აშშ-ში ხუთი ახალი ციფრული ვალუტის გამოცდას გეგმავენ
"ციფრული დოლარის" პროექტის ფარგლებში, აშშ-ში მომდევნო 12 თვის განმავლობაში ხუთი საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რათა ციფრული ვალუტები ცენტრალურ ბანკთან დაკავშირდეს.
ციფრული დოლარის პროექტი 2020 წელს დაარსდა. ციფრული დოლარის ფონდსა და Accenture-ს შორის თანამშრომლობა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კვლევის შესწავლისა და ხელშეწყობის მიზნით ხდება.
"მსოფლიოს მასშტაბით ყოველ კვირას ტარდება კონფერენციები CBDC-თან დაკავშირებით. თუმცა, აქამდე მსგავსი პროექტის გამოცდა აშშ-ში არ მომხდარა. ჩვენ გვსურს გვქონდეს რეალური მონაცემები." — განაცხადა ციფრული დოლარის ფონდის თანადამფუძნებელმა კრისტოფერ ჯანკარლომ.
CBDC ფიზიკური მონეტებისა და ბანკნოტების ციფრული ანალოგიაა. სადებეტო ბარათები და საგადასახადო პროგრამები ასევე ციფრული ფულადი სახსრების ფორმაა, მაგრამ ეს ოპერაციები შესაძლებელი ხდება კომერციული ბანკების მიერ მოპოვებული ფულის საშუალებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინაიდან მათ ფედერალური მხარდაჭერა არ აქვთ, მესამე მხარის აპლიკაციების საშუალებით განხორციელებულ ტრანზაქციებს შეიძლება რამდენიმე დღე და დამატებითი გადასახადი დასჭირდეს.
კრიპტოვალუტების მიმართ ბოლოდროინდელი მოზღვავებული ინტერესი კერძო სექტორსაც ეხება. შესაბამისად, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები, როგორც ევროპაში, ასევე ჩინეთში, ასრულებენ CBDC პროექტებს კრიპტოვალუტის "საფრთხეების" დაძლევისა და გადახდის სისტემების გაუმჯობესების მიზნით. ეს უახლესი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებას, იგივე ფინტექის ჩართულობას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტა არ ჩაანაცვლებს ფიზიკურ და ჩვეულებრივ ელექტრონულ ოპერაციებს. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა ასრულებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებული ვალუტის "მცველის" როლს, ხოლო კრიპტოვალუტების მიმართ უფრო ფრთხილი მიდგომა აქვს.
"მნიშვნელოვანია, რომ აშშ ამჯერადაც მსოფლიო ლიდერად მოგვევლინოს, როგორც ეს სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების შემთხვევაში იყო." — ამბობს ჯანკარლო.
სამი საპილოტე პროგრამა უკვე ამ ზაფხულს დაიწყება და მის მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდება.
კომენტარები