რა არის დივიდენდი?
ინვესტორებს, რომლებიც საკუთარ ფულად სახსრებს აქციებში აბანდებენ, მოგების მიღება ორი გზით შეუძლიათ: მათ მიერ შეძენილ აქციებზე ფასების ზრდის საშუალებით და კომპანიის მოგების განაწილებით. კომპანიის მიერ საკუთარი აქციონერებისთვის განაწილებულ მოგებას დივიდენდი ეწოდება. კომპანიები, ძირითადად, დივიდენდებს კვარტალურად იხდიან, თუმცა ამასთან, შეუძლიათ, აქციონერებზე მოგება არ გაანაწილონ და თანხების რეინვესტირება მოახდინონ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანხა შესაძლოა გამოიყენონ მეტი თანამშრომლის დაქირავების, წარმოების ზრდისა და სხვა დანიშნულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადად, დივიდენდებს იხდიან ის კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში ოპერირებენ და არა ისეთები, რომლებსაც საქმიანობა ახალი დაწყებული აქვთ. მაგალითად, როგორც წესი, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები მძლავრი ფინანსური შესაძლებლობებით გამოირჩევიან, ამასთან, სტაბილური მოგებაც აქვთ და საკუთარი აქციონერებისთვის დივიდენდები გადახდაც შეუძლიათ. რაც შეეხება შედარებით ახალგაზრდა ფირმებს, ისეთებს, როგორიც ზოგიერთი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა, ისინი წარმოების ზრდაზე არიან ორიენტირებულნი და ცდილობენ, რომ მიღებული მოგება კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენონ. ასე მაგალითად, კომპანია NextEra Energy-მ გასული წლის მესამე კვარტალში დივიდენდის სახით თითო აქციისთვის 1,4 დოლარი გადაიხადა, ხოლო კომპანია GoPro-ს იმავე საანგარიშო პერიოდში დივიდენდი არ გაუცია.
როგორ გაიცემა დივიდენდი?
კომპანიებს დივიდენდების გაცემის ვალდებულება არ აქვთ. მათ შეუძლიათ მოგების განაწილების პოლიტიკა საკუთარი მიზნებიდან და გეგმებიდან გამომდინარე შეიმუშაონ. როგორც წესი, ბაზარზე ახლადგაჩენილი ფირმები დივიდენდების გაცემას არ ჩქარობენ. ისინი ფულადი სახსრების კომპანიის განვითარებისთვის მიმართვას ამჯობინებენ.
კომპანიების მიერ აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდის საკითხი დირექტორთა საბჭოს დონეზე მტკიცდება. საბჭოში კომპანიის მრჩევლები აქციონერების ინტერესების შესაბამისად არიან არჩეულნი. აქციონერებისთვის მოგების განაწილების ვადებს კომპანიის მენეჯმენტი წყვეტს, ხოლო დივიდენდების გაცემა-არ გაცემის საკითხი კომპანიის მმართველი საბჭოს დონეზე წყდება.
როგორი კომპანიები იხდიან დივიდენდებს?
როგორც უკვე აღინიშნა, მოგების განაწილების პოლიტიკის შემუშავებისას კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება მათი ბიზნესი. როგორც წესი, შედარებით ახალგაზრდა კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის ფაზაში არიან, დივიდენდებს არ გასცემენ. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მდგომარეობაშია მათი აქციები:
მზარდი აქციები: როდესაც კომპანიის აქციები მზარდია, მისთვის შემოსავლების ხელახალი ინვესტირება მეტად ხელსაყრელია, ვიდრე აქციონერებისთვის მოგების განაწილება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორს მოგება კომპანიის აქციებზე ფასების ზრდამაც შეიძლება მოუტანოს.
სტაბილური აქციები: თუ კოპანიის აქციების ღირებულებამ მასშტაბური ზრდის ტემპები წარსულში მოიტოვა და ახლა მისი მდგომარეობა შესაშურად სტაბულირია, მას შეუძლია მომავალზე ორიენტირებული რეინვესტირების ნაცვლად, აქციონერები დივიდენდების გაცემით დააჯილდოვოს.
უნდა აღინიშნოს, რომ სავსებით შესაძლებელია ახლადშექმნილმა ან მცირე ზომის კომპანიამაც გადაწყვიტოს დივიდენდების გაცემა — ეს მხოლოდ კომპანიის მიზნებზე, ზრდის ტემპსა და სამომავლო სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
დივიდენდის მიღებასთან დაკავშირებული თარიღები
თუ შეიძინეთ აქციები და კომპანიისგან დივიდენდის მიღება გსურთ, თარიღებთან დაკავშირებულ რამდენიმე ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
განცხადების თარიღი: ეს არის ის თარიღი, როდესაც კომპანიის მმართველი საბჭო დივიდენდის გაცემის შესახებ აცხადებს. განცხადება დივიდენდის ოდენობის, ჩანაწერის თარიღისა და გადახდის თარიღის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს.
