ყველაფერი, რაც ინდურ შტამზე ვიცით — მოკლედ
გუშინ, 27 მაისს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თქმით, ინფიცირებულები იდენტიფიცირებულები და იზოლირებულები არიან.
მსოფლიოს მასშტაბით, ინდური შტამი დღეს ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს. მას აკავშირებენ ინდოეთში გაჩენილ მეორე ტალღასთან, რომელმაც რეკორდულად ბევრი ადამიანი დააინფიცირა და ქვეყნის ჯანდაცვას ძალიან მძიმედ დააწვა. სწორედ ამიტომ მას აქტიურად სწავლობენ მეცნიერები, თუმცა ინდური შტამი შედარებით ახალია და მასზე ჯერ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ყველაფერს, რაც ინდურ შტამზე ვიცით.
როგორ გაჩნდა ინდური შტამი?
ვირუსები სწრაფი მუტაციით ხასიათდებიან. ამ პროცესებმა ვირუსი შეიძლება უფრო გააძლიეროს ან დაასუსტოს. კორონავირუსის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვირუსმა რამდენიმე მუტაცია განიცადა და ე.წ. "ინდური შტამი" ერთ-ერთი მათგანია. ოფიციალურად მას SARS-CoV-2-ის B.1.617 ვარიანტი ჰქვია. B.1.617 ორ მუტაციას აერთიანებს, ესენია: E484Q და L452R. ორივე მათგანი ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებში ადრეც იყო, თუმცა ერთად პირველად სწორედ ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. აქედან დამკვიდრდა ტერმინი "ინდური შტამი", თუმცა ამ ვარიანტის წარმოშობის ზუსტი ადგილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
როგორ გავრცელდა ინდური შტამი?
ინდოეთი ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა. ქვეყანაში კოლოსალურად იმატა როგორც ვირუსის შემთხვევებმა, ისე სიკვდილიანობამ. ამ ყველაფერს ძირითადად ინდურ შტამთან აკავშირებენ, თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.
ქვეყანაში ახალი ტალღის გავრცელებამდე ხშირი იყო ხალხმრავალი შეკრებები. ინდოეთის ჯანდაცვის ფონდის თანახმად, იანვარში შემთხვევების კლების გამო მოსახლეობამ ჩათვლა, რომ პანდემია სრულდებოდა, რამაც უკონტროლო შეკრებები გაზარდა. პირველ აპრილს უტარაკჰანდის შტატში ყოველწლიური რელიგიური ღონისძიება კუმბჰ მელა (Kumbh Mela) გაიმართა. შეკრებას მილიონობით ადამიანი დაესწრო, სწორედ ეს ღონისძიება იქცა შემდგომში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ადგილად. მხოლოდ უტარაკჰანდის შტატში აპრილის შუა რიცხვებში 2 000-2 500 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა თებერვალში ეს რაოდენობა 30-60-ს შეადგენდა. თავისი როლი ითამაშა ინდოეთის მოსახლეობის მჭიდრო დასახლებამაც.
არის თუ არა ინდური შტამი უფრო გავრცელებადი და მომაკვდინებელი?
მონაცემები მიუთითებს, რომ ინდური შტამი უფრო მარტივად ვრცელდება. უკვე იანვირდან მარტამდე ინდოეთის დასავლეთ შტატებში საშუალოდ 361 კორონავირუსის შემთხვევიდან 220 სწორედ ინდური შტამი იყო. დღეისთვის ინდური შტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.
B.1.617 ინდოეთიდან აქტიურად გავრცელდა ბრიტანეთში. ბრიტანელების თქმით, დღეისათვის მათთან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 75% ინდურ შტამზე მოდის.
რაც შეეხება ვირუსის სიმძიმეს და სიკვდილიანობას, ამ ეტაპზე ამის ზუსტი განსაზღვრა არ შეგვიძლია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თქმით, მსგავსი დასკვნების გასაკეთებლად ჯერ საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ანგარიშმა აჩვენა, რომ 2 889 ინდური ვარიანტის დადასტურებული შემთხვევებიდან პირველი თებერვლიდან 18 მაისამდე 104 ადამიანს დასჭირდა საავადმყოფოში მკურნალობა, მათგან გადაუდებელი დახმარების განყოფილება 31-ს მოემსახურა და 6 ადამიანი მოკვდა. სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და 0,2% გამოდის. ცნობისთვის, იმავე ბრიტანეთში ბრიტანულ შტამზე სიკვდილიანობა 2%-ია.
ინდური შტამი ბავშვებისთვის საშიშია?
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდური შტამი ბავშვებში უფრო აქტიურად ვრცელდება, ვიდრე სხვა შტამები, თუმცა ზუსტი შედეგები ამ მხრივ ჯერ არ გვაქვს. არსებული მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდური შტამი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად სახიფათო არ არის და მათში არც განსაკუთრებული გავრცელებით გამოირჩება.
"არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმის შესახებ, რომ ინდოეთში შტამი ბავშვებზე განსაკუთრებულად ზემოქმედებს. დღეს არსებული მონაცემებით ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე თანაბრად ვრცელდება", — ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მომქდებს თუ არა ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც?
დღეის მონაცემებით რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ Pfizer და AstraZeneca ვაქცინები კოვიდის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდა. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE) სააგენტოს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer ან AstraZeneca ვაქცინის ორი ინექცია კორონავირუსის ინდური შტამის სიმპტომური დაავადებისგან ისევე გვიცავს, როგორსაც აქამდე არსებული ვარიანტისგან.
კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer ვაქცინის ეფექტიანობა მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ ინდური შტამის სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 88% ეფექტიანობით გამოირჩევა, აქამდე არსებული ვარიანტის წინააღმდეგ კი მისი ეფექტიანობა 93%-ია. რაც შეეხება AstraZeneca ვაქცინას, ინდური ვარიანტის წინააღმდეგ იგი 60%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა, აქამდე არსებული ვარიანტის წინააღმდეგ კი — 66%-ით.
ამასთან, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ყველა ის ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც მათგან არის დამტკიცებული ინდურ შტამზეც მოქმედებს.
ცნობისთვის, ვაქცინები, რომლებიც WHO-მ დაამტკიცა შემდეფია: Pfizer , AstraZeneca, Moderna, Johnson & Johnson და Sinopharm.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ მოქმედებს.
იგივეს ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, მკაცრი მარეგულირებლების მიერ აღიარებული ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.
კომენტარები