ჩინეთის ხომალდი მარსზე ამაღამ დაეშვება
ჩინეთი, Tianwen-1 მისიის ფარგლებში, მარსზე თავისი Zhurong დამშვებს ამაღამ, 3 საათზე განათავსებს.
ხუთშაბათს დილით გამართულ კონფერენციაზე, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ასოციაციის პლანეტათაშორისი აღმოჩენების მთავარმა მრჩეველმა, იე პეიჯიანმა განაცხადა, რომ კაფსულა ყველაზე ინტენსიური ფაზის — ტერორის 7 წუთის გავლას, ჩვენი დროით, 15 მაისს, ღამის 3 საათზე შეუდგება.
მისი დაშვება ამ ქვეყნისთვის კოსმოსური აღმოჩენების სფეროში ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესის კულმინაცია იქნება. აღსანიშნავია, რომ წარმატებული დაშვების შემთხვევაში, ჩინეთის Zhurong გახდება NASA-ს გარეთ შექმნილი პირველი ხომალდი, რომელიც მარსზე წარმატებით განთავსდება.
Tianwen-1 მისიის ფარგლებში ჩინეთმა 2020 წლის ივლისში მარსისკენ ორბიტერი, დამშვები და მოხეტიალე გაუშვა. ორბიტერი წითელი პლანეტის ორბიტაზე ამ წლის თებერვალში განთავსდა და მას შემდეგ პლანეტას უვლის გარს. იგი მარსის ზედაპირს სწავლობს და აქ ქვეყნის პირველი დამშვებისა და მოხეტიალის დასაშვებად ემზადება.
მოხეტიალე და დამშვები მარსის თხელ ატმოსფეროში სითბური ფარის საშუალებით შევლენ, შემდეგ კი ამ ფარს მოიშორებენ და პარაშუტით, ნელა დაეშვებიან ზედაპირზე.
NASA-სგან განსხვავებით, skycrane ტექნოლოგიის ნაცვლად, ჩინეთის დასაშვები მოდული უსაფრთხო დაშვებისთვის თავის ძრავებს გამოიყენებს.
Zhurong-ის დაშვება იმავე ადგილასაა დაგეგმილი, სადაც NASA-ს Viking 2 დამშვები განთავსდა 1976 წელს. ეს რეგიონი — Utopia Planitia 3 300 კილომეტრზეა გადაჭიმული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აქ ზედაპირის ქვეშ მასიური ყინულის დეპოზიტები უნდა ინახებოდეს, რაც ამ ადგილს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის სამომავლო გამოკვლევებისთვის.
კომენტარები