როდის არ ნიშნავს ვაქცინაცია კორონავირუსის შემთხვევების კლებას — რას აკეთებენ არასწორად სეიშელის კუნძულებზე
სეიშელის კუნძულებმა 2021 წელს მოსახლეობისთვის უფასო ვაქცინაციის შეთავაზება დაიწყო. ამ დროს პრეზიდენტმა ვაველ რამკალავანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსის მიმართ საზოგადოებრივ იმუნიტეტს სულ რამდენიმე კვირაში გამოიმუშავებდა. ეს ინდოეთის ოკეანეში მდებარე პატარა, გეოგრაფიულად იზოლირებული კუნძულის მოსახლეობისთვის ამბიციური განცხადება იყო. თუმცა, ვინაიდან მისი ეკონომიკა უმეტესად ტურიზმზეა დამოკიდებული, ქვეყანამ ვაქცინების მარაგი რეგიონული მოკავშირეებისგან — მათ შორის ინდოეთისგან და არაბთა გაერთიანებული საემიროებისგან მოიზიდა და გეგმის შესრულებას შეუდგა.
თავდაპირველად, ეს ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა. დღეს სეიშელის კუნძულებზე მოსახლეობის 60% სრულად არის ვაქცინირებული — ეს რიცხვი ყველა ქვეყნის, მათ შორის ისრაელისა და გაერთიანებული სამეფოს იმავე მაჩვენებლელს აღემატება.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვაქცინაცია ყოველთვის არ ნიშნავს ვირუსის შემთხვევების შემცირებას — ამ კვირაში სეიშელის კუნძულზებზე, ერთ სულ მოსახლეზე, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ქვეყანას მთელი რიგი შეზღუდვების თავიდან შემოღება მოუწია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი, ერთი შეხედვით, არც ისე დიდია — დღეში საშუალოდ 1000 ახალი შემთხვევა — ეს იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის რაოდენობა სულ რაღაც 100 000-ს შეადგენს, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების რიცხვმა სეიშელის კუნძულებზე ინდოეთის ამავე მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა.
"ამ ეტაპზე არ ვიცით, თუ როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა — ეს დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ ზომებზე და იმაზე, თუ რამდენად სცემს ხალხი პატივს ამ ზომებს", — განაცხადა სამშაბათს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის წევრმა, ჯუდ გიდეონმა.
სეიშელის მდგომაორებას ახლა მთელი მსოფლიო აკვირდება — ეს ერთგვარი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში ეპიდვითარება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულად არის ვაქცინირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც ხალხის დიდი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აიცრა (მაგ. გაერთიანებული სამეფო და ისრაელი), ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.
სეიშელის კუნძულების მთავრობის მეირ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 068 შემთხვევა გამოვლინდა — ამ ადამიანების 65% ან საერთოდ არ იყო აცრილი, ან ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა მიღებული. ამ დრომდე სეიშელზე კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი შედარებით დაბალია — 6 000-დან მხოლოდ 28 შემთხვევა.
სეიშელის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, შერინ ფრანცისმა განაცხადა, რომ ვირუსით დაინფიცირების რისკი არსებობს ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემთხვევაშიც. "ვაქცინა საკმაოდ ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე შემთხვევების, ან მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პრევენციისთვის, თუმცა იგი ინფექციისგან ასეთივე დაცვას არ გვთავაზობს".
სეიშელის კუნძულებზე ახალი შემთხვევების ტალღა, შესაძლოა, აქ გამოყენებული ვაქცინების დაბალ ეფექტიანობაზე მიანიშნებდეს. ქვეყანაში მიღებული ვაქცინის დოზების დაახლოებით 60%-ს ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინები წარმოადგენს, რომლებიც სეიშელის კუნძულებს არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა გადასცა. ქვეყანაში გამოყენებული AstraZeneca ვაქცინები კი ინდოეთის სერუმის უნივერსიტეტშია წარმოებული.
აქედან ცხადია, რომ სეიშელის კუნძულების მთავრობის მოლაპარაკებებმა საკმაოდ სწრაფი და ეფექტიანი შედეგი გამოიღო, მაგრამ ქვეყანაში ორი ვაქცინის გამოყენება სიმპტომური COVID-19-ის წინააღმდეგ არც ისე ეფექტიანი აღმოჩნდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის ეფექტიანობა 60 წლამდე მოზრდილებში 78%-ით შეაფასა. აშშ-ს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. ორივე მათგანის ეფექტიანობა საგრძნობლად ჩამოუვარდება Pfizer-ის და Moderna-ს იმავე მაჩვენებლებს, რომელთა ეფექტიანობა დაახლოებით 95%-ია.
ეპიდემიოლოგ ჯენიფერ ჰუანგ ბოუის შეფასებით, რომელიც Rand Corp-თან მუშაობს, ვაქცინაციის დაწყების და გამოყენებული ვაქცინების მონაცემების საფუძველზე, სეიშელის მოსახლეობის 49%-ზე ნაკლები უნდა იყოს იმუნური კორონავირუსის მიმართ.
"გასაოცარი ის კი არაა, რომ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი არ იკლებს, არამედ ის, რომ ეს რიცხვი აპრილის ბოლოდან დღემდე მნიშვნელოვნად იმატებს", — განაცხადა ჰუანგმა.
შემთხვევების მატება შესაძლოა გამოწვეული იყოს სეიშელზე ტურისსტების დაბრუნებითაც, მაგრამ ამ ორს შორის კავშირი არ არის გამოკვეთილი.
საზღვრის ერთწლიანი მკაცრი კონტროლის შემდეგ, სეიშელის კუნძულებმა 25 მარტიდან ტურისტების მიღება განაახლა. დამსვენებლებს არ უწევდათ კარანტინის გავლა, ქვეყანაში დაიშვებოდნენ ის ტურისტებიც, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული ვაქცინა. თუმცა, მათთვის სავალდებულო იყო PCR ტესტის აღება ფრენამდე 72 საათზე ნაკლებ დროში და რა თქმა უნდა, მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებდნენ ამ ქვეყანაში გამგზავრებას.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების და ტურიზმის აღდგენის შემდეგ, სეიშელის კუნძულებზე ახალი შემთხვევების რიცხვმა ორზე მეტჯერ იმატა. აქედან მხოლოდ 10% მოდის ტურისტებზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რთული ეპიდვითარება ტურიზმის სექტორს დიდ საფთხეს უქმნის.
როგორც ჰუანგ ბოუიმ აღნიშნა, ვაქცინებს შეუძლიათ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის პრევენცია, თუმცა სამედიცინო სფეროებში თანხმდებიან, რომ ვირუსის ახალი ტალღების შესაჩერებლად მხოლოდ ვაქცინაცია საკმარისი არაა.
კომენტარები