დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ტექნიკური შეფერხება, რომელიც ვაქცინაზე სარეგისტრაციო პორტალზე შეიქმნა, უმოკლეს დროში აღმოიფხვრება. მათი განცხადებით, სისტემაში ხარვეზი მოქალაქეთა მაღალი აქტიურობის შედეგად შეიქმნა.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში", — აცხადებს NCDC.

დღეს, 12 მაისს 20:00 საათიდან Sinopharm-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა სარეგისტრაციო პორტალი booking.moh.gov.ge ხარვეზებით მუშაობს. გარდა ამისა, 20:00 საათიდან დაიწყო რეგისტრაცია AstraZeneca-ს დოზებზე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც.