ნახეთ: მაიმუნი ილონ მასკის ტვინის იმპლანტით Pong-ს გონებით თამაშობს — ვიდეო
ილონ მასკის კომპანია — Neuralink-მა, რომელიც ნეირონული ინტერფეისების შექმნაზეა ორიენტირებული, ცოტა ხნის წინ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც მაიმუნი ეკრანზე კურსორის ნავიგაციას მხოლოდ გონების გამოყენებით ახერხებს.
ნარატორის მიხედვით, პეიჯერს, 9 წლის მაკაკას, Neuralink-ის იმპლანტი ვიდეოს გადაღებამდე დაახლოებით 6 კვირის წინ შეუყვანეს. თავდაპირველად, მან ჯოისტიკის გამოყენებით ისწავლა თამაში, რისთვისაც ბანანის სასმელით აჯილდოვებდნენ. ამ დროს კი, Neuralink-ის მოწყობილობა იწერდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ნეირონები აქტიურდებოდა თამაშისას. ამ ინფორმაციის საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს მაიმუნის კიდურების მოძრაობის პროგნოზირება. ნიმუშების შესწავლის შემდეგ, ჯოისტიკი, რომელსაც პეიჯერი იყენებდა, კომპიუტერიდან გამოაერთეს, მაიმუნმა კი მხოლოდ თავისი გონების გამოყენებით გააგრძელა თამაში.
ამ სტილის სამეცნიერო ვიდეო ნამდვილად უჩვეულოა. ჩვეულებრივ, ასეთი შინაარსის ვიდეოები წარმოადგენს დამატებით მასალას სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული რეცენზირებული კვლევებისთვის. ეს მოხსენებები შეიცავს მონაცემებს, რომელთა შემოწმება სხვა მეცნიერებისთვისაცაა შესაძლებელი.
ამ ამბავში დაუჯერებელი არაფერია, თუ გავიხსენებთ, რომ პარალიზებული ადამიანები უკვე იყენებენ რობოტულ ხელებს და არა Neuralink-ის, არამედ სხვა იმპლანტების საშუალებით ლუდის დალევაც შეუძლიათ.
2019 წლის ივლისში მასკმა განაცხადა, რომ მაიმუნს უკვე შეეძლო კომპიუტერის კონტროლი Neuralink-ის იმპლანტის საშუალებით. მას შემდეგ ვიხილეთ Neuralink-ის დემონსტრაცია ღორებზე. ახლა კი, მასკმა Twitter-ზე დაპოსტა, რომ მისი კომპანიის იმპლანტებმა, შესაძლოა, პარალიზებულ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, იმაზე სწრაფად დატვიტონ რამე, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ადამიანები საკუთარი სმარტფონებისა და თითების გამოყენებით აკეთებენ.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო მიზნებს, მასკის ტვიტის მიხედვით, ისინი გეგმავენ ისეთი მოწყობილობების შექმნას, რომელიც ტვინის Neuralink იმპლანტს დაუკავშირებს Neuralink-ს სხეულის სხვა ნერვულ კლასტერებში — "ეს ქვედა კიდურების დამბლის მქონე ადამიანებს საკუთარი ფეხებით სიარულის საშუალებას მისცემს".
კომენტარები