მარტივი გაგებით ფინანსებში რისკი ფულის დაკარგვის ალბათობაა. რისკისადმი ტოლერანტობა კი ზარალის იმ სავარაუდო მოცულობით განისაზღვრება, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას ინვესტორმა შესაძლოა მიიღოს.

ფინანსური საქმიანობის დაწყებამდე აუცილებლად განსაზღვრეთ რამდენად ტოლერანტული ხართ რისკის მიმართ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მართებული გადაწყვეტილებების მიიღოთ და თქვენ მიერ გაწეულმა რისკმა გაამართლოს.

თქვენს რისკისადმი ტოლერანტობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

  • თქვენი საინვესტიციო მიზნები და გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გაქვთ დაგროვებული;
  • დროითი ჰორიზონტი — პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აპირებთ ინვესტიციის შენარჩუნებას;
  • თქვენი ალტერნატიული ფინანსური რესურსები და "შიშის ფაქტორი", რომელიც თქვენს ფინანსურ ქცევას განსაზღვრავს;

თუ ზუსტად გეცოდინებათ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რისკის მიმართ, ფინანსური პორტფელის შექმნასა და სამომავლო ინვესტიციების დაგეგმვას გაცილებით მარტივად შეძლებთ. მაგალითად, თუ თქვენი რისკისადმი ტოლერანტობა დაბალია, თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციების უმრავლესობა მეტად კონსერვატიული ტიპის იქნება — ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი პორტფელის დიდ ნაწილს ნაკლებად სარისკო ინვესტიციები დაიკავებენ, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო დეპოზიტები და სახელმწიფო ობლიგაციები.

ფაქტორები, რომლებიც რისკისადმი ტოლერანტობაზე მოქმედებენ

ფოტო: Wokandapix / Pixabay

დრო

დროითი ჰორიზონტი ყველა ინვესტორისთვის განსხვავებულია, რადგან ის მათ საინვესტიციო გეგმებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, მეტი რისკის გაწევა გამართლებულია მაშინ, როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი. იმ ინვესტორს, რომელსაც კონკრეტული თანხა 15 წლის შემდეგ სჭირდება, შეუძლია მეტად გარისკოს, ვიდრე მას, რომელსაც 5 წლიანი გეგმები აქვს.

მიზნები

ფინანსების მართვასთან დაკავშირებით ყველას განსხვავებული მიზნები აქვს. არსებობენ ინვესტორები, რომელთა ერთადერთი მიზანი ძალიან მაღალი შემოსავლების მიღება არაა — ეს საკითხი ინდივიდუალურია და მათ შორის, ინვესტორის რისკისადმი ტოლერანტობიდანაც გამომდინარეობს. როგორც წესი, არსებობს გამოკვეთილი მიზანი, რომელიც კონკრეტული მოცულობის შემოსავლის მიღებას ითვალისწინებს და ინვესტირების პროცესში მთელი სტრატეგია ამ მიზნის რეალიზაციისთვის მიემართება. აქედან გამომდინარე, ყველა ინვესტორი საკუთარი რისკისადმი ტოლერანტობის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას.

ასაკი

როგორც ნებისმიერი სხვა საქმის კეთებისას, საფინანსო სფეროშიც ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვეულებრივ, ახალგაზრდები მეტად რისკიანები არიან, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანები. როგორც წესი, ახალგაზრდებს მეტი დრო და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ იმუშაონ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ამასთან, მათ შეუძლიათ მარტივად გაუმკლავდნენ ბაზარზე არსებულ რყევებს.

პორტფელის ზომა

რაც უფრო დიდია ინვესტორის პორტფელი, ის უფრო მეტად ტოლერანტულია რისკის მიმართ. მაგალითად, იმ ინვესტორს, რომელსაც 50 მილიონიანი პორტფელი აქვს, მეტი რისკის გაწევა შეუძლია, ვიდრე 5 მილიონიანი პორტფელის მქონეს.

ინვესტორის რისკისადმი დამოკიდებულება

ყველა ინვესტორი რისკს განსხვავებულად უმკლავდება. სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისას ზოგიერთი ინვესტორი განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც ბაზრის არასტაბილურობა განსაკუთრებით სტრესულია. შესაბამისად, რისკისადმი ტოლერანტობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ინვესტორი სარისკო ნაბიჯების გადადგმისას.

ინვესტორების სამი ტიპი

ფოტო: George Becker / Pexels

როგორც წესი, რისკებთან მიმართებაში ინვესტორები სამ კატეგორიად იყოფიან. ეს კატეგორიები ემყარება რამდენიმე ისეთ ფაქტორს, რომელთა ნაწილიც სტატიაში უკვე განხილულია.

რისკისადმი დამოკიდებულების მიხედვით, სამი ტიპის ინვესტორს გამოარჩევენ:

აგრესიული ინვესტორები

აგრესიული ინვესტორები ბაზრის თავისებურებებში კარგად ერკვევიან და მარტივად რისკავენ. მსგავსი ტიპის ინვესტორებს პორტფელში არსებული აქტივების მკვეთრი რყევები არ აშინებთ. როგორც წესი, აგრესიული ინვესტორები მდიდრები, გამოცდილნი და დივერსიფიცირებული პორტფელის მქონენი არიან.

ისინი უპირატესობას დინამიური ფასის მქონე აქტივების ქონას ანიჭებენ, როგორიცაა, მაგალითად, მზარდი კომპანიების აქციები, სტარტაპები და კომპლექსური ფინანსურ ინსტრუმენტები. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის ინვესტორები დიდ რისკებზე მიდიან, ბაზრის კრახის შემთხვევაში მაღალ დანაკარგებს განიცდიან, ხოლო როდესაც ბაზარზე კარგი მდგომარეობაა, მათი შემოსავლებიც მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, აგრესიულ ინვესტორებს კრიზისის დროს პანიკური გადაწყვეტილებები არ ახასიათებთ.

ზომიერი ინვესტორები

აგრესიული ინვესტორებისგან განსხვავებით, ზომიერად რისკის გამწევი ინვესტორები ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას მეტად თავშეკავებულები არიან. ისინი მხოლოდ გარკვეულ დონეზე რისკავენ და მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური დანაკარგების მოცულობა მათი ფინანსური პორტფელისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. ისინი საკუთარ პორტფელს სარისკო და ნაკლები რისკის მქონე აქტივების საშუალებით აბალანსებენ. მათი პორტფელი მეტადაა დივერსიფიცირებული და დაკომპლექტებულია როგორც რისკიანი (აქციები, უძრავი ქონება), ისე შედარებით ურისკო აქტივებით (დეპოზიტები, ობლიგაციები). მსგავსი ზომიერი მიდგომის საშუალებით, ისინი ფინანსური ბუმის დროს აგრესიულ ინვესტორებზე ნაკლებს შოულობენ, მაგრამ კრიზისის დროს მათზე ნაკლებ დანაკარგს განიცდიან.

კონსერვატიული ინვესტორები

კონსერვატიული ინვესტორები ყველაზე ნაკლებად რისკავენ. ისინი ცდილობენ, სარისკო გადაწყვეტილებები საერთოდ არ მიიღონ და უპირატესობას ფინანსურ უსაფრთხოებას ანიჭებენ. მათთვის დანაკარგების თავიდან აცილება ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. კონსერვატიული ინვესტორები ფულს ისეთი სახის აქტივებში აბანდებენ, სადაც მათი ფინანსური სახსრები ყველაზე მეტად დაცულია, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო დეპოზიტები და სახელმწიფო ობლიგაციები.

რა ხდება თუ რისკებს უგულებელყოფ?

ფოტო: shutterstock

ინვესტირება რისკისადმი ტოლერანტობის გათვალისწინების გარეშე, შესაძლებელია, პორტფელისთვის ფატალურად დასრულდეს. ინვესტორმა უნდა იცოდეს ფინანსური კრიზისების დროს როგორ მოახდინოს რეაგირება. ამასთანავე, ინვესტორს უნდა ესმოდეს, რომ ზოგჯერ კრიზისი ახალი შესაძლებლობებისთვის შესანიშნავი დროა — როდესაც მაღალი პოტენციალის მქონე აქციების ფასები ეცემა, საჭიროა სარისკო გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ რამდენად ტოლერანტული ხართ რისკის მიმართ, რათა საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.