7 ნიშანი, რომ ტრავმასთან გასამკლავებლად სხვებისთვის თავის მოწონებას ცდილობ
ალბათ, მძიმე სიტუაციასთან გამკლავებისას ბევრს გსმენიათ "იბრძოლე ან გაიქეცი" მიდგომის შესახებ, მაგრამ "მაამებლობაზე" რა შეგვიძლია ვთქვათ?
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ განცდილ ტრავმაზე მეოთხე ტიპის საპასუხო რეაქციის შესახებ, რომელიც არა ბრძოლას, გაქცევას ან ემოციურ გახევებას, არამედ მაამებლობას გულისხმობს.
ეს ტერმინი პირველად თერაპევტმა პიტ უოკერმა თავის ინოვაციურ ნაშრომში, კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა: გადარჩენიდან წარმატებამდე, გამოიყენა.
მოკლედ რომ ვთქვათ, "მაამებლობა" კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებას ნიშნავს. ამ გზით ადამიანები სიტუაციის განეიტრალებასთან ერთად ურთიერთობებში მეტი უსაფრთხოების მიღწევასა და სხვების სიმპათიის დამსახურებას ცდილობენ.
ერთი მხრივ, მაამებლობა სხვებთან უსაფრთხო კავშირების შექმნის არასწორი გზაა, რადგან რეალურად, სხვა ადამიანების წარმოსახვით მოლოდინებსა და სურვილებზე მორგებას გულისხმობს. თუმცა, მეორე მხრივ, მაამებლობა ჩვენი პირადი ტრავმული გამოცდილებიდან გამომდინარეობს და მისი მკაცრად განსჯა არ შეიძლება: არ არსებობს ტრავმაზე რეაქციის სწორი ან არასწორი ფორმა, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა მსგავს მდგომარეობაში დიდი ხნით გაჭედვა არასასურველი და საზიანოა.
იმისთვის, რომ ამ ტიპის რეაგირება საკუთარ თავსა და ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში ამოვიცნოთ, მაამებლობისთვის დამახასიათებელ შვიდ ნიშანს გთავაზობთ.
1. ძალისხმევას არ იშურებ, რომ სხვებმა "შეგამჩნიონ"
თუ "მაამებელთა" ტიპს განეკუთვნები, სავარაუდოდ, მთლიანად იმაზე ხარ კონცენტრირებული, რომ გარშემომყოფები შენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდნენ. ეს მიდგომა კიდევ უფრო თვალშისაცემი არაჯანსაღ, ზიანისმომტან ურთიერთობებშია, რათა კონფლიქტის თავიდან არიდება შეძლო.
მაგრამ ამის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ეს შენი "ნამდვილი მე" საერთოდ არ არის. სხვა ადამიანებს რაც უფრო მეტად ასიამოვნებ, მით უფრო უცხოდ იგრძნობ თავს ყველაზე ახლო ურთიერთობებშიც კი.
თუ შენს "ნამდვილ მეს" ვერავინ ხედავს, ეს იმის განცდას გაგიმძაფრებს, რომ ვერავინ გიგებს და საბოლოოდ, დაგტანჯავს იმის შეგრძნება, რომ რეალურად ვერავინ "გამჩნევს".
ასეთ დროს კი მწარე ირონია ისაა, რომ რეალურად, შენ ხარ სწორედ ის, ვინც საკუთარ თავს მალავ და სხვებს არ აძლევ იმის შესაძლებლობას, რომ შეგამჩნიონ.
2. არ იცი, როგორ თქვა უარი
მაამებელი ადამიანები თითქმის ყოველთვის გადატვირთულები არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვების გაბედნიერება ძალიან უნდათ და ლამის ნებისმიერ შეთავაზებებზე ავტომატურად ამოხდებათ: "რა თქმა უნდა" და "დიახ". მათ თავში აზრადაც არ მოსდით ისეთი პასუხების დაბრუნება, როგორებიცაა "ახლა არ შემიძლია" ან "არა, მადლობა".
თუ ეს აღწერა გეცნო, მაშინ ხშირად ამასაც კი შეიძლება ამბობდე: "ეს სულაც არ არის პრობლემა, მართლა".
ამავდროულად კი, ჩუმად გაშინებს სხვებისთვის დასაკმაყოფილებელი სურვილების სიმრავლე, რომელთა შესრულებაზეც უკვე დათანხმდი, სია კი დღითიდღე უფრო გრძელდება.
ამის გამო თავაზიანობასთან "სიძულვილიანი სიყვარულის" მსგავსი ურთიერთობა გიყალიბდება და რამდენჯერაც უნდა სცადო სიტყვასთან "დიახ" განშორება და სანაცვლოდ სიტყვასთან "არა" დაახლოება, უბრალოდ არაფრით გამოგდის.
3. მოულოდნელად ემოციები ყელში გებჯინება და სრულიად უცხო ადამიანებს უზიარებ მათ
ეს შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ ამაზე სერიოზულად დაფიქრდები, ასე სულაც არ არის.
თუ გსურს, ახლობლებისთვის მუდმივად ბედნიერება მოგქონდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა გასაჭირში თავად ხარ, ამაზე მათთან ღიად საუბრისგან თავს შეიკავებ. ამიტომაც სხვებს გულს მხოლოდ მაშინ უშლი, როცა უბრალოდ თავის დაჭერა აღარ შეგიძლია, რადგან ამ ყველაფერს დიდხანს მალავდი.
საკითხს რომ სხვა კუთხით შევხედოთ, დისტანცია გრძნობების გამოხატვას ამარტივებს. სწორედ ამიტომ, ის ადამიანები, რომლებსაც ახლახან შევხვდით, ერთი დიალოგის შემდეგ მოულოდნელად ისეთივე ახლობლები შეიძლება გახდნენ, როგორებიც საუკეთესო მეგობრები არიან.
ბარში მჯდომი კეთილი უცნობი? ცხადია, მას ყველაფერს მოუყვები მძიმე გამოცდილების შესახებ. უი, სოციალურ ქსელში ერთმანეთს უზიარებენ, თუ რა გადახდენიათ ყველაზე ცუდი თავს? რა თქმა უნდა, შენც ჩაერთვები.
ემოციებისგან დაცლა ან იმ ადამიანებთან გვიმარტივდება, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით მზრუნველობა არ გვაკავშირებს და მეორედ ვეღარც ვნახავთ, ან პირად განცდებზე საუბარს იქ ვახერხებთ, სადაც დისტანცია თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს (მაგალითად, სოციალურ ქსელებში).
4. როცა სხვებზე ბრაზობ, დანაშაულის გრძნობა გაწუხებს
სხვა ადამიანების საშინელ საქციელს შეიძლება მრავალი გამართლება მოუძებნო, რათა დამნაშავედ ისევ საკუთარი თავი გამოიყვანო. თუ ბრაზობ, 5 წუთის შემდეგ ამის გამო თავი ნამდვილი ურჩხული გგონია. შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ "არ გაქვს უფლება", სხვა ადამიანებზე განაწყენდე.
თუ სხვა ადამიანებზე გაბრაზება შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სანაცვლოდ კი მუდმივად საკუთარ თავს იდანაშაულებ და სხვების ცუდი საქციელის გამართლებას ცდილობ — ეს უკვე მაამებლობაა, რადგან შენს გრძნობებს თრგუნავ და სხვისი გამართლების მცდელობით მთელს ისტორიას ახლებურ სახეს აძლევ, რათა სხვაზე აუგი არ დაგცდეს.
5. სხვების რეაქციებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავს აკისრებ
ყოველთვის, როცა ვინმეს რესტორანს ან წიგნს ურჩევ, ერთ-ორწუთიანი მწვავე პანიკა, ალბათ, შენთვის უცხო არ არის. ამ დროს ასეთი კითხვების შემოტევას ვერაფერს უხერხებ: "რა მოხდება, თუ საერთოდ არ მოეწონება?" ან "რა მოხდება, თუ ისეთი კარგი არ არის, როგორიც მახსოვს?"
ზოგჯერ უბრალოდ გადაწყვეტილებების მიღებას მუდმივად სხვას ანდობ (მაგალითად, სად წახვიდეთ ან რა გააკეთოთ ერთად), რადგან "წარუმატებლობის" შემთხვევაში, იმაზე ფიქრს აიცილებ თავიდან, რომ კარგი არჩევანის გაკეთება შენ ვერ შეძელი.
თუ დაფიქრდები, ცოტა სიგიჟეა, არა? სულაც არ უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას სხვების რეაქციებზე, რადგან წარმოდგენა არ გაქვს, მათი გემოს რეცეპტორები როგორ მუშაობს, ვერც ჯადოქრობის წყალობით მათთვის საინტერესო წიგნების პრეფერენციები გეცოდინება და ვერც იმ გამოფენის შესახებ იწინასწარმეტყველებ წინასწარ, ღირს თუ არა ნახვად, რომელზე წასვლაც შენ გსურს.
როცა პასუხისმგებლობას იმაზე იღებ, სხვა ადამიანები კარგ დროს ატარებენ თუ არა, გავიწყდება, რომ თავადაც უნდა ისიამოვნო. ამის საპირისპიროდ კი მაამებელი ადამიანები ცდილობენ, წინასწარ განჭვრიტონ, თუ რა გააბედნიერებს სხვებს, რადგან გულის სიღრმეში ამაზე პასუხისმგებლობას გრძნობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებზეც ზრუნავენ, იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ.
6. ღირებულებებს ხშირად ღალატობ
შეიძლება, თავიდან ამის შემჩნევა გაგიჭირდეს. ალბათ, ფიქრობ, რომ სასიამოვნო, დამთმობი და იმ ტიპის ადამიანი ხარ, რომელსაც ყველა კარგად ეწყობა. მაგრამ თუ პირად საუბრებს დაუკვირდები, შენიშნავ, რომ ზედმეტად დამყოლი ხარ — სხვების მიერ გამოთქმულ იმ შეხედულებებზეც კი ხშირად იქნევ თანხმობის ნიშნად თავს, რომლებსაც, რეალურად, სულაც არ ეთანხმები.
ხანდახან ასეთი სიტუაცია უწყინარ საკითხებს ეხება, მაგალითად, როცა ამბობ, რომ სულ ერთია, სად ისადილებ, სინამდვილეში კი, კარგად იცი, სადაც გირჩევნია ჭამა. სხვა დროს ეს უფრო სერიოზულ საკითხს შეიძლება ეხებოდეს, როცა იმ თვალსაზრისს იცავ ან ისეთ ქცევას ამართლებ, რომელსაც ნამდვილად არ იზიარებ.
ასე იმიტომ იქცევი, რომ გეშინია, სხვებმა შენთან ურთიერთობის სურვილი არ დაკარგონ. თუ აღმოაჩენ, არც მწვადს წვავ და არც — შამფურს, რადგან არ გინდა, ვინმეს აწყენინო, მაშინ რაღაც ხარისხით მაამებელი ხარ და დროა, იფიქრო, გიღირს თუ არა კიდევ ასე გაგრძელება.
7. ხანდახან ასოციალური ხდები
მაამებლობა ხშირად მოითხოვს, რომ საკუთარი ემოციები ჩაახშო. მკაფიო განცდები რაც უფრო ნაკლებად გვაქვს, მით უფრო ადვილია ადაპტირება და სხვების ემოციებთან მორგება.
როცა ემოციურად ითიშები, ეს დისოციაციას იწვევს. ამას შეიძლება ფიქრებით ღრუბლებში ფრენის, გონებაგაფანტულობის, საკუთარ თავში ჩაკეტვის ან თუნდაც გულმავიწყობის სახე ჰქონდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა სოციალური ურთიერთობებით გადაიტვირთები.
სწორედ ამიტომ უკავშირდება მაამებლობა ტრავმის სხვა რეაქციებს, მაგალითად, გაქცევასა და ემოციურ გახევებას.
თუ ვგრძნობთ, რომ "მაამებლობა" კამათისას წარუმატებელი იქნება, ეს კონკრეტულ ადამიანთან არ იმუშავებს ან უბრალოდ არ ვიცით, ვინმეს როგორ მოვაწონოთ თავი, ამ მომენტში შეიძლება ემოციებს განვერიდოთ ან თავის შველის სხვა მექანიზმებს მივენდოთ ისე, რომ დიალოგში ჩართვას თავი ავარიდოთ.
ასეთი ადამიანები მიდრეკილები არიან, რომ ყველაფერს გაემიჯნონ, რადგან სხვების გულისთვის მათსავე ემოციებს უკვე ისედაც გაემიჯნენ.
ეს ყველაფერი შენთვის ნაცნობია?
ძალიან მტკივნეული უნდა იყოს, როცა პირად სურვილებზე მუდმივად უარის თქმა და გრძნობების დათრგუნვა გიწევს, სანაცვლოდ კი ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სხვების ემოციები გაითვალისწინო.
ზოგიერთი მაამებლობას მანიპულატორობას ადარებს, თუმცა აქაც კი აქცენტი ისევ სხვების გრძნობებზეა დასმული.
ეს მდგომარეობა ადამიანს ასუსტებს, ის მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარეობს და დადანაშაულება არ არის ეფექტიანი გზა იმისთვის, რომ მათ ტრავმა დაამარცხონ და საკუთარი თავი ახლობელ ადამიანებთან სხვაგვარად გამოხატონ.
თუმცა იმედია, თუ ყოველდღიურობაში ასეთ ნიშნებს შეამჩნევ და შესაძლებლობა გექნება, თერაპევტთან ისაუბრო, მაშინ სხვებთან კომუნიკაციის უფრო ავთენტურ და სრულყოფილ გზებს იპოვი.
ეს რთული სამუშაოა, მაგრამ ემოციურ სტაბილურობასა და დაფასებას ყველა ურთიერთობაში იმსახურებ.
თუ იმდენად გულმოდგინედ მუშაობ, რომ თანაგრძნობას სხვებს სთავაზობ, რატომ არ უნდა შესთავაზო იგივე საკუთარ თავს?
კომენტარები