2020 ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი არ ყოფილა — აი, რატომ
ჰარვარდის პროფესორი, ისტორიკოსი და არქეოლოგი მაიკლ მაკკორმიკი ამტკიცებს, რომ ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი ახალი წელთაღრიცხვით 536 იყო. ეს ყველაზე საშინელი წელი იყო, რომლის გამოვლაც კაცობრიობას მოუხდა. ის გამორჩეული იყო კატაკლიზმებისა და ვულკანური ამოფრქვევების გამო, რომელთაც მზის სხივების დედამიწამდე მოღწევა შეუძლებელი გახადეს. ამის პარალელურად კი, 536 ათასწლეულების განმავლობაში ყველაზე ცივი იყო.
გასული 2020 წელი, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და მას მოყოლილი მსხვერპლის გამო, ბევრი ჩვენგანის მიერ ყველაზე საშინელ წლად მოიხსენიება და ჩვენი უმეტესობისთვის ასეც არის, თუმცა, არა კაცობრიობისთვის. ყველაზე საშინელი წელი 1918-იც კი არაა — პირველი მსოფლიო ომის დასასრული, როცა 100 მილიონი ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით, ესპანური გრიპის ეპიდემიამ იმსხვერპლა. ყველაზე ცუდი წლის ნომინაციას 1349-იც იმსახურებს, როცა შავმა ჭირმა ევროპაში 20 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის წლებიც საშინელი იყო, თუმცა, ისტორიკოსის მტკიცებით, ყველაზე უარესი სიტუაცია მაინც 536 წელს იყო.
რა ხდებოდა 536 წელს?
ყველაფერი ვულკანების ამოფრქვევით დაიწყო. მაკკორმიკის მიხედვით, ამოფრქვევები წლის დასაწყიში ისლანდიაში დაიწყო. ეს უკანასკნელი კი დადგენილია მაკრომიკისა და გლაციოლოგ პოლ მაიევსკის მიერ, შვეიცარიის მყინვარზე ჩატარებული კვლევის შედეგად. ვულკანურმა ფერფლმა მთელი ევროპა დაფარა და ეს 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავის მხრივ, ეს ფაქტი იწვევდა იმას, რომ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ნაწილი დღეს და ღამეს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა, რადგან დღის განმავლობაშიც სიბნელე სუფევდა. როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოპიუსი წერდა, მთელი წლის განმავლობაში მზე მთვარის მსგავსად ანათებდა და ისე ჩანდა, თითქოს ის მუდმივად დაბნელებული იყო.
იმ დროის რომაელი პოლიტიკოსი კასიოდორუსი კი აღნიშნავდა, რომ მზეს მოლურჯო ფერი ჰქონდა, როგორიც მთვარეს აქვს ხოლმე ხანდახან, ხოლო წელიწადის დროები/სეზონები ერთმანეთში იყო არეული. ის წერდა — "ჩვენ ვოცდებით, რომ შუადღისას ჩვენი სხეულის ჩრდილები არ ჩანს".
ბუნებრივია, მსგავსი მასშტაბის კატაკლიზმებმა მაშინდელი მოსახლეობა მასობრივ შიმშილობამდე მიიყვანა. რუხმა დღეებმა დედამიწაზე სიბნელის გარდა სიცივეც გააბატონა. 536 წლის ზაფხულში კი ტემპერატურა 1.5-დან 2.5 ცელსიუსამდე იყო. როგორც ჟურნალ Science-შია აღნიშნული, ეს იყო ბოლო 2300 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი პერიოდი, რომელმაც მოსახლეობა მოსავლის განადგურებამდე და მსოფლიო მასშტაბის შიმშილამდე მიიყვანა.
ამ ყველაფერს კი 541 წელს ბუბონური ჭირი დაემატა. რომის პორტიდან პელუსიუმიდან ეგვიპტეში გავრცელებული ე.წ. იუსტინიანეს ჭირის შედეგად დაიღუპა რომის აღმოსავლეთ იმპერიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. ეკოლოგიურ კატაკლიზმებს შორის, რომელსაც ვულკანების ამოფრქვევები განაპირობებდნენ, 540-დან 547 წლებში, ასევე, ჭირის ეპიდემიის აფეთქებამ, ევროპის ეკონომიკური ვარდნა განაპირობა და ეს მთელი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ 640 წლიდან ვერცხლის მოპოვებამ არ გამოასწორა ეკონომიკური მდგომარეობა.
რა იყო ყველაზე ცუდი დრო ისტორიაში?
ზემოთ მოყვანილი პასუხი შედარებით ევროპაცენტრულია, ამ კითხვაზე პასუხი კი შეიძლება უფრო იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ სად ცხოვრობთ. ევროპასა და აზიაში, 536 წელს გავრცელებული ვულკანური ღრუბელი და 18 თვიანი ბნელი დღეები, სიცივე და შიმშილი საქართველოზეც ვრცელდებოდა, თუმცა, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ადგილობრივებს რომ ჰკითხოთ, მათთვის ყველაზე ცუდი წელი 1520 იყო, როცა ესპანეთიდან ჩატანილმა ყვავილის ეპიდემიამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. 1600 წლისთვის, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის 90% სწორედ ევროპიდან ჩატანილი, მათთვის უცნობი პათოგენებით მოკვდა.
კომენტარები