უსინათლო ადამიანს წყალმცენარის გენი შეუყვანეს, რის შემდეგაც მან საგნების აღქმა შეძლო
58 წლის უსინათლო ადამიანზე, რომელსაც დღისა და ღამის გარჩევაც კი არ შეეძლო, მეცნიერებმა ახალი გენური თერაპია გამოსცადეს. თერაპიის მიღების შემდეგ, რომლის დროსაც ადამიანის ბადურაში სინათლეზე მგრძნობიარე მოლეკულა შეიყვანეს, მან მის წინ მაგიდაზე რვეულების შემჩნევა და გადაადგილება შეძლო.
ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების თქმით, ეს ოფთოგენეტიკის გამოყენების პირველი წარმატებული შემთხვევაა, რომლის შედეგადაც უსინათლო ადამიანს მხედველობა გაუუმჯობესდა.
"ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, მედიცინაში სრულიად ახალი მიმართულება დაიბადა", — განუცხადა ჟურნალისტებს ბოტონდ როსკამ, ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობდა.
Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ავტორები აღწერენ თავიანთი პაციენტის შემთხვევას, რომელმაც მხედველობა 40 წლის წინ დაკარგა მას შემდეგ, რაც პიგმენტური რეტინიტი — ბადურის დეგენერაციული დაავადება განუვითარდა. დაავადება ადამიანის ბადურის სინათლეზე მგრძნობიარე უჯრედებს ანადგურებს.
ექიმებმა მისთვის მხედველობის აღსადგენად მისი ერთ-ერთი თვალის ბადურაში სინათლეზე მგრძნობიარე გენი, სახელად chrimson შეიყვანეს — ეს უკანასკნელი ერთუჯრედიანი წყალმცენარის გენია, რომლის საშუალებითაც წყალმცენარე სინათლეს აღიქვამს და მისკენ გადაადგილდება.
როსკას თქმით, მეცნიერების მიზანი იყო ისეთი ბადურის უჯრედების მიღება, რომლებიც ადამიანს სინათლის აღქმასა და ტვინისთვის ვიზუალური სიგნალების გაგზავნას შეაძლებინებდნენ.
ამ სტრატეგიის გამოყენებისთვის, რომელსაც ფრანგული კომპანია GenSight Biologics აფინანსებს, პაციენტებმა უნდა ატარონ ელექტრონული სათვალეები, რომლებიც იჭერენ გარემოში არსებულ სინათლეს და შემდეგ, მაღალი ინტენსივობით აპროექტებენ სურათს ბადურაზე. ამას სათვალეები ყვითელ-ნარინჯისფერი სინათლის სპეციფიკური სიგრძის ტალღის გამოყენებით ახერხებს, რომელიც chrimson გენს აწვდის სიგნალს.
ამ სათვალეების გამოყენებით უსინათლო ადამიანს უნდა დაენახა მისი მხედველობის არეში განლაგებული ობიექტები და ასეც მოხდა. გარდა ამისა, კვლევის დროს იგი სპეციალურ ქუდს ატარებდა, რომლის საშუალებითაც მეცნიერები სინათლეზე მისი ტვინის საპასუხო რეაქციებს სწავლობდნენ.
GenSight-ის თანადამფუძნებლისა და პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრის, ჟოზე-ალან საელის მიხედვით, რომელმაც კვლევაში წამყვანი როლი ითამაშა, თავდაპირველად უსინათლო ადამიანმა ვერანაირი ეფექტი ვერ იგრძნო. თუმცა, მოგვიანებით მან, სათვალეების ტარების დროს, შეძლო სხვადასხვა ფორმების გარჩევა. საელი ამ პაციენტს აღწერს, როგორც "პირველ ადამიანს, რომელმაც ოფთოგენეტიკისგან მიიღო სარგებელი".
მომზადების და ვარჯიშის შემდეგ პაციენტმა იმის გარჩევაც კი შეძლო, იდო თუ არა მის წინ მაგიდაზე რვეული. მოგვიანებით მან მუქი ფერის ჭიქებიც დაითვალა, თუმცა არც ისე ზუსტად.
მსგავსი ტექნიკა 2016 წელს გამოსცადა კომპანია RetroSense-მა, ტექსასელ უსინათლო ქალზე, რომელსაც ასევე ოფთოგენეტიკით მკურნალობდნენ. კვლევის შედეგები არასდროს გამოქვეყნებულა. კომპანია Allergen-მა შეისყიდა, ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ მათი პაციენტების მიხედვით, ნაწილმა შეძლო სინათლის აღქმა და მაგალითად, ნათელი ფანჯრისა და ბნელი ოთახის ერთმანეთისგან გარჩევა.
როსკადისა და საელის მიხედვით, კლინიკურ კვლევაში კიდევ რამდენიმე პაციენტს მკურნალობენ ამავე მეთოდით, თუმცა სათვალეებს მხოლოდ ზემოთხსენებული პაციენტი იყენებდა. ამ კვლევას ასევე GenSight აფინანსებს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილე უსინათლო პაციენტებში აღდგენილი მხედველობის დონე ძალიან დაბალია. ადამიანი სათვალეებით მხოლოდ ერთი ტალღის სიგრძეს აღიქვამს, რეზოლუცია კი საკმარისად მაღალი არაა იმისთვის, რომ კითხვა, ან გარკვეული ობიექტების გარჩევა შეძლოს ერთმანეთისგან.
მკვლევრები ამბობენ, რომ მომავალში ეს სათვალეები კიდევ დაიხვეწება, რაც, სავარაუდოდ, უსინათლო ადამიანებს იმაზე მეტის დანახვაში დაეხმარება, ვიდრე ახლა ხედავენ. "ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა დონემდე შევძლებთ მხედველობის გაუმჯობესებას", — ამბობს საელი.
კომენტარები