ვადის გასვლის თარიღი: აქ დივიდენდის ვადის გასვლის თარიღი იგულისხმება. ის აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან თუ ინვესტორი აქციას ვადის გასვლის დღეს ან მომდევნო პერიოდში შეიძენს, დივიდენდს ვერ მიიღებს. კომპანიის მოგება განაწილდება იმ აქციონერებზე, რომლებიც აქციებს ვადის გასვლამდე მინიმუმ ერთი სამუშაო დღით ადრე ფლობდნენ.
ჩანაწერის თარიღი: ეს ის თარიღია, როდესაც თქვენი სახელი კომპანიის აქციონერებს შორის ოფიციალურად უნდა ფიქსირდებოდეს. გასათვალისწინებელია, რომ აქციების შეძენისას ოფიციალურ გაფორმებას დრო სჭირდება — დარწმუნდით, რომ ჩანაწერების შემოწმების დროს კომპანიის ოფიციალურ აქციონერებს შორის იქნებით.
გადახდის თარიღი: ეს დივიდენდის გაცემის თარიღია. ამ დღეს კომპანია მეწილეებს ფულს ურიცხავს.
დივიდენდების გავლენა აქციების ფასებზე
დივიდენდმა შესაძლოა ბაზარს მნიშვნელოვანი სიგნალები გაუგზავნოს იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მუშაობს კომპანია. ეს ნიშნავს იმას, რომ დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელია კომპანიის აქციების ფასების ზრდა ან დაცემა გამოიწვიოს.
როგორ შეიძლება დივიდენდმა აქციების ფასი გაზარდოს? — მაშინ, როდესაც კომპანია ახალი, ან გაზრდილი დივიდენდების შესახებ ინფორმასიას აანონსებს, მისი აქციების მიმართ მიმზიდველობა იზრდება.
როგორ შეიძლება დივიდენდმა აქციების ფასი შეამციროს? — როდესაც კომპანია დივიდენდის შემცირების შესახებ აცხადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას საქმიანობა გაურთულდა და სამომავლოდ ნაკლებ მოგებას ელის. ბუნებრივია, ეს მის აქციების ფასზე უარყოფითად აისახება. ამიტომ კომპანიები დივიდენდების გაცემას აანონსებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ფინანსურ სტაბილურობას აღწევენ.
როგორ ანაწილებენ კომპანიები მოგებას?
როგორც წესი, დივიდენდებს გასცემენ ის კომპანიები, რომელთა ბიზნესიც მომგებიანია. გარდა დივიდენდების გაცემისა, კომპანიები საკუთარ შემოსავლებს მიმდინარე დავალიანებების დაფარვისა და რეინვესტირებისთვისაც იყენებენ.
მენეჯმენტმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა მიმართულება მისცეს კომპანიის შემოსავლებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მენეჯერებმა და აქციონერებმა ერთმანეთის საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინონ, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატებაზე აისახება.
დივიდენდების ამონაგები
ინვესტორისთვის საკუთარი ფულადი სახსრების ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვანია. მან ზუსტად უნდა იცოდეს, რამდენად სარფიანი ინვესტიცია განახორციელა. დივიდენდის ამონაგების მაჩვენებელი გამოხატავს კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდის ფარდობას საკუთარი აქციების ფასთან. აღნიშნულ მაჩვენებელს ხშირად ადარებენ ობლიგაციის კუპონის განაკვეთს, რადგან ორივე მათგანი ფულადი შემოსავლის იმ ოდენობას ზომავს, რომელსაც ინვესტორები საკუთარ მფლობელობაში არსებული ინვესტიციების ფასებთან შედარებით იღებენ.
კომპანიები, რომლებსაც დივიდენდის მაღალი ამონაგები აქვთ, ძირითადად კონსერვატიული ინვესტორებისთვის არიან მიმზიდველნი. კონსერვატიული ინვესტორები დაბალი რისკიანობით გამოირჩევიან და უპირატესობას პროგნოზირებადი შემოსავლის მიღებას ანიჭებენ. ის ინვესტორები კი, რომლებიც საკუთარ ფულს დაბალი, ან ნულოვანი შემოსავლის მქონე აქციებში აბანდებენ, ძირითადად სამომავლო პერსპექტივაზე არიან ორიენტირებულნი. ინვესტორის მხრიდან მსგავს აქციებში ფულის ჩადება ერთგვარი რისკიც არის, რაც შესაძლოა წამგებიანიც აღმოჩნდეს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები