ექსპერტების თქმით, ბიტკოინის ეფექტის შემცირება გარემოზე ძალიან რთული იქნება
Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ელექტროენერგიის მოთხოვნებისა და გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, ავტომობილების კომპანია ბიტკოინებს აღარ მიიღებს. მან ისიც დაამატა, რომ ისინი ბიტკოინების მიღებას მხოლოდ მას შემდეგ განაახლებენ, თუ კრიპტოვალუტა მდგრადი ენერგიის გამოყენებაზე გადავა.
ასევე იხილეთ: Tesla-ს ბიტკოინში ვეღარ იყიდით — გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების პრობლემებს უკავშირდება
თუმცა, რა თქმა უნდა, ბიტკოინი ერთ დღეში ვერ გახდება გარემოს მიმართ უფრო მეგობრული. მეტიც, როგორც Reuters იუწყება, მისი მდგრად ენერგიაზე გადაყვანა და გარემოზე ზიანის შემცირება ძალიან რთული იქნება.
ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს უდიდესი რაოდენობის ელექტრულ ენერგიას, რომლის დიდი ნაწილი ჩინეთში გამომუშავდება წიაღისეული საწვავის წვის შედეგად. ილონ მასკმა თავისი ბოლო ნაბიჯი სწორედ წიაღისეული საწვავის წვისა და კლიმატის ცვლილების საკითხს დაუკავშირა, თუმცა, დოჯკოინი, რომელსაც მასკი საკმაოდ აქტიურად უჭერდა მხარს, მოპოვების იმავე პრინციპებს ეყრდნობა, რასაც ბიტკოინი.
რაც შეეხება განახლებად ენერგიაზე მომუშავე სისტემის მშენებლობას, რომელიც ბიტკოინის მოპოვებისთვის საჭირო კოლოსალური რაოდენობით ენერგიას უზრუნველყოფს, Reuters-ის მიხედვით, წლები დასჭირდება.
თუმცა, შეიძლება არსებობდეს რაიმე გზა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტის "გამწვანებას" უზრუნველყოფს. მაგალითად, ერთ-ერთ დამაიმედებელ ვერსიას წარმოადგენს მოპოვების განსხვავებულ მეთოდზე — proof of stake-ზე გადასვლა, რომელიც შედარებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. მაგალითად, მეორე უდიდესი კრიპტოვალუტა — ეთერეუმი, საბოლოოდ ამ ახალ სისტემაზე გეგმავს გადასვლას, თუმცა ზუსტად არ ვიცით, თუ როდის.
"ამ გამოწვევაზე ერთადერთი რეალური პასუხი იქნება ან განახლებად ენერგიაზე მომუშავე მაინერებში ინვესტირება, ან ზემოთხსენებულ Proof of stake-ის მეთოდოლოგიაზე გადასვლა", — განუცხადა Reuter-ს კრიპტო საიტ The Block-ის კვლევების დირექტორმა, ლარი კერმაკმა.
ბიტკოინის მომპოვებლებმა უფროდაუფრო რთული გამოთვლების შესასრულებლად უკვე მილიარდობით დოლარი ჩადეს კომპიუტერის აპარატული უზრუნველყოფის განვითარებაში. როგორც ჩინური მომპოვებელი ფირმის — LightningAsic-ის მთავარმა აღამსრულებელმა დირექტორმა, ჯეკ ლიაომ განაცხადა, მათი დარწმუნება იმაში, რომ ახალ პროტოკოლზე გადაერთონ, თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს ცვლილება მათთვის მილიარდების დაკარგვის ტოლფასი იქნება.
Tesla-ს ბოლოდროინდელმა განცხადებამ ბიტკოინის არ მიღების შესახებ უფრო გაამწვავა დებატები კრიპტოვალუტის საზიანო გავლენის შესახებ გარემოზე. კრიპტობაზარში მიღებულ პრაქტიკას ღრმად აქვს გადგმული ფესვები და ახალ, უფრო მწვანე ალტერნატივაზე გადასვლა ძალიან რთული იქნება.
მასკმა არაერთხელ მოახდინა თავისი გავლენის დემონსტრაცია ბიტკოინსა და დოჯკოინზე. მისი ამჟამინდელი გადაწყვეტილება, დეველოპერებთან ერთად იმუშაოს "სისტემის ტრანზაქციების ეფექტიანობის გაზრდაზე", ნამდვილად დამაინტრიგებელია.
თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ მისი ეს ნაბიჯები მთელი კრიპტოვალუტის ბაზრის მომავლის "გამწვანებას" რამენაირად შეუწყობს ხელს.
კომენტარები