შექმნეს ბიოდეგრადირებადი პლასტმასი, რომელიც ოთახის პირობებშიც ადვილად იშლება
გარემოს პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. გასული რამდენიმე წლის მანძილზე მეტი ყურადღება ექცეოდა ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პლასტმასს, თუმცა ასეთი ნივთიერებების დასაშლელად სპეციფიკური პროცესების ჩატარება იყო საჭირო. ახლახან კი მკვლევართა გუნდმა შექმნა თითქმის სრულიად ბიოდეგრადირებადი პლასტმასი, რომლის დაშლისთვის საჭირო პირობების მიღწევა საკმაოდ ადვილია.
როგორც Nature იუწყება, მეცნიერებმა პოლილაქტიდისგან (PLA) და პოლიკაპროლაქტონისგან (PCL) დამზადებულ პლასტმასში შეიყვანეს სპეციალური მოლეკულები. აღსანიშნავია, რომ PLA და PCL უკვე ფართოდ გამოიყენება კომპოსტირებადი პლასტმასების წარმოებაში. გამოყენებული სპეციალური მოლეკულები არიან ფერმენტები, რომლებსაც აქვთ უნარი, დაშალონ პლასტმასი და გადააქციონ იგი რძემჟავად (რომლითაც ნიადაგში მიკრობები იკვებებიან) როდესაც მათ შესაბამის პირობებში მოათავსებენ.
პოლიმერებში მოთავსებული ფერმენტები შემდეგ თავსდება პლასტმასის ბოჭკოში. ბოჭკო მოდიფიცირებული არაა — იგი ცალკე თავისუფლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნორმალურ პოლიესტერის პლასტმასად. დაშლა მაშინ იწყება, როდესაც ნივთიერებას წყალში ათავსებენ შედარებით მაღალ ტემპერატურაზე.
სამრეწველო კომპოსტირების პირობებში, სპეციალური PLA 50°C-ზე ექვს დღეში დაიშალა, PCL კი, 40°C-ზე — ორ დღეში. ამ მეთოდით შესაძლებელია პლასტმასის 98%-ის დეგრადირება პატარა მოლეკულებად და, რაც მთავარია, იგი მიკროპლასტმასებს არ ტოვებს.
"იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პროცესი იმაზე მეტ პრობლემას წარმოქმნის, ვიდრე აგვარებს, მაშინ რაღაცის შეცვლა გახდება საჭირო", — აღნიშნა პროფესორმა თინგ შუმ თავის განცხადებაში. "ჩვენი აზრით, სწორ გზას ვადგავართ და შეგვიძლია არაბიოდეგრადირებადი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პრობლემის გადაჭრა".
გუნდმა აღნიშნული ნივთიერების თვისებები სხვადასხვა პირობებში შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ იგი დაბალ ტემპერატურაზე და ხანმოკლე დროის მანძილზე სინესტის პირობებში არ იშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთიერების გამოყენება ტანსაცმლის სახითაც კი შეიძლება და რომ მას ოფლი და ცივი წყლით გარეცვა არ დააზიანებს. ბიოდეგრადირებადი პლასტმასი სამი თვის მანძილზე მოათავსეს ოთახის ტემპერატურაზე — ამ დროის შემდეგ იგი იგივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც თავიდან.
დაშლის პროცესის დაწყებას კი შედარებით თბილმა წყალმა შეუწყო ხელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ნივთიერების დაშლა სახლის პირობებშიც თავისუფლად შეიძლება.
"ხალხი ხშირად უარს ამბობს კომპოსტზე, რადგან ამისთვის ზედმეტად თავის შეწუხება არ უნდათ, ეს ნივთიერება კი გარკვეულწილად მოხსნის ამ პრობლემას, რადგან მისი კომპოსტირება ძალიან ადვილია", — დაამატა შუმ. "ამისთვის შეგიძლიათ შესაბამის ტემპერატურამდე გამთბარი ონკანის წყალიც გამოიყენოთ, ჩაასხათ იგი ჭურჭელში და შემდეგ მასში პლასტმასი მოათავსოთ, რომელიც სულ რამდენიმე დღეში გაუჩინარდება".
შუ და მისი გუნდი ახლა ცდილობენ, იგივე მეთოდი პლასტმასის სხვა ტიპებსაც მოარგონ და მეტი კონტროლი დაამყარონ დეგრადაციის დონეზე — ამ უკანასკნელის საშუალებით, ისინი შეძლებენ პლასტმასის ნაწილის დეგრადაციას, დანარჩენ ნაწილს კი გადასამუშავებლად და ახალი პროდუქციის საწარმოებლად დატოვებენ.
"დააკვირდით, ყოველდღიურად რამდენ რამეს ვისვრით სანაგვეზე: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ელექტრონულ მოწყობილობებს... ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად მივმართოთ დედამიწის გამოუყენებელ რესურსებს და ვნახოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია იმ ყველაფრით, რაც უკვე გვაქვს".
კომენტარები