამ სასამართლო დავას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გამაჩნია და მაქამდე გამოცდებსაც კი ჩავაბარებ", — წერს აბიტურიენტი.

ტერეზას გავრცელებული პოსტს გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებით გამოეხმაურა. უწყება ირწმუნება, რომ საგამოცდო პროცესში მონაწილე თითოეული სპეციალური საჭიროების გამოსაცდელისათვის გადაწყვეტილებას კომისია აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებითა და გონივრული მისადაგების ზომების გამოყენებით იღებს.

უწყება აცხადებს, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ ალტერნატივებს სთავაზობენ:

  • წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით);
  • ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას;
  • ყურსასმენის გამოყენებას;
  • საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას;
  • დროის გახანგრძლივებას.

"ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით. კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ, რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს (მის მიერ გამოგზავნილი ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად)", — წერია განცხადებაში.

მათივე თანახმად, განცხადებების განხილვა ხდება მას შემდეგ, რაც გამოსაცდელი რეგისტრაციის დროს მონიშნავს სპეციალურ ველს და განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაბამის ცნობას (ფორმა #100).

"ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისათვის იქმნება შესაბამისი სპეციფიკური გარემო. მაგალითად, იბეჭდება ტესტი ბრაილის შრიფტითა და გაზრდილი შრიფტით, იწერება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, ხანგრძლივდება საგამოცდო დრო და სხვა. სისტემის გაუმჯობესება მუდმივად ხდება. ამ მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 2020 წელსაც ჩაატარა კვლევა განსაკუთრებული საჭიროების მქონე გამოსაცდელების მონაწილეობით", — აცხადებენ ისინი.

საგამოცდო ცენტრი ზოგად მაგალითებს იშველიებს, თუმცა კონკრეტულად არ განმარტავს, რატომ ვერ ხერხდება ტერეზას ინტერესების გათვალისწინება და რატომაა პრობლემური ერთი შეფასების სისტემის გადახედვა.

სახალხო დამცველის აპარატში აბიტურიენტ ტერეზა გალსტიანის მოთხოვნას ლეგიტიმურს უწოდებენ. თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, ქეთი შუბაშვილის თქმით, როცა ადამიანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, მისთვის კონკრეტულად მის საჭიროებებზე მორგებული გარემო უნდა იყოს გარანტირებული.

"შეიძლება სმენის პრობლემის სხვა ადამიანს სჭირდებოდეს, მაგალითად, სხვანაირი ადაპტირება და მეორე ადამიანს სულ სხვანაირი. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და ამაზე კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცით ბოლომდე, იმიტომ, რომ საქმის შესწავლა არ დაგვისრულებია და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან პასუხს ველოდებით", — ამბობს ქეთი On.ge-სთან.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე, თუმცა სხვა აბიტურიენტებთან მიმართებით ომბუდსმენის აპარატმა NAEC-ს რეკომენდაცია გასულ წელსაც მისცა, მათ კი ხარვეზის გამოსასწორებლად მზაობა გამოთქვეს.

28 მაისს ტერეზა NAEC-ის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა, როგორც გვეუბნება, ცენტრმა მისთვის ალტერნატივის შეთავაზება ვერ შეძლო.

"ვისაუბრეთ, განვიხილეთ ჩემი შემთხვევა და გარდა ადრინდელი შემოთავაზებებისა, სხვა ალტერნატივას ვერ შემომთავაზებენ, რადგან კანონი ამის უფლებას არ აძლევთ. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ დამიტოვეს და ნების საწინააღმდეგოდ მომიწია დათანხმება მეთოდზე: ადამიანის წინ ჯდომა და მის მიერ ტექსტის წაკითხვა ჩემთვის 2-ჯერ. გასულ პარასკევს და ორშაბათს ვიყავი ისევ მისული ნაეკში, რათა გამევარჯიშა ეს მეთოდი (თავად შემომთავაზეს ვარჯიში)", — გვითხრა ტერეზამ.

ის სხვა აბიტურიენტების უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

"გამოცდების მერე ისევ დავიწყებ მოქმედებას, რადგან ჩემ გარდა კიდევ ასობით ადამიანია, ვისი უფლებებიც ირღვევა და მსურს, რომ მათ მაინც მოუწიოთ თანაბარ და სამართლიან გარემოში გამოცდების წერა".