დმანისში ორდღიანი დაძაბულობის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა. სამინისტროსთვის მიუღებელია სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიედ, შესაძლოა აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.

მივესალმებით ინციდენტის აღმოფხვრას და რწმენას გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ბოლო ორი დღეა დმანისში დაძაბული ვითარებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მაღაზიაში იღებდა კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ ფულს არ იხდიდა, 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გაგრძელდა დღესაც. მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, მათ შორის დმანისის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ქალაქშიც მხოლოდ ადგილობრივებს უშვებდნენ.

დმანისში განვითარებულ მოვლენებზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.