საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ხოლო ევროსთან — გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,4232 ლარი გახდა, რაც 0,28 თეთრით გამყარებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 1,52 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 4,0798 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 15 თეთრით, ხოლო ევროსთან — 5,7 თეთრით არის გაუფასურებული.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ხუთი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 187,5 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი პირველ აპრილს შედგა, სადაც ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 27,5 მილიონი დოლარი გაიყიდა. 31 მარტის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვების საერთო მოცულობა 4,1 მილიარდი დოლარია.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, ცამეტ აპრილს შევა ძალაში.