ისტორიული მომენტი — NASA-ს შვეულმფრენმა მარსის ცაზე პირველად იფრინა
NASA-მ არამიწიერი აღმოჩენების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა — სააგენტომ, ისტორიაში პირველად, სხვა პლანეტაზე შეძლო კონტროლირებადი ფრენის განხორციელება. Ingenuity შვეულმფრენი მარსის ცაში დღეს, 19 აპრილს აფრინდა. ეს უკანასკნელი მარსზე Perseverance მოხეტიალესთან ერთად გაგზავნეს. აღსანიშნავია, რომ სტატიაში მოყვანილი ფოტოები შველუმფრენს სწორედ მოხეტიალემ გადაუღო.
მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია, ამიტომ Ingenuity-ს მსგავსი როტორიანი ხომალდის შექმნა, რომელიც ამ უკანასკნელს ასაფრენად გამოიყენებდა, მეცნიერებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ეს ასპექტი აღნიშნულ მიღწევას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ეს იყო ფუნქციურად დამოუკიდებელი ფრენა, რომელსაც ეკიპაჟი დედამიწიდან აკონტროლებდა და ბრძანებებს შესაბამის დროს უგზავნიდა იმის შესატყობინებლად, თუ როდის უნდა დაეწყო და დაესრულებინა მას 40 წამიანი ფრენა მარსის ატმოსფეროში.
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ძალიან ხანმოკლე მოგზაურობად მოგეჩვენოთ, თუმცა ამ დროის მანძილზე მას უდიდესი რაოდენობის მონაცემების მოპოვება შეუძლია. სინამდვილეში, Ingenuity-ს, Perseverance-სთან შედარებით, ბევრად უფრო მძლავრი პროცესორი აქვს, რომლის გამოყენებითაც, იგი შეაგროვებს მონაცემებს ფრენის დროს, შემდეგ გადასცემს მოხეტიალეს, რომელიც, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას დედამიწაზე გამოგზავნის.
როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო პირველი კონტროლირებადი ფრენა მარსზე. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა წინასწარ ძალიან ბევრი მოდელი და სიმულაცია შეიმუშავეს იმის განსაზღვრისთვის, თუ როგორ ჩაივლიდა ფრენის პროცესი, რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ იცოდა, თუ როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. Ingenuity-ს როტორი წუთში 2 500 ბრუნს აკეთებდა მაშინ, როდესაც დედამიწის თვითმფრინავებისთვის ეს მაჩვენებელი 400-500-ია. ამხელა განსხვავება დაკავშირებულია მარსის ძალიან თხელ ატმოსფეროსთან, რაც ბევრ ტექნოლოგიურ გამოწვევას წარმოშობს.
ისმის კითხვა: რა აზრი აქვს საერთოდ მარსზე შვეულმფრენის ამოქმედებას? პასუხი კი ისაა, რომ ამას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციური გამოყენება აქვს. პირველი რიგში, დღევანდელი მისია მომავალი კოსმოსური აღმოჩენებისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს წარმოადგენს, რაც NASA-ს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს საჰაერო მოწყობილობები მომავალი სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებსაც წითელ პლანეტაზე ჩაატარებენ.
შვეულმფრენის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ აღმოჩინონ მწვერვალები და გამოქვაბულები, რომლებსაც მოხეტიალეები ვერ აღწევენ. საბოლოოდ, NASA-ს იმედი აქვს, რომ მომავალში მეცნიერები Ingenuity საფუძველზე შეძლებენ ისეთი საჰაერო ტრანსპორტის შექმნას მარსის მომავალი მისიებისთვის, სადაც უკვე ადამიანები ადგილზევე მიიღებენ მონაწილეობას. სავარაუდოდ, მარსის მომავალი მკვლევრები შეძლებენ როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობას მაშინ, როდესაც საბოლოოდ მივაღწევთ ამ პლანეტას.
ამჟამად NASA გააგრძელებს მუშაობას Ingenuity-ს მონაცემების მიღებასა და დამუშავებაზე. დარჩენილი ენერგიითა და სხვა პარამეტრებით იგეგმება კიდევ რამდენიმე სატესტო ფრენა, მთავარი კი ისაა, რომ Ingenuity-მ თავისი მთავარი მისია უკვე შეასრულა.
კომენტარები