ადამიანის ტვინისთვის სულ ცოტა ალკოჰოლის მიღებაც კი საზიანოა — კვლევა
ალკოჰოლის მოხმარების ეფექტების შესახებ ახალი კვლევები თითქმის ყოველ კვირას ქვეყნდება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დალევა კარგია თქვენი გულისთვის, ცუდია ღვიძლისთვის, ძალიან კარგია თქვენი სოციალური ცხოვრებისთვის, საშინელ გავლენას ახდენს თქვენ სოციალურ ცხოვრებაზე და ა.შ.
თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ სულ მცირე რაოდენობის ალკოჰოლიც კი ცუდია თქვენი ტვინის ჯანმრთელობისთვის. დადასტურების შემთხვევაში, იგი ალბათ ბოლოს მოუღებს ყველა გაფრთხილებას და რჩევას, რასაც მკვლევრები ალკოჰოლის შესახებ გასცემენ.
კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულა და არც მიმოხილვა გაუვლია, თუმცა მისი საწყისი აღმოჩენები, რომლებიც დასკვნაშია შეჯამებული, საკმაოდ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ტვინისთვის ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. მისი ზომიერი მოხმარება დაკავშირებულია ტვინზე იმაზე უფრო საზიანო ზემოქმედებასთან, ვიდრე ადრე იყო მიჩნეული. საჭიროა ამჟამინდელ "დაბალი რისკის" სმის სახელმძღვანელოებში შესწორების შეტანა და ტვინზე ალკოჰოლის ეფექტის გათვალისწინება".
მკვლევრებმა ანალისიზთვის UK Biobank-ის მონაცემები გამოიყენეს. Guardian, სადაც პირველად გამოქვეყნდა სტატია ამ კვლევის შესახებ, Biobank-ს აღწერს, როგორც "მნიშვნელოვან მონაცემთა ბაზას, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ დაეხმაროს მკვლევრებს იმ გენეტიკური და გარემო ფაქტორების აღმოჩენაში, რაც საბოლოოდ ადამიანებში სხვადასხვა დაავადებების განვითარებას იწვევს".
მკვლევრებმა 43 572 ადამიანის მაგნეტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გადაღებული ტვინის სურათები აიღეს და მათ საფუძველზე შეეცადნენ იმის გამოკვლევას, თუ რამდენ ალკოჰოლს მოიხმარდა თითოეული მათგანი. მონაცემების საფუძველზე მათ დაიწყეს სურათის შედგენა, რომელზეც მკვეთრად გამოიკვეთა განსხვავებები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არარეგულარულად სვამდნენ, რომლებიც ძალიან ბევრს სვამდნენ და რომლებიც საერთოდ არ მოიხმარდნენ ალკოჰოლს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია ტვინში ნეირონების შემცველი ნაცრისფერი ნივთიერების დაბალ დონესთან (რაც ცუდი მაჩვენებელია). კვლევის მიხედვით, ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობის 0.8%-მდე ცვლილებაზე სწორედ ალკოჰოლი იყო პასუხისმგებელი. "ამ ნივთიერების შემცირებაში, ნებისმიერ სხვა რისკ ფაქტორთან, მათ შორის მოწევასთან შედარებით, ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ალკოჰოლს მიუძღვის".
კომენტარები