8 გზა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად
გვინდა თუ არ გვინდა ეს, ყველანი ხილულ და უხილავ დედლაინებში ვართ მოქცეული. ყოველი საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, დაწყებასთან ერთად დასრულებასაც მოითხოვს, თუმცა, ხანდახან ძალიან რთულია, საკუთარი თავი აიძულო და ბოლომდე მიიყვანო ის, რასაც ხელი მოკიდე.
არა, ეს არც დღემეხვალიეობა, იგივე პროკრასტინაცია და არც სიზარმაცე არ არის.
ამ შემთხვევაში პრობლემა არა საქმის დაწყება, ან კეთება, არამედ მისი დასრულებაა. გარკვეულწილად, ეს არის დასასრულის ირაციონალური შიში — ვუფრთხით იმას, რაც, საბოლოოდ გამოვა და გვეშინია ზუსტად იმის, რომ ვერ გამოვა.
იწყებ ერთს, ტოვებ შუა გზაზე, იწყებ მეორეს, რომელსაც იგივე ბედი ეწევა და ასე დაუსრულებლად — ამგვარი პროცესი განსაკუთრებით ნაცნობი ალბათ ხელოვანებისთვის, ან იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მნიშვნელობა არ აქვს, ხატავთ თუ წერთ, ან რას წერთ — მხატვრულ ნაწარმოებს თუ საკურსო ნაშრომს; შრომას აზრს სწორედ მისი დასრულება სძენს.
ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დასასრულის შიშის დაძლევასა და საქმის ნებისმიერ ფასად დამთავრებაში დაგეხმარებათ.
1. გაანდე მეგობარს/ახლობელს, რომ საქმიანობ
ინგლისურში არსებობს გამოთქმა — A problem shared is a problem halved — "გაზიარებული პრობლემა განახევრებულია". მეგობრისთვის ან ახლობელი ადამიანისათვის იმის გამხელას, რომ რაღაც დასამთავრებელი გაქვს, ორმაგი სარგებელი აქვს. ერთი მხრივ, თუ ჩიხში მოექეცი და დახმარებას გარეთ ეძებ, ყოველთვის იცი, ვის მიმართო. მეორე მხრივ, როცა ვიღაცამ იცის, რომ საქმიანობ (აუცილებელი არაა, იცოდეს, რას საქმიანობ), ნებსით თუ უნებლიეთ "წნეხს" გრძნობ — ერთგვარ პასუხისმგებლობას იმის ცოდნით, რომ შენს პროგრესს თვალს ადევნებენ.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ტოქსიკური წნეხებისგან თავისუფალ გარემოში იმუშაო. თუკი არ გეგულება ისეთი ადამიანი, რომლისთვის პრობლემის გაზიარებით იგი არ გაორმაგდება, აჯობებს, თავი შეიკავო. მხარდამჭერ მეგობარს პროცესში მოტივატორის როლი უნდა ჰქონდეს და თუ ეს ასე არ არის, სჯობს, მთელი პრობლემა ისევ საკუთარ თავზე ვიტვირთოთ.
2. დასახე "დანიშნულების ადგილი"
მნიშვნელოვანია, იცოდე, სად მიდიხარ, რათა სამოქმედო გეგმა მის მიხედვით შეადგინო. თუკი, მაგალითად, რაიმეს წერ, სასურველია, დასასრულის შესახებ დაახლოებითი წარმოდგენა მაინც გქონდეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ჰარი პოტერის საგის შემქმნელმა ჯოან როულინგმა ბოლო წიგნის დასასრული ჯერ კიდევ პირველი წიგნის გამოსვლამდე დაწერა. ამგვარად მან იცოდა, საით ჰქონდა გეზი აღებული, შემდგომ კი ნელ-ნელა ამოავსო სივრცე დასაწყისსა და დასასრულს შორის.
"დანიშნულების ადგილი" ის სასურველი შედეგია, რომლის მიღწევაც გსურს. ამის ცოდნა დაგეხმარება, როგორც პირველადი სამუშაოს დამთავრებაში, ასევე უკვე დასრულებულის დახვეწასა და სრულყოფაში.
3. დაყავი და იბატონე
როცა გეცოდინება, საით გაგიწევია, სამოქმედო გეგმის დასახვის დრო დგება. დღემეხვალიეობასთან საბრძოლველად რომ ერთ-ერთი იარაღი საქმის პატარ-პატარა დავალებებად დაყოფაა, ეს აქამდეც აღგვინიშნავს. თუმცა, ამ ხერხს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მაშინაც, როცა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ლამობ.
როცა გაწერილი გეგმა გექნება თავისი პატარ-პატარა ამოცანებით, ადვილად შეგიძლია ნებისმიერი ამოარჩიო და ის დაასრულო. მუშაობის პროცესში და, რა თქმა უნდა, ნამუშევრის ხარისხისთვისაც, მოტივაცია და შემართება მნიშვნელოვანია; და, რადგან ამ ორ რამეს საკუთარ თავს ვერ დააძალებ, ამოირჩიე დიდი საქმის ის პატარა დავალება, რომლის კეთების ხასიათზეც ხარ და მიიყვანე იგი ბოლომდე. ეს კმაყოფილების შეგრძნებასაც მოგანიჭებს და გაგრძელების სურვილს გაგიჩენს.
4. დაასაჩუქრე საკუთარი თავი
საკუთარი პროგრესისათვის თვალის დევნება არა მხოლოდ მეგობრის, არამედ შენი საქმეცაა. დაყოფილი დავალებების შესრულების მსგავსად, კმაყოფილების და მოტივაციის მომნიჭებელია, როცა პროგრესის ზოლს თვალს ადევნებ და გულშემატკივრობ, როდის მიაღწევს 100 პროცენტს.
ამასთან, პროგრესის ზოლი შეგიძლია საკვანძო წერტილებად დაყო; მაგალითად, 30, 50 და 70 პროცენტი. როცა თითოეულ მათგანს მიაღწევ, საკუთარი თავი წაახალისე ნებისმიერი სახის საჩუქრით — იქნება ეს ტკბილეული თუ მეგობრებთან დროის გატარება.
5. იმუშავე ნებისმიერ ფასად
ხელოვანებს თითქმის ყველანაირი საქმიანობის თუ უსაქმურობის რომანტიზება შეუძლიათ, ამიტომ, ხშირად ცდილობენ, მაქსიმალურად გაწელონ დრო მუშაობის დასრულებამდე და ყველაფერი მუზის არყოფნას დააბრალონ. ასე და ამგვარად ხდება, რომ ხშირად დასრულებულზე მეტი დასასრულებელი ნამუშევარი გვიგროვდება.
არაერთი ბესტსელერის ავტორი, ამერიკელი მწერალი რუტა სეპეტისი მუზას სულაც არ ანიჭებს განსაკუთრებულ ყურადღებას:
"ის ფაქტი, რომ შენს ცხოვრებაში მუზა ერთხელ გამოჩნდა, არ ნიშნავს, რომ იგი მუდამ აქ იქნება, გაცდუნებს, წინ გაგიძღვება", — ამბობს სეპეტისი, — "ასე არ არის. უნდა იმუშაო, რათა კარზე მანამ დააკაკუნო, სანამ მუზა მას შეაღებს".
6. თავიდან მოიშორე გასართობი
გასართობი, იგივე თავშესაქცევი (ინგლ. distraction) არასდროს დაილევა. თუმცა, როცა საქმის დასრულებას გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ვარიდებთ თავს, შესაძლოა, ხელოვნურადაც გავზარდოთ თავშესაქცევის რაოდენობა — მათ შორის იმ საქმეებით, რომლებიც ასევე დასამთავრებელი გვაქვს, მაგრამ ამ დროისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია
სამოქმედო გეგმის შედგენის შემდეგ შესაძლებელია მათი პრიორიტეტულობის მიხედვით ჩამოწერა და იმის განსაზღვრა, რა უფრო მნიშვნელოვანია — მაგალითად, დასაწყისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ დანიშნულების ადგილის გამოყოფაა, შემდეგ კი სამოქმედო გეგმის დაწერა. პირიქით გაკეთების შემთხვევაში, დიდად სავარაუდოა, ამ პატარა დავალებისთვის გაწეული შრომაც კი ფუჭი აღმოჩნდეს — უსასრულოდ ჩამოწერთ საქმეებს, რადგან არ იცით, "სად მიდიხართ".
7. იმუშავე მოტივაციით და არა დაძალებით
მიუხედავად ზემოხსენებული "ნებისმიერ ფასად" მუშაობისა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, ეს პროცესი სიამოვნებასთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამიტომ გირჩიეთ საქმეების დაყოფა, პრობლემის მეგობრისთვის განდობა და საკუთარი თავის დასაჩუქრება. ყველა ეს აქტივობა მოტივაციის გაზრდაში, არანაკლებ მის შენარჩუნებაში დაგეხმარება.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მუშაობით სიამოვნების მისაღებად, არამედ სწორად და გამიზნულად მოქმედებისთვისაც. თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როცა დაძალებით შედეგი, მით უმეტეს, სასურველი შედეგი მიიღება. დარწმუნებული იყავი, რომ ასეთ მოქმედებას მხოლოდ უკურეაქცია თუ მოჰყვება — რაც მეტად აიძულებ თავს, რომ საქმე დაასრულო, მით უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი.
8. ნუ იდარდებ
დაბოლოს — არ ღირს წინასწარ ჯავრი იმაზე, თუ რა შედეგი იქნება ბოლოს. იგი შეიძლება ცუდიც იყოს, თუმცა, გამოსწორების საშუალება ყოველთვის არსებობს. თუკი, მაგალითად, რაიმეს წერ, ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტადაც რომ წერის დასრულებაა, რადგან, სხვაგვარად, მეორე ეტაპზე — რედაქტირებაზე — ვერც გადახვალ.
არ იღელვო არც დროზე და არც ხილულ თუ უხილავ დედლაინზე. უნდა გახსოვდეს, რომ ყველანაირ საქმეს თუ მის გარშემო არსებულ გარემოებებს თავადვე ანიჭებ მნიშვნელობას.
კომენტარები