Pfizer და AstraZeneca ვაქცინები კოვიდის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდა
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE) სააგენტოს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer ან AstraZeneca ვაქცინის ორი ინექცია კორონავირუსის ინდური შტამის სიმპტომური დაავადებისგან ისევე გვიცავს, როგორსაც აქამდე არსებული ვარიანტისგან. ეს პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია.
თუმცა, აცრის პირველი დოზის გაკეთებიდან 3 კვირის შემდეგ თითოეული მათგანი ინდური ვატიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ითაა ეფექტიანი, აქამდე არსებული ვარიანტის წინააღმდეგ კი — 50%-ით.
PHE-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ვაქცინები მეტი ეფექტიანობით გამოირჩევიან ინდური შტამით გამოწვეული მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილის მიამრთ. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის მიხედვით, კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ორივე დოზა ვირუსის წინააღმდეგ "აბსოლუტურად სიცოცხლისუნარიანია".
კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer ვაქცინის ეფექტიანობა მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ ინდური შტამის სიმპტომური დაავადების წინაააღმდეგ 88% ეფექტიანობით გამოირჩევა, აქამდე არსებული ვარიანტის წინააღმდეგ კი მისი ეფექტიანობა 93%-ია. რაც შეეხება AstraZeneca ვაქცინას, ინდური ვარიანტის წინააღმდეგ იგი 60%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა, აქამდე არსებული ვარიანტის წინააღმდეგ კი — 66%-ით.
PHE-ს განცხადების მიხედვით, ვაქცინების ეფექტიანობას შორის განსხვავებები შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრა, Pfizer-თან შედარებით გვიან დაიწყო. PHE-ს მიხედვით, სხვა მონაცემები აჩვენებს, რომ AstraZeneca ვაქცინის მაქსიმალური ეფექტიანობის გამოსავლენად უფრო დიდი დროა საჭირო. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, Pfizer ვაქცინის შენახვის განსაკუთრებული პირობების გამო ეს ვაქცინა შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს გაუკეთდათ, AstraZeneca კი — შედარებით ასაკიან ადამიანებს, რომლებიც აცრის მისაღებად ვაქცინაციის მთავარ ცენტრებში ვერ ახერხებდნენ მისვლას.
ახლა, როდესაც კვლევამ აჩვენა, რომ პირველი დოზის შემდეგ ვაქცინა ინდური ვარიანტის მიამრთ დაბალი ეფექტიანობით გამოირჩევა, მეორე დოზით აცრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს კორონავირუსის 12 675 შემთხვევა, რომელთაგან 1054 სწორედ ინდურ ვარიანტს უკავშირდებოდა. მონაცემები მოიცავდა ყველა აასაკობრივ ჯგუფს. PHE-ს მიხედვით, ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის გასარკვევად, თუ რამდენად გვიცავს ვაქცინები ინდური ვარიანტის მძიმე შემთხვევებისგან, თუმცა მათი ეფექტიანობა ამ ვარიანტით გამოწვეული სერიოზული შემთხვევებისა და სიკვდილის მიმართ უფრო მაღალი უნდა იყოს, საშუალო შემთხვევებთან შედარებით.
აქვე ისიც უნდა ითქვას, PHE-ს ანალიზით, 9 მაისამდე, მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციამ სიკვდილისგან 13 000 ადამიანი იხსნა და ჰოსპიტალიზაციის 39 100 შემთხვევის პრევენცია მოახდინა.
კომენტარები