დღეიდან ახალი ონლაინჟურნალი Queer.ge ამუშავდა. პლატფორმის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია როგორც საქართველოში, ასევე, სრულიად კავკასიის რეგიონში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერა, მათი ხმების გაჟღერება, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითრების ხელშეწყობა.

პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამაზ სოზაშვილი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ქვიარ ადამიანები შეძლებენ, საკუთარი ისტორიებზე პირველ პირში ისაუბრონ.

"ბოლო პერიოდშიც და ისედაც ლგბტ საკითხები მედიის საშუალებით შუქდება, როცა თემის წევრებზე ძალადობენ ან 17 მაისისა და პრაიდის თვის განმავლობაში, როცა ქვიარ თემისთვის ბარიერს წარმოადგენს საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა. რაც თავის მხრივ გარკვეულწილად ხელს უწყობს თემის სტიგმატიზაციას, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ლგბტ ადამიანებისთვის გენდერული თუ სექსუალური იდენტობა არის ერთ-ერთი იდენტობა ბევრ სხვა იდენტობასთაგან. ამ პლატფორმის საშუალები შევძლებთ, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ", — ამბობს სოზაშვილი.

თავდაპირველად გამოცემის ონლაინ პლატფორმა Queer.ge ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა ენაც: ინგლისური, სომხური, აზერბაიჯინული და რუსული. გამოცემის მთავარი რუბრიკებია: ქვიარი ამბობს, ქვიარ ისტორია, ქვიარ ხედვა, ქვიარ ზრუნვა, ქვიარ გართობა და სხვა. ასევე, იგეგმება გამოცემის ბეჭდვური ვერსიაც